"ეს არის ხალხის გზავნილი" და "ასეთი შემოლაწუნება ჩვენს გუნდს სჭირდებოდა" - როგორ ეხმაურებიან მმართველი გუნდის წევრები არჩევნების შედეგებს? | Allnews.Ge

"ეს არის ხალხის გზავნილი" და "ასეთი შემოლაწუნება ჩვენს გუნდს სჭირდებოდა" - როგორ ეხმაურებიან მმართველი გუნდის წევრები არჩევნების შედეგებს?

საპრეზიდენტო არჩევნებს და ცესკოს წინასწარ შედეგებს მმართველი გუნდის წევრთა ნაწილი უკვე გამოეხმაურა. როგორც "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ნიუსრუმში" "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა რომან კაკულიამ განაცხადა, "ასეთი "შემოლაწუნება" ჩვენს გუნდს ნამდვილად სჭირდებოდა".

მისივე თქმით, არჩევნების შედეგებს ძალიან მნიშვნელოვანი ანალიზი სჭირდება.

"ცნობილი გამონათქვამი "რაც მოგივა, დავითაო...", ჩემი აზრით, ყველაზე აქტუალური ახლა ჩვენი გუნდისთვის არის. თუ ამას გავაცნობიერებთ, არაფერი დაკარგული არ არის, ყველაფერი თავის ადგილზე შეიძლება დაბრუნდეს. საქმე ისაა, რომ შედეგები ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ჩემი აზრით, ეს იყო ერთგვარი შურისძიება "ქართული ოცნების" მიმართ იმ ამომრჩევლების მხრიდან, რომლებიც მისივე ამომრჩევლები იყვნენ და 2012 წლის შემდეგ გარკვეული ტიპის იმედგაცრუება განიცადეს. ჩემი აზრით, ეს შედეგი განაპირობა მათი აქტივობის ნაკლებობამ და არა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების რაღაც მნიშვნელოვანმა მატებამ. ეს არის ძირითადი მიზეზი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. მე ვფიქრობ, რომ "შემოლაწუნება" ჩვენს გუნდს ნამდვილად სჭირდებოდა. მთავარია, რომ ახლა დავსხდეთ და მომხდარის სიღრმისეული ანალიზი გავაკეთოთ. ჩვენს გუნდში ეს პროცესი დაწყებულია, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაც ამ პროცესის დაწყებას უკავშირდება. ის რაც მოხდა, ჩემთვის პოზიტივია. ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა ნიშნავს მაქსიმალურ ადეკვატურობას. მეორე ტურამდე ჩვენ უნდა შევეცადოთ, მაქსიმალურად გულახდილათ ავხსნათ ყველა იმ წარუმატებელი ნაბიჯის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები", - განაცხადა კაკულიამ.

კითხვაზე, კონკრეტულად, რომელ ნაბიჯებს მიიჩნევს ის წარუმატებლად, კაკულიამ განაცხადა, რომ მთავარი ადეკვატურობა იყო.

"ადეკვატურობა არ ნიშნავს მაქსიმალურ თანხვედრას საზოგადოებაში არსებულ განწყობებთან და მასთან დაახლოვებას. თუ შენ ილუზიაში ჩავარდი და ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდი, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებას ეს მოსდიოდა 90-იანი წლებიდან. რაღაც მომენტში გაგვეპარა ადეკვატურობის აღქმა და საზოგადოებას სათანადოდ ვერ ვუხსნიდით ობიექტურ მიზეზებს... შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლო ვიღაცები დაერწმუნებინა, რომ ამ შემთხვევებმა ტენდენციის ხასიათი მიიღო, რასაც მე არ ვეთანხმები. კორუფციაც შემოვიდა სადღაც, ადამიანის უფლებებიც დაირღვა, შეცდომებიც დაიშვა, ეკონომიკაშიც ვერ მივიტანეთ ის, რასაც დავპირდით საზოგადოებას და ვერ ავუხსენით, თუ რატომ ვერ შევძელით ეს. ოპოზიციამ შეძლო ფაქტების ტენდენციად წარმოჩენა. ეს ორი ძალიან განსხვავებული რამ არის, რასაც ერთმანეთისგან მხოლოდ ძალიან დაკვირვებული ამომრჩეველი განასხვავებს", - აღნიშნა რომან კაკულიამ.

ერთ-ერთი პირველი იყო თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც არჩევნების წინასწარ შედეგებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ არჩევნებით "ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად ყველას გვქონდა, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია, შესაცვლელია სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით".

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ კი "ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ

"ქართველმა ხალხმა გამოგვიგზავნა გზავნილი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად წავიკითხავთ".

"ქართული ოცნების" დეპუტატის თქმით, მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, ხალხის გზავნილს ხელისუფლება გაანალიზებს და შედეგად ეცდებიან, რომ ხარვეზები გამოასწორონ და გამოწვევებს უპასუხონ. ქვარაია დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.

"განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ ადეკვატურები ქართველი ხალხის მოთხოვნების. შესაბამისად, დარწმუნებულნი ვართ, რომ შევძლებთ იმ ცვლილებების კვალდაკვალ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დღემდე განახორციელა და რომლის გამოც ხელისუფლება მაღალი მხადაჭერით სარგებლობდა, ახლა უკვე შევძლოთ ახალი გამოწვევებისთვის პასუხის გაცემა", - განაცხადა ქვარაიამ.

ცოტა დაგვაკლდა პირველ ტურში გამარჯვებისთვის - ირაკლი კობახიძე

ხალხისგან გზავნილის მიღებაზე საუბრობს საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანიც.

"მივიღეთ გზავნილი მოსახლეობისგან, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამე არის შესაცვლელი, შესაცვლელია სწრაფად და ეფექტურად. ეს გზავნილი მიღებულია, ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის და ისევ თქვენთან, ხალხთან, ამ ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად შევცვლით და ამ გამოწვევას აუცილებლად გავუმკლავდებით", - აღნიშნა დავითულიანმა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებას, მისი თქმით, "28 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩევლისგან მიღებული გზავნილის მიუხედავად, გამოვრიცხავ, რომ მათ წარსულში დაბრუნება დაუშვან - ჩვენს მოქალაქეებზე ძალიან მაღალი წარმოდგენა მაქვს".

ბესელიას შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის არჩევანია ან წარსულში დაბრუნება ან მომავალი.

myquiz