ევროკავშირი დიდი სიმძლავრის მქონე ტოსტერებისა და ჩაიდნების აკრძალვაზე მუშაობას აგრძელებს | Allnews.Ge

ევროკავშირი დიდი სიმძლავრის მქონე ტოსტერებისა და ჩაიდნების აკრძალვაზე მუშაობას აგრძელებს

ევროკავშირში დიდი სიმძლავრის მქონე ელექტრომოწყობილობების აკრძალვაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი რეფერენდუმის გამო აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას ჯერჯერობით არ აპირებენ.

კერძოდ, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ დროებით გადადო იმ დირექტივის მიღება, რომელიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობების სიმძლავრეს დაარეგულირებს.

გეგმის თანახმად, შესაბამის სტრუქტურებს უნდა მიეღოთ დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე მაღალი სიმძლავრის მქონე თმის საშრობებს, ჩაიდნებს, ტოსტერებსა და სხვა მოწყობილობებს აკრძალავს. თუმცა ახლა ბრიუსელში შიშობენ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე უარყოფითი რეაქცია ექნება ლონდონს, სადაც ზაფხულში ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდება.

ბრიუსელის მსგავსი შეზღუდვები როგორც წესი, ბრიტანელების რისხვას იწვევს. მაგალითად, როდესაც ევროპელმა ჩინოვნიკებმა მაღალი სიმძლავრის მტვერსასრუტები აკრძალეს, დიდ ბრიტანეთში ამას საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა.

ბრიუსელში შესაბამის დირექტივაზე 2014 წლიდან მუშაობენ. ამ დოკუმენტის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის ტერიტორიაზე აიკრძალება ტელეფონების, ლიფტების, ფენების და იმ მოწყობილობების გაყიდვა, რომელიც დაწესებულ სიმძლავრეს აღემატება.

ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ ამ გზით შემცირდება ელექტრომოხმარება და 2030 წლისთვის დასავლეთი ატმოსფეროში ნახშირჟანგის გაფრქვევის მოცულობის მნიშვნელოვნად შემცირებას შეძლებს.

ამასთანავე, ბრიუსელი იმედოვნებს, რომ ამ დირექტივის ამოქმედების შემდეგ ელექტრომოწყობილობების მწარმოებლები პროდუქციის ხარისხს აამაღლებენ, თუმცა დიდ ბრიტანეთში ამ ინიციატივამ სათანადო დაფასება მაინც ვერ მოიპოვა.

ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ახალი კანონი გახდება კიდევ ერთი დასტური, რომ "ბრიუსელის ბიუროკრატიული მანქანა" რიგითი მოქალაქეების ცხოვრების ყველა დეტალის გაკონტროლებას ცდილობს.

მათი მტკიცებით, ევროკავშირი ამ დირექტივით ცდილობს, ბრიტანელები ტრადიციული ჩაისა და ტოსტების გარეშე დატოვოს.

"მათ შეუძლიათ, ჩაი და ტოსტები წაგვართვან, მაგრამ თავისუფლებას ვერასდროს წაგვართმევენ. თუ რეფერენდუმზე გასვლას დავუჭერთ მხარს, ჩვენს ერთსაც შევინარჩუნებთ და მეორესაც", - აცხადებს ევროკავშირიდან გასვლის მოძრაობის ოფიციალური წარმომადგენელი ბრაიან მონტეიტი.

ტრადიციულად, ჩაი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი პროდუქტია, სწორედ ამიტომ, ამ დირექტივის ამოქმედების შემთხვევაში ყველაზე მეტად დიდი ბრტიანეთი დაზარალდება, რადგან ევროკავშირში წარმოებული ჩაიდნების 1/3 სწორედ ბრიტანეთში იყიდება.

თუ ამას ტოსტერების გაყიდვის აკრძალვაც დაემატა, არ არის გამორიცხული, რომ ბრიტანელები რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას დაუჭერენ მხარს.

როგორც Financial Times-ი აღნიშნავს, უკვე დიდი ხანია ბრიტანელების სიყვარულს ჩაისა და ტოსტების მიმართ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ. მაგალითად, ფეხბურთის მატჩის ან პოპულარული ტელესერიალის ტრანსლირების დროს დიდი ბრიტანეთის ელექტროქსელები საფრანგეთსა და ნიდერლანდებს მიმართავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობა დიდ ბრიტანეთს წყალქვეშა კაბელებით მიაწოდონ.

ბრიტანელების პროტესტის მიუხედავად, ევროკომისია პოზიციების დათმობას არ აპირებს და ელექტრომოწყობილობების აკრძალვის დირექტივის განხილვას რეფერენდუმის ჩატარებისთანავე, მიმდინარე წლის შემოდგომაზე აპირებს.

myquiz