გიგანტურ პანდებს გადაშენება აღარ ემუქრებათ | Allnews.Ge

გიგანტურ პანდებს გადაშენება აღარ ემუქრებათ

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (International Union for Conservation of Nature and Natural Resources) წითელ წიგნში დიდი პანდები გადაშენების ზღვარზე მყოფი ცხოველების კატეგორიიდან მოწყვლად ცხოველთა კატეგორიაში გადაიყვანა. ამის შესახებ ბუნების მსოფლიო ფონდის საიტი იუწყება.

"საშიშროების დონის დაწევა იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთის მთავრობის მიერ ათეულობით წლების მანძილზე მიღებულმა ზომებმა გაამართლა და ასეთი მნიშვნელოვანი სახეობების გადარჩენისთვის გაწეულ ხარჯებს შედეგი მოაქვს", - ამბობს ჩინეთში WWF-ის აღმასრულებელი დირექტორი ლო ძე პინი.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის ანგარიშის მიხედვით, 2004-2014 წლებში ჩინეთში დიდი პანდების პოპულაცია 1596-დან 1864-მდე გაიზარდა. BBC News-ს ინფორმაციით, სულ მსოფლიოში, ამ სახეობის 2060 ცხოველი არსებობს.

დიდი პანდა - ბუნების მსოფლიო ფონდის სიმბოლო და ჩინეთის არაოფიციალური ეროვნული ემბლემაა. ის ძირითადად ცენტრალური ჩინეთის სამხრეთით მდებარე მთების ცივ, ნესტიან ტყეებში, 1200-4000 მეტრის სიმაღლეზე ბინადრობს. სწორედ იქ იზრდება მისი საყვარელი საკვები ბამბუკი.

პანდები იშვიათად ცხოვრობენ ოჯახებში, ისინი თავს არიდებენ ერთმანეთს და მარტოობას ამჯობინებენ. გიგანტური პანდა ძირითადად ღამით აქტიურობს, რადგან დღის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს. ძილისთვის იგი კლდის მიყრუებულ ადგილს, ან ხის ფუღუროს ირჩევს. შებინდებისას იღვიძებს და გათენებამდე აქტიურია.

myquiz