რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია გადაღლილობას? - თერაპევტის რჩევები | Allnews.Ge

რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია გადაღლილობას? - თერაპევტის რჩევები

მიმიმდინარე თვეში საერთაშორისო მედია იაპონიაში მომხდარ შემთხვევაზე ალაპარაკდა, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ დაფიქსირდა. საკითხი ჟურნალისტის გარდაცვალებას ეხებოდა, გარდაცვალებების მიზეზად კი გადაჭარბებული სამუშაო საათები და შედეგად გამოწვეული გადაღლილობა სახელდებოდა.

Allnews.ge დაინტერესდა ჯანმრთელობის მხრივ რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია გადაღლილობას და მასთან დაკავშირებულ სტრესს და შესაძლოა თუ არა, რომ გადაღლილობამ ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ჟურნალისტის კითხვებს თერაპევტი ხათუნა ლეჟავა პასუხობდა.

რა სიმპტომები შეგვიძლია მივაკუთვნოთ გადაღლილობას?

გადაღლილობის სიმპტომებად შეგვიძლია მივიჩნიოთ საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, უხასიათობა უმადობა, მაგრამ ვერ ვიტყვით თავიდანვე, რომ ეს არის გადაღლილობა. თუ რამე პრობლემები გაჩნდა, პაციენტმა თუნდაც ოჯახის ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია, რადგან პაციენტს რომ ჰგონია რომ გადაღლილობა სჭირს, შეიძლება ამ სიმპტომების უკან დაავადების მიმდინარეობა იმალებოდეს. ამიტომ სასურველია მიმართოს ექიმს ჩაიტაროს თუნდაც სისხლის საერთო ანალიზი, გამორიცხოს დაავადება, რადგან ზოგადი სისუსტე, რაც გადაღლილობას ახასიათებს, შეიძლება იყოს ანემიის სიმპტომიც. ამიტომ მან უნდა გამორიცხოს, პირველ რიგში, დაავადებები და თუ ლაბორატორიული კვლევით არაფერი გამოვლინდა მაშინ ჩათვალოს, რომ გადაღლილობა სჭირს.

როგორ ავარიდოთ თავი გადაღლილობას?

უნდა ვიმუშაოთ 8-საათიანი სამუშაო დღე. ჯერ, პირველ რიგში, უნდა ვიკვებოთ სრულფასოვნად, რაც იმას გულისხმობს, რომ დღეში 3-4-ჯერ უნდა მივიღოთ საკვები, რომელიც მდიდარი იქნება, როგორც ხილით, ასევე ბოსტნეულით. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი იყოს გამოძინებული. საკმარისად უნდა ეძინოს, 7-8 საათიანი ძილი აუცილებელია, რომ არ განიცადოს გადაღლილობა. უნდა მოახერხოს და გარკვეული დრო დაუთმოს სუფთა ჰაერზე სეირნობას ანუ რასაც ჩვენ ვეძახით ჯანსაღი ცხოვრების წესს. თამბაქოს მოწევისა და გადამეტებული ალკოჰოლის მიღების გარეშე.

ზომიერად ერთი ჭიქა წითელი ღვინო, მოგეხსენებათ, რომ დამტკიცებულია, რომ ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ძილი და სწორი კვება აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რა პრობლემები შეიძლება წარმოშვას გადაღლილობამ?

გადაღლილობამ შეიძლება გამოიწვიოს საშუალო ასაკის ადამიანში არტერიული წნევის მატება, ანუ ცვალებადობა. შეიძლება ზოგიერთ ადამიანს დაუქვეითდეს არტერიული წნევა და თუ ასე გაგრძელდება და ადამიანმა ვერ მოახერხა გადაღლილობის სიმპტომების მოხსნა შესაძლოა ჩამოყალიბდეს არტერიული ჰიპერტენზია. მუდმივი გადაღლილობა ძალიან ცუდი შედეგით შეიძლება დამთავრდეს. მუდმივად მაღალი არტერიული წნევა ინსულტისა და ინფარქტის რისკფაქტორია.

როგორც ექიმმა გვითხრა იმისთვის, რომ საკუთარი ორგანიზმი საფრთხის წინაშე არ დავაყენოთ და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გავიმწვავოთ, აუცილებელი სწორი კვება, 7-8 საათიანი ძილი და ფიზიკური აქტივობა. ამ სამი კომპონენტის გარეშე ყოველდღიურ სტრესთან გამკლავება გაგვიჭირდება.

myquiz