სინესთეზიის ფენომენი ანუ, როცა ლურჯ ფერს ჟოლოს გემო აქვს | Allnews.Ge

სინესთეზიის ფენომენი ანუ, როცა ლურჯ ფერს ჟოლოს გემო აქვს

არსებობენ ადამიანები, რომლებიც სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. მათ მარმარილოს მუსიკა ესმით და სიბნელის გემო იციან.

ასეთ ადამიანებს სინესთეტებს უწოდებენ და მათ სინესთეზიის ნიჭი აქვთ.

უნიკალური ფენომენი, ბოლომდე შესწავლი დღემდე არ არის.

სამყაროს შეცნობაში ჩვენ  გრძნობის ორგანოები გვეხმარება: ენაზე განთავსებული რეცეპტორებით გემოს ვგრძნობთ, ყურებით ხმა გვესმის, თვალებით ვხედავთ, მაგრამ სინესთეზიის მქონე ადამიანები სამყაროს ერთოდროულად რამდენიმე ორგანოს საშუალებით აღიქვამენ.

სინესთეზია (synaisthesis) - ბერძნული სიტყვაა და შერეულ ან ერთდროულ შეგრძნებას ნიშნავს.

მეცნიერული ენით, სინესთეზია წარმოადგენს რეალობის აღქმის ისეთ მოვლენას, როცა გრძნობის ერთი ორგანოს, ამოქმედების დროს ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომელიც ამ ორგანოსთვის დამახასიათებელი არ არის.

მაგალითად, ადამიანი სიბნელეში ყოდნის დროს, სიბნელის გემოს გრძნობს.

ეს ჰალუცინაცია არ არის, ეს რეალური გრძნობების კომპლექსია.

ნეიროფიზიოლოგები დღემდე ვერ თანხმდებიან, თუ რას წარმოადგენს სინესთეზიის მოვლენა. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სინესთეტის ტვინში ნეირონები სპონტანურად ცვლიან ელექტროიმპულსებს და შედეგად, ადამიანის ცნობიერებაში შეგრძნებებს შორის უცნაური ურთიერთკავშირი ჩნდება.

ამ თეორიის თანახმად, სინესთეზია გენების მუტაციის შედეგია და თაობიდან თაობაში გადადის. ამის ნათელი მაგალითია რუსი მწერალი ვლადიმერ ნაბოკოვი, რომელმაც სინესთეზიის ნიჭი დედისგან მიიღო. მისი ვაჟი ასევე იყო სინესთეტიკი.

თანამედროვე მეცნიერება სინესთეზიის რამდენიმე გავრცელებულ ფორმას გამოყოფს. ესენია ვიზუალური სინესთეზია, როცა ინიდივიდი ვიზუალურ გამოსახულებას ფერებად აღიქვამს; ფერადი სმენა, რომელიც ყველაზე ხშირად მუსიკოსებშია გავრცელებული.

ამ ნიჭის მქონე ადამიანები ბგერებს ფერებად აღიქვამენ. გემოს სინესთეზია, რომელიც არ გულისხმობს რაღაცის ენით გასინჯვას, არამედ ნიშნავს, რომ ამა თუ იმ საგნის დანახვისას, ადამიანს უჩნდება გემოს ასოციაციები, მაგალითად კონკრეტულ სიმღერას მისთვის შეიძლება მარწყვის მურაბის გემო ჰქონდეს. სმენითი სინესთეზია ადამიანს მაშინ აქვს, როცა ამ თუ იმ საგნის დანახვაზე კონკრეტული ბგერები ან მუსიკა ესმის.

სინესთეზიის ფენომენი განსაკუთრებით გავრცელებულია შემოქმედ ადამიანებში. მაგალითად, მოცარტი ამტკიცებდა, რომ რე-მაჟორულ გამას ფორთოხლისფრად ხედავს, სი-ბემოლ მინორი კი შავი ფერისაა.

უნგრელმა კომპოზიტორმა ფრანც ლისტმა ერთ-ერთი კონცერტის დროს სთხოვა ორკესტრს, უფრო ლურჯად დაეკრათ.

ცნობილი ლინგვისტი ანტუან თომსონ დააბადის კი უნიკალური ნიჭი ჰქონდა - ის გარშემო არსებულ საგნებს ციფრებად აღიქვამდა, მათ შორის სახლებს, ხეებს და მეგობრების თმასაც კი.

ბერძენი ფილოსოფოსი პითაგორე  დარწმუნებული იყო, რომ ყველა ადამიანს საკუთარი, პირადი მუსიკა აქვს.

ის ამტკიცებდა, რომ ყველა ცოცხალ არსებასა და ნივთს გააჩნია საკუთარი რიცხვი, ფერი, ფორმა და ბგერითი ინტერვალი.

XIX საუკუნეში ამ ფენომენს პათოლოგიას უწოდებდნენ, თუმცა დღესაც, მეცნიერებამ ბოლომდე ვერ გამოიკვლია, თუ რა ფაქტორებითაა გამოწვეული სინესთეზია.

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ სინესთეზიის ნიჭის შეძენა ხელოვნური გზითაც შეიძლება. მაგალითად, არსებობს ფაქტები, როცა სინესთეზია განუვითარდათ მხედველობა დაკარგულ ადამიანებს.

2014 წელს მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რა დროსაც რამდენიმე ადამიანს სპეციალური პროგრამით ასწავლეს ციფრების ამა თუ იმ ფერზე მიბმა. ანუ კონკრეტული ასოს დანახვაზე ექსპერიმენტის მონაწილეს უნდა "შეეგრძნო" გარკვეული ფერი.

ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ საბოლოოდ, მოხალისეებმა ასოების აღქმა მხოლოდ ფერადი ასოციაციების საშუალებით დაიწყეს და ეს უნარი მათ ექსპერიმენტის დასრულების შემდეგაც შეუნარჩუნდათ. უფრო მეტიც, ასოებმა მიიღეს პირადი დახასიათება, მაგალითად "ხ" ასო მოწყენილი გახდა, "ვ" კი - მშვიდი და ა.შ.

რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო მედია წერდა ფენომენალურ მოვლენაზე, როცა კანადელ მამაკაცს ინსულტის შემდეგ სინესთეზიის ნიჭი გაუჩნდა.

ის გრძნობდა, რომ გარკვეული ფერით დაწერილი ასოები მასში გაღიზიანებას იწვევს, ლურჯი ფერის დანახვაზე პირში ჟოლოს გემო ჰქონდა, ჯეიმს ბონდის შესახებ მხატვრული ფილმის საუნდტრეკის მოსმენის დროს კი ორგაზმისთვის დამახასიათებულ კონვულსიებს გრძნობდა.

შეშინებულმა მამაკაცმა ექიმებს მიმართა, რომლებმაც დაადგინეს, რომ ინსულტის შედეგად დაზიანებული ტვინი ცდილობდა ნეირონებს შორის ქაოტური კავშირების ხელახლა ჩამოყალიბებას.

სინესთეზიის ყველაზე ამოუცნობი და იდუმალი ფორმა ე.წ. სარკისებური შეხების სინესთეზიაა, როცა ადამიანი სხვის ფიზიკურ შეგრძნებებს გრძნობს.

აშშ-ში მცხოვრებ ექიმს ჯოელ სალინასს სინესთეზიის სწორედ ეს ფორმა აქვს. ჩახუტებულ ადამიანებს როცა ხედავს, სიამოვნებას განიცდის. მაგრამ სხვა ადამიანის ფიზიკური ტკივილი მასაც ანიჭებს ტკივილს.

სალინასი მასაჩუსეტსის ცენტრალური კლინიკის ნევროლოგია, როცა მის პაციენტს ზედა კიდურის ამპუტაციის ოპერაცია უტარდებოდა, ექიმი წარმოუდგენელ ტკივილს განიცდიდა, თუმცა ამბობს, რომ ეს ნიჭი მას საშუალებას აძლევს, პაციენტებთან ურთიერთობაში ფსიქოლოგიური ბარიერი გაარღვიოს და მათთან უფრო ახლოს იყოს.

myquiz