კარიბის ზღვაში ნაგვის კუნძული აღმოაჩინეს | Allnews.Ge

კარიბის ზღვაში ნაგვის კუნძული აღმოაჩინეს

კარიბის ზღვაში, ჰონდურასსა და გვატემალას შორის ნაგვის უზარმაზარი გროვა აღმოაჩინეს. ამ კუნძულად ქცეულ სანაგვაზე პირველად ინფორმაცია ბრიტანელმა ფოტოგრაფმა კაროლინა პაუერმა გაავრცელა. ოკეანეში, ამ კონკრეტულ ადგილზე, ბევრი საყოფაცხოვრებო ნარჩენი დაგროვდა, მათ შორის, პოლიეთილენის ბოთლები, ერთჯერადი თეფშები, ჭიქები და სხვა სახის ერთჯერადი ჭურჭელი. კუნძულად ქცეული სანაგვის სიგრძე 3 კილომეტრია, სიგანე კი 30 მეტრს აღწევს. ფოტოგრაფის თქმით, ფოტოები ვითარებას რეალური სიმწვავით ვერ გადმოსცემენ, რადგან ნაგვისგან შექმნილი კუნძული გაცილებით უფრო შემაშფოთებელი და საშინელი სანახავია. კაროლინა პაუერის თქმით, იმის წარმოდგენაც კი რთულია, რომ ასეთი რაღაც შეიძლება ოკეანეში იყოს.

"ამის დაჯერება ძალიან რთული იყო, ნაგავი ყველგან იყო მოდებული, როდესაც ისეთ ადგილამდე მივედით, რომელზე უარესიც, ერთი შეხედვით, აღარაფერი შეიძლება ყოფილიყო, ვხედავდით, რომ წინ სულ უფრო მეტი ნაგავი და სიბინძურე ტივტივებდა" - განმარტა ბრიტანელმა ფოტოგრაფმა კაროლინა ფაუერმა.

აღსანიშნავია, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, წელიწადში დაახლოებით 13 მილიარდ პოლიეთილენის ბოთლს მყარი ნარჩენის სახით ტოვებს ბუნებაში, მათგან მხოლოდ 3 მილიარდის გადამუშავება ხდება. დანარჩენი კი ნაგავსაყრელებზე ხვდება. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ნაგავს, რომელსაც ურნაში აგდებს კონტეინერზე ხვდება და ამით სრულდება ყველაფერი. მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან მყარი ნარჩენების დიდი ნაწილი ოკეანებსა და ზღვებში კონცენტრირდება და წყლის ბინადრების სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

მალე ოკეანეებში უფრო მეტი პოლიეთილენი იქნება, ვიდრე თევზი

ოკეანეში ძალიან ბევრი საყოფაცხოვრებო და სამეწარმეო ნარჩენი იყრის თავს, თუმცა, აქედან 90% პოლიეთილენის ნაწარმია. სწორედ ამიტომ, ალბათ, ღირს, ყველა ქვეყანამ გადახედოს საკუთარ კანონმდებლობას და აწარმოოს გარემოსთვის უფრო მეგობრული პროდუქცია პოლიეთილენის ნაცვლად.

myquiz