"ზელენსკის ხუმრობები საქართველო-რუსეთის ომზე ცუდი იყო, მაგრამ.." - გია ხუხაშვილი ქართულ-უკრაინულ სკანდალზე, პარტიების რეიტინგებზე და სააკაშვილის "წინასწარმეტყველებაზე"
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ გია ხუხაშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 30 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა.
- დიდი გამოხმაურება მოჰყვა მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერებზე უკრაინის ომის ფოტოების გამოჩენას. საქართველოში ამას ბევრი არ მიესალმება, თუმცა რუსეთში მოეწონათ.
- ზნეობრივ მხრეს რომ თავი დავანებოთ, ესთეტიკის თვალსაზრისითაც კი ძალიან გოიმურია ეს ყველაფერი. უტიფრობის ხარისხზე აღარაფერს ვამბობ. წარმოუდგენელი რამ გააკეთეს. კობახიძის კომენტარი ვნახე, უკრაინელებიც იყენებდნენ ჩვენი ომის კადრებსო - ეს უტიფარი ტყუილია. ჩვენ გვყავს მატყუარა პრემიერი, მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ კობახიძეს არ აინტერესებს რეალობა. ის მზად არის ცილი დასწამოს, სიცრუე თქვას, ოღონდ კი თავისი მოქმედება გაამართლოს.
- სხვათა შორის, ბოლო დღეებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები სოციალურ ქსელში ზელენსკის 2008 წლის ომზე ძალიან უხერხულ ხუმრობებს აზიარებდნენ.
- კომიკოსის ხუმრობა შეიძლება ცუდი ან კარგი იყოს, ზელენსკის იმჟამინდელი ხუმრობები ცუდი იყო, მაგრამ იმ დროს ის კომიკოსი იყო და არა სახელმწიფო მოხელე.
უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველთვის იყო მხარდამჭერი. გავიხსენოთ 2008 წლის ომი, რამხელა პოლიტიკური თუ სამხედრო დახმარება გაგვიწიეს. როდესაც ამ ქვეყანას ასე ექცევი, არ ვიცი, ეს რას ჰგავს.
- გასულ კვირას პარტიებმა ცესკოში წარადგინეს საარჩევნო სიები...
- ჩვენში არსებული პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, პოლიტიკოსები ისევ ლიდერებზე არიან ორიენტირებული. სიაში, ალბათ, აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ ადგილზეა, მაგრამ ამომრჩეველი, ძირითადად, ლიდერის გამო აკეთებს არჩევანს. ამ მხრივ განსაკუთრებული სიურპრიზები არა გვაქვს "ქართული ოცნების" სიაში, რომელშიც პოლიტიკოსები საერთოდ არ არიან. მასში არის ერთადერთი მნიშვნელოვანი აქტორი - ბიძინა ივანიშვილი, რომლის საკუთრებაც არის მთელი სია. ერთადერთი სიახლე ის არის, რომ მას ოლიმპიდან ცოდვილ დედამიწაზე დაბრუნებამ მოუწია - გამომდინარე იქიდან, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები აქვს, მიიჩნია, რომ მას სჭირდება ძალაუფლების ფორმალიზება, პოლიტიკური იმუნიტეტი და გადაწყვიტა თავისი როლის სრული ლეგალიზება სახელმწიფო მართვაში. არა მგონია, ის პარლამენტში დეპუტატად დარჩეს, მას სჭირდება უფრო იმუნიტეტი იმ შიშების გათვალისწინებით, რაც აქვს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მას პრეტენზია ექნება პრეზიდენტობაზე - ეს სტატუსი მისთვის განსაკუთრებით კომფორტულია.
რაც შეეხება ოპოზიციას, დავიწყოთ "ნაციონალური მოძრაობით". მათთანაც ახალი დიდი არაფერია. მოსალოდნელი იყო, რომ ამ პარტიაში სიებზე იქნებოდა დიდი გაწევ-გამოწევა და ასეც მოხდა, ყველაზე ბოლოს წარადგინეს სია, რაც კარგი ცხოვრებით არ იყო განპირობებული. დიდი ალბათობით, სიის დაკომპლექტებისას პარტიაში დიდი პრობლემები ჰქონდათ. მე არც ამათ სიას განვიხილავდი დიდი ინტერესით, იქაც სააკაშვილია წამყვან ფიგურად. "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის იმ ნაწილისთვის, რომელიც ამ ძალას უჭერს მხარს, სააკაშვილია მთავარი ორიენტირი. მეორე ნაწილი კი "ჩამოტყდა" და წავიდა გაერთიანებასთან "კოალიცია ცვლილებებისთვის". ამ კოალიციაში პოლიტტექნოლოგიური ელემენტი გამოიყენეს და პირველ ნომრად სიაში შეიყვანეს ნანა მალაშხია - ქალი ცნობილი ევროკავშირის დროშით, რასაც გარკვეულ შემთხვევაში პოზიტივი მოაქვს და ასევე სიმბოლურ ხასიათს ატარებს.
პარტიებსაც "ძლიერი საქართველო" და "გახარია საქართველოსთვის" არა აქვთ დიდი სიახლეები. მოკლედ, ის მოცემულობები მივიღეთ, რაც მოსალოდნელი იყო.
- ამ ორიოდე დღის წინ საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ ედისონ რისერჩმა-მა წარმოგვიდგინა ტელეკომპანია "ფორმულის" დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32%-მა "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა, 20%-მა "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას", 11,9%-მა კოალიციას "ცვლილებებისთვის", 11,9%-მა "გახარია - საქართველოსთვის" მხარდამჭერი იქნებოდა, ხმათა 9,9% "ძლიერმა საქართველომ" მიიღო.
- ამ შედეგების სიზუსტეზე შეგვიძლია არაერთი თეორია განვავითაროთ, მაგრამ მთავარია არა ის, თუ როგორი განაწილებაა ოპოზიციაში, არამედ მნიშვნელოვანია ხელისუფლების რეიტინგი, რაც, ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად ობიექტურია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის აგრესიის ნიაღვარი, რაც ხელისუფლების საარჩევნო კამპანიიდან იღვრება, ბევრზე უკვე აღარ მოქმედებს. კონფორმისტებიც კი, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერი ხმების ბეღელს წარმოადგენენ ხოლმე, ეჭვებში არიან. ვგულისხმობ მათ, ვინც მუდმივად ხელისუფლების მხარეს არიან და როგორც კი ის იცვლება, მომენტალურად გადალაგდებიან ხოლმე ახალ ხელისუფლებაში. ეს ხალხი საკმაოდ ჭკვიანია და ორიენტირებულია სტაბილურ კეთილდღეობაზე. ამიტომაც კარგად ხედავენ, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია ეს კეთილდღეობა თავზე ჩამოემხოთ. საჯარო სექტორშიც მათი პოზიცია საკმაოდ შერყეულია, იქაც კარგად ხვდებიან ყველაფერს, თუმცა ჯერ ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ბიზნესიც ძალიან სერიოზულად დაფიქრდება. თუნდაც იმიტომ, რომ სასანქციო პოლიტიკა თუ გაგრძელდა, ამან შესაძლოა ქვეყნის საფინანსო პოლიტიკა ჩამოაქციოს. ხელისუფლებას სტაბილურად საყრდენი ელექტორალური ბაზა უკვე დაკარგული აქვს და ცდილობს შეინარჩუნოს ძალისმიერი მეთოდებით, მედროვეების გამოყენებით, რომლებიც კომპრომატებით ჰყავთ მობმული და ა.შ. თუმცა ხელისუფლების კოზირი ეს კი არ არის, არამედ ოპოზიციის სისუსტე და არაადეკვატურობა. ჩემი შეფასებით, ოპოზიციას საარჩევნო კამპანია, პრაქტიკულად, არც დაუწყია. იხილეთ სრულად