როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი საქართველოს მასშტაბით: განახლებადი ინფორმაცია | Allnews.Ge

როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი საქართველოს მასშტაბით: განახლებადი ინფორმაცია

20:00

საქართველოს მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა.

საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.

არსებული ინფორმაციით, ცესკო არჩევნების წინასწარ შედეგებს რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს.

19:06

ქუთაისის №49-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა.

"საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლის დავით ქობულაძის განცხადებით, უბანზე მარკირებული ადამიანი მივიდა.

მისი თქმით, მოქალაქე ხმის მიცემას ითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ მას მარკირება აღმოაჩნდა.

ფაქტს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველები კომისიის თავმჯდომარეს ესაუბრებიან.

18:32

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

კერძოდ, საიას ინფორმაციით, სამგორში #56-ე უბანთან, ეზოში მობილიზებულნი არიან კოორდინატორები, რომლებიც სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას.

"საია-ს დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ხმის მიცემის შემდგომ, უბნიდან გასული ამომრჩეველი მივიდა კოორდინატორებთან და აჩვენა მობილური ტელეფონი (სავარაუდოდ ტელეფონში არსებული ფოტო), რის შემდგომ მას კოორდინატორმა სავარაუდოდ თანხა გადასცა. აღნიშნული ფაქტები შეიცავს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ვაკის #13 უბნის გარეთ დილიდან დგას "ჯიპის" მარკის ავტომანქანა MM778GG, რომელსაც უბნიდან გასული ამომრჩეველი აკითხავს“.

როგორც საიას ინფორმაციაშია აღნიშნული, მარნეულის #59 უბანზე „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"მათ ერთმანეთი დაადანაშაულეს, რომ ამომრჩევლის აგიტაციას ეწეოდნენ. საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ამ დროისათვის სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს. ამასთან, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 162-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას ან ძალადობის მუქარას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც საიას ინფორმაციაშია აღნიშნული, დამკვირვებლების მონაცემებით, გარკვეული უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან დაუდგენელი პირები და ახორციელებენ უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას (ნაძალადევის #3, #4, #8, #9, #10, დიდუბის #14, #20, #21, #22, #34, #35, #36, სამგორის #56, ჩუღურეთის #14, #26, #31, ისნის #9 და #10, საბურთალოს #81, ოზურგეთის #3, #5, #47, #55, #50 უბნები, ჩხოროწყუს #8, #18, ფოთის #1, #2, #4, #10, #15, #20, #28, #30 ზუგდიდის #50, #59, #107, ბათუმის #28, #40, #41, #59, #102, ხელვაჩაურის #35, ქობულეთის #1).

ამასთან, საია-ს ინფორმაციით, მარნეულის #18 საარჩევნო კომისიაში რამდენჯერმე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ნაკადის მომწესრიგებელი ვადაგასული პირადობის მოწმობის მქონე ამომრჩევლები შეუშვა საუბნო საარჩევნო კომისიაში.

"მას შემდეგ რაც საიას დამკვირვებელმა გადაიღო დარღვევის ამსახველი ვიდეო, აღნიშნულმა გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გაღიზიანება და დამკვირვებელს განუცხადა, რომ მას აძევებდა საარჩევნო უბნიდან, რადგან თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ ჰქონდა უფლება გადაეღო ვიდეო", - აღნიშნულია საია-ს ინფორმაციაში.

18:10

არჩევნები მიმდინარეობს ძალიან სერიოზული დარღვევების ფონზე - თინა ბოკუჩავა

ამომრჩევლის მოსყიდვა ფიქსირდება თითქმის ყველა რეგიონში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ბოკუჩავას თქმით, მან თამარ ჟვანიას იმ დარღვევებზე მიაწოდა ინფორმაცია, რაც ხმის მიცემის პროცესში გამოვლინდა. ბოკუჩავას ცნობით, ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის განსაკუთრებულ მობილიზებას 17:00-20:00 საათისთვის აპირებს.

17:48

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში მოსახლეობა აქტიურად გადმოდის.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მათი ინფორმაციით, ე.წ საგუშაგოებზე გადმოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნიათ, თუმცა გამშვები პუნქტიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ფეხით უწევთ.

მურთაზ გადელიას თქმით, კერძო მიკროავტობუსები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ჩვეულებრივად მუშაობდნენ, ხიდზე გადმოსვლის დროს არ დახვედრიათ.

"დილით გადმოვედი ფეხით, იქითაც ასე მივდივარ. არჩევნებში მივიღე მონაწილეობა. იქიდან არანაირი შეზღუდვა არ არის, თუმცა აქ მხოლოდ ერთი "მარშუტკა" მოძრაობს, რომელიც უფასოა",- თქვა გადელიამ.

17:36

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს.

პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩუგოშვილმა ამომრჩეველს აქტიურობისაკენ მოუწოდა.

"კენჭისყრის დასრულებამდე დარჩენილია სამი საათი. საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე. ამიტომ ამომრჩევლებს, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ჯერ არ გამოცხადებულან, მოვუწოდებთ, მივიდნენ, მისცენ ხმა და თავიანთი ნება დააფიქსირონ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

16:37

15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30,98%.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. ცესკო-ს ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა 47,1% ამბროლაურის ოლქში, ხოლო ყველაზე დაბალი 23,6% მარნეულის ოლქში დაფიქსირდა.

15:59

გიორგი ვაშაძე - მასობრივად ხდება ბიულეტენების საარჩევნო უბნებიდან დაკარგვა, გაქრობა, აორთქლება

"გარეთ მდგომი ჩვენი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებთან მასიურად ართმევენ ბიულეტენებს ადამიანებს, რომლებიც ე.წ. კარუსელისთვის ემზადებიან", - გაანცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ფიქსირდება ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებიც.

"მასიურად ხდება საარჩევნო ობიექტებზე მოსყიდვების დაფიქსირება. ჩვენ გვაქვს დოკუმენტური მასალა იმ რვეულების, ჟურნალების, სიების, რომელსაც ფაქტობრივად ვართმევთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე და სადაც მითითებულია კონკრეტული თანხები. ეს ხდება აბსოლუტურად ყველგან. მანქანებში არიან ეს ადამიანები მობილიზებულები და ასე ყიდულობენ ხმებს. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა და სისხლის სამართლის დანაშაული. საპატრულო პოლიციისგან მოვითხოვთ, რომ როცა ჩვენი წარმომადგენლები გირეკავენ, მიბრძანდებით იქ და ამაზე მოახდინეთ რეაგირება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

15:14

მარნეულში, სოფელ იმირის #59 საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნებისა" და "ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მათ "ქართული ოცნების" დეპუტატი თამაზ ნავერიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები, მათ შორის მარნეულის საკრებულოს თავჯმდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი დააფიქსირეს.

"მარნეულის რაიონში არის არეულობა, ეს შემოაქვს ხელმძღვანელობას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აქ იმყოფება და ის აძლევს მითითებებს. ყველა უბანზე დავაფიქსირეთ ბატონი მამუკა ნავერიანი", - აღნიშნა ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა.

მამუკა ნავერიანის განმარტებით კი, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება და მათი კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაცია არ ხდება.

"კანონის ჩარჩოებში თვალყურს ვადევნებ, რომ ობიექტურად ჩატარდეს არჩევნები. მაჩვენეთ ფაქტები, სად ეწევიან სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ აგიტაციას?! ", - აღნიშნა მამუკა ნავერიანმა.

რაც შეეხება თამაზ ნავერიანის პოზიციას, მისი თქმით, უბანზე, სადაც დაპირისპირება მოხდა, მივიდა იმიტომ, რომ ინციდენტის შესახებ შეატყობინეს.

"შემატყობინეს, რომ ინციდენტი მოხდა. ამიტომ მოვედი და არა იმისთვის, რომ შიგნით შევიდე. თქვენი საქმე არ არის, მე სად ვიქნები და სად არ ვიქნები. ჩემი აქ ყოფნა ნამდვილად შეიძლება", - განაცხადა თამაზ ნავერიანმა.

ინციდენტის შედეგად, პოლიციამ ორი პირი დააკავა.

14:48

ზურაბ ჯაფარიძე საარჩევნო უბანზე - ამ წუთში რაღაც რეგულაცია დავარღვიე, მაგრამ "მკიდია"

რადგან სხვა კანდიდატებმა უკვე მისცეს ხმა გაბრწყინებულ ივერიას, ნათელ მომავალს და უღრუბლო ცას, მე ხმა მივეცი "გირჩის" კანდიდატს, - ამის შესახებ "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საკუთარი თავისთვის ხმის მიცემით მან მხარი დაუჭირა საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას.

"მე ხმა მივეცი "გირჩის" კანდიდატს-ზურაბ ჯაფარიძეს, ანუ შემოვხაზე საკუთარი თავი და ამით მხარი დავუჭირე თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ამ ქვეყანაში. ვიცი, რომ ამ წუთში რაღაც რეგულაცია დავარღვიე, მაგრამ "მკიდია", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

14:43

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მე-16 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

როგორც სანდრა რულოვსმა განაცხადა, მან ხმა საქართველოს წინსვლას მისცა.

"ცვლილებების დროა. ყველას მოვუწოდებ მივიდეს არჩევნებზე. გამოკითხვებში, როგორც ჩანს ვაშაძეს დიდი უპირატესობა აქვს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

14:18

ირმა ნადირაშვილი - ბოლნისის 54-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის ინიციატორიც "ოცნების"საკრებულოს დეპუტატი იყო.

ბოლნისის 54-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ამის ინიციატორი ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" იმრან გასუმოვი იყო,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ნადირაშვილის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დეპუტატი თავს "ევროპული საქართველოს" კოორდინატორს დაესხა.

"ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ პოლიციამ აღნიშნულ საკითხზე სასწრაფოდ უნდა მოახდინოს რეაგირება.

"ბოლნისში 54-ე უბანზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. ამ დაპირისპირების ინიციატორი იყო ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" იმრან გასუმოვი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა ჩვენს კოორდინატორს სენან ხალილოვს. ადგილზე გამოძახებულია პოლიცია, მოვითხოვთ პოლიციისგან, რომ ამ ფაქტზე სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება, რათა არ იყოს უმართავი პროცესები და არჩევნები მიმდინარეობდეს დემოკრატიული ჩარჩოს ფარგლებში“,- აღნიშნა ნადირაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დარღვევა მოხდა საზღვარგარეთ, კერძოდ, სალონიკში, სადაც საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ დავით ბაქრაძემ კანდიდატურა მოხსნა.

13:54

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლნისში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მძიმე პროვოკაციით არჩევნების ჩაშლა აქვს დაგეგმილი.

ამის შესახებ კობახიძემ პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, აქვთ დაგეგმილი ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში #27-ე, #54-ე, მე-40 და #43-ე საარჩევნო უბნების ჩაშლა. ეს არის უმძიმესი სამართალდარღვევა და ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მიიღებენ უმკაცრეს რეაგირებას ასეთ კანონდარღვევაზე. დაგეგმილი აქვთ მძიმე პროვოკაცია. ისინი პასუხს აგებენ კანონის თანახმად, უმკაცრესი ფორმით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

13:43

ორგანიზაცია "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ იმირში 59-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ორგანიზაციის დამკვირვებლის ჯეიხუნ კარაევის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელს, ფიქრათ კარაევს ფიზიკურად გაუსწორდა ხალადი ჰუსეინოვი, რომელიც "ქართული ოცნების" წევრია. მისივე ინფორმაციით, სიტუაცია პოლიციის მისვლის შემდეგ განიმუხტა.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ნავერიანის თქმით, მომხდარი პროვოცირებულია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.

"ეს ჩხუბი გამოწვეულია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ. რამდენიმე ჯგუფი დადის და რომელ უბანზეც მიდიან, ყველგან ინციდენტი ხდება", - განაცხადა მამუკა ნავერიანმა.

13:17

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

დღეს მივეცი ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან და დემოკრატიულ საქართველოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა. ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-3 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა, სადაც შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

"დღეს მივეცი ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან და დემოკრატიულ საქართველოს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა. დღეს არის პირველი ტური, ამ საღამოსვე გავიგებთ რა გადაწყვიტა ამომრჩეველმა და ამომრჩევლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

13:09

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" - დაფიქსირდა 50-მდე მცირე და შედარებით სერიოზული დარღვევა, დაიწერა 4 საჩივარი

ჩვენი დაკვირვებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ განცხადებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც მათი სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, დროულად გაიხსნა.

"ჩვენ მიერ დაფიქსირდა 50-მდე მცირე და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 4 საჩივარი. თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის".

12:59

ლელა ქებურია - ზუგდიდში, საარჩევნო უბნებთან ე.წ. ძველი ბიჭები არიან მობილიზებული

"ქართული ოცნება" თავის ჩვეულ ტაქტიკას მიმართავს, შეინიშნება უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. უბნებთან ე.წ ძველი ბიჭები არიან მობილიზებულნი,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ლელა ქებურიამ ზუგდიდში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ქებურია ამომრჩევლებს აქტივობისკენ მოუწოდებს.

"დაშინების ფაქტებიც იყო. წუხელ ჩვენს აგიტატორთან მივიდნენ და იყო ე.წ. მეგობრული რჩევები.ზოგ შემთხვევაში იყო მუქარა სამსახურის დაკარგვის, დაშინების და ა.შ. ამას რამდენიმე უბანზე ადგილი დღესაც ჰქონდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ამომრჩეველი მობილიზებული ქნება და მაღალი აქტივობა დაფიქსირდება, იმისათვის, რომ ეს არჩევნები გახდეს პასუხი იმ ყველაფერზე, რაც ამ 6 წლის განმავლობაში ხდება. დიდი ალბათობით მეორე ტური უნდა გაიმართოს. იმედი მაქვს, ჩვენი შეთანხმება ძალაში დარჩება და ოპოზიციურად განწყობილი ყველა ამომრჩეველი გაერთიანდება მეორე ტურში ხელისუფლების წინააღმდეგ",- განაცხადა ლელა ქებურიამ.

12:18

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი არჩევანი ქუთაისში, № 22-ე მეორე უბანზე გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით, არაერთი საჩივარი დაიწერა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება.

"უამრავი საჩივარი და შენიშვნებია უკვე, რადგან მომზადებული იყვნენ გაყალბებისთვის. როგორც მე ვიცი, აქტივობა ნორმალურია. მე მინდა კიდევ მივმართო ამომრჩეველს - ძალიან გთხოვთ, გადადეთ ყველა საქმე და მობრძანდით არჩევნებზე, რადგან საქართველოს და თქვენი შვილების, შვილიშვილების მომავალს ირჩევთ. ეს თქვენი კონსტიტუციური უფლება და ვალდებულებაა. რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ, სწორედ ამით არის გამოწვეული ხელისუფლების ისტერიკა. მე ველოდები ჩვენს გამარჯვებას, იქნება ეს პირველ ტურში, თუ მეორეში, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. დამარცხება არ იქნება. ვნახოთ, კიდევ რამდენი საჩივარი დაგროვდება. ერთი რამ ვიცი, ხელისუფლებას ძალიან მწვავე შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძე ქუთაისში გასულ წელს მერის არჩევნების დროს ჩაეწერა.

12:11

ქუთაისში 22-ე უბანზე ინციდენტი მოხდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, მათ გადაიღეს ვიდეო, როგორ აწვდის კომისიის თავმჯდომარე ინფორმაციას აქტივისტებს იმის შესახებ, თუ ვინ მივიდა არჩევნებზე და ვის მისცა ხმა, რასაც დამკვირვებლების უკმაყოფილება და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, ეს არის მცდელობა ამომრჩევლებზე ზეწოლის, რომ მოხდეს მათი ძალით მიყვანა. შუშანიას თქმით, არ მისცემენ არჩევნების გაყალბების უფლებას.

ფაქტს არ ადასტურებს ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები -ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი დავით ზივზივაძე. მისი თქმით, ვიდეოგადაღება არ მომხდარა და "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუეს ავრცელებს.

12:09

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და "კოორდინატორების" მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს საუბნო კომისიებში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ.

ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და დაუბრკოლებლად დაკვირვების საშუალება მიეცათ. თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა დაკვირვებისთვის ხელის შეშლის ფაქტები. ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებელზე ზეწოლის მცდელობას. უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, მაგრამ ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა წილისყრისა და დოკუმენტების წარმოების წესის დარღვევებს.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს საუბნო კომისიებში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ. ადგილი აქვს არასათანადო კომუნიკაციის ფაქტებს, მათ შორის, "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა დააფიქსირეს პარტიული აქტივისტების მხრიდან აგიტაციისა და მოსული ამომრჩევლებისთვის მხარდამჭერების მოყვანის დავალების შემთხვევები. ცალკეულ უბნებზე, მსგავსი მეთოდებით მოქმედებენ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოწმობის მქონე პირებიც. აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩეველზე ზეწოლა და მისი ნების კონტროლს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და კანდიდატებს, ასევე სხვა ორგანიზაციებს ვინც მსგავს პრაქტიკას მიმართავს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საარჩევნო უბნების წინ ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მცდელობები.

ამ დროისათვის "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 21 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში 9 საჩივარი", - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

12:05

თუშეთში მცხოვრები პირები და მესაზღვრეები საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას ვერ ახერხებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამის მიზეზი უამინდობაა, რის გამოც ფშაველი-აბანო- ომალოს მიმართულებით საავტომობილო გზა დაკეტილია.

როგორც ახმეტის N 18 საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ განაცხადა, ამომრჩევლის სურვილის მიუხედავად, საარჩევნო ყუთის გადასატანად ვერტმფრენის გამოყოფა ვერ მოხერხდა.

მინდია იუკურუძის ინფორმაციითვე, თუშეთის 14-ე საარჩევნო უბანი გახსნილია ქვემო ალვანში, სადაც 265 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

11:56

დავით უსუფაშვილი საარჩევნო უბანზე

მე გავაკეთე არჩევანი, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი რა არჩევანს გააკეთებს, - ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა საარჩევნო უბანზე არჩევანის გაკეთების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ არჩევნები ისეთი შედეგით დასრულდება, რომ ქვეყანა რაიმე ტიპის ჩიხში არ შევიდეს.

"მე მინდა მივესალმო ყველა ამომრჩეველს, საქართველოს მოსახლეობას, მოხარული ვარ, რომ ამ არჩევნებზე მომეცა საშუალება საქართველოს მოსახლეობისთვის მომეცა არჩევანის საშუალება. დღეს უკვე არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. მე გავაკეთე არჩევანი, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი რა არჩევანს გააკეთებს. კიდევ ვიმეორებ, მე მოხარული ვარ, რომ ქართველ ხალხს მივეცი არჩევანის საშუალება, დანარჩენს დღეს საღამოს ვნახავთ და იმედი მაქვს, რომ ვნახავთ იმ შედეგებს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს და არ შეიყვანს რაიმე ტიპის ჩიხში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა იმედი, რომ სწორედ ასეთი შედეგით დასრულდება არჩევნები, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მას სჯერა, რომ ქვეყანაში მალე ყველაფერი კარგად იქნება.

"მე მაქვს იმედი, რწმენა, მჯერა, ვიცი, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, თან ძალიან მალე"”,- აღნიშნა მან.

11:49

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ დღევანდელი არჩევანით საქართველო საბოლოოდ უარს იტყვის სიცრუეზე, ძალადობასა და უკულტურობაზე

11:30

კახა კალაძე საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა.

არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საზოგადოება დაყოს და მიაყენოს შეურაცხყოფა ადამიანებს, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც თავისი არჩევანი შვილთან ერთად დააფიქსირა.

მისივე თქმით, მან ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას.

"მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოება დაყოს და მიაყენოს შეურაცხყუოფა ადამიანებს. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ჯგუფებად დაყოფა. ჩვენ ეს ერთხელ ვნახეთ, როგორი მძიმე იყო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს. ქართველები ცოტანი ვართ, გვჭირდება კონსოლიდაცია და ერთიანი ძალებით უნდა ვიზრუნოთ, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი", - განაცხადა კალაძემ.

11:28

ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ სად იყო ამ არჩევნებში საბჭოთა კავშირი, სად იყო ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"დღეს ხმა მივეცი დემოკრატიას, სტაბილურობას, თავისუფლებას, ნათელ მომავალს. ჩვენ ვნახეთ ყველამ, თუ სად იყო ამ არჩევნებში საბჭოთა კავშირი, სად იყო ევროპა და ჩვენ რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი", - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს მეoრე ტურთან დაკავშირებით, კობახიძემ განაცხადა:

"ჩვენ ვსაუბრობდით წინასწარ კვლევის შედეგებზე, რომელიც აჩვენებს, რომ არის ძალიან მაღალი ალბათობა იმისა, რომ დღესვე დასრულდეს საპრეზიდენტო არჩევნები; თუმცა, ასევე არის ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს მეორე ტურის ჩატარება. ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე, ასეთია დღევანდელი სურათი. ეს არის დემოკრატია, დემოკრატია ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ ყოველ მეორე ხმას რეგულარულად არჩევნებში. ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში მივიღეთ 49%, თვითმმართველობის არჩევნებში 54%, რაც არის დემოკრატიული პროცესი, როდესაც იღებს მმართველი პარტია და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ყოველ მეორე ხმას ამომრჩევლისგან. ამ შემთხვევაშიც იგივე შედეგს ველოდებით. შესაბამისად, არსებობს ალბათობა იმისა, რომ შედგეს მეორე ტური, ასევე მაღალია იმის ალბათობა, რომ პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები", - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, "ჩვენ ვადევნებთ თვალყურს საარჩევნო პროცესს, რაიმე არსებითი დარღვევები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა და იმედი გვაქვს ასეთივე რეჟიმში გაგრძელდება საარჩევნო პროცესი".

11:17

10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 6,15%

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, დილის 10:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა რაოდენობრივად არის 215 329 ამომრჩეველი.

"ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მოცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 6,15%, რაც რაოდენობრივად არის 215 329 ამომრჩეველი. შეგახსენებთ, რომ დღეს უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი (2510051) და ონლაინ ჩათი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

10:15

შსს-ს ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინცინდენტს ადგილი არ ქონია

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროებისამებრ რეგიონებში ხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება, რათა არჩევნების შენარჩუნებული იქნას მშვიდი გარემო.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას. ჩვენი ამოცანაა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მშვიდი გარემოს შენარჩუნება, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, რეგიონებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შესაქმნელად შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს. ამასთან, საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას რეგიონებს შორის, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემო.

ამავე დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მათ უკვე მიეწოდათ.

სიტუაციის ეფექტური მართვის მიზნით, ცენტრალიზებულ დონეზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრულ კოორდინაციაშია ადგილზე შექმნილ პოლიციის მობილურ ჯგუფებთან", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

10:14

გიორგი მარგველაშვილი - მე ხმა მივეცი კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება იყოს ყველას პრეზიდენტი

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მან ხმა მისცა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობით ამაყი იქნება.

"მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი; არ შეეშინდება იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს საუკუნეების, მაგრამ აგრეთვე საოცარი გმირობა წარსული წლების. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირულ ხალხს, ჩვენს შეარაღებულ ძალებს უდგას სათავეში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

09:59

ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, "ქართული ოცნების" აქტივისტები მსუბუქი ავტომობილით არიან მობილიზებული და მოქალაქეებს ხმის მიცემის სანაცვლოდ თანხებს ურიგებენ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალმიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო უბნებთან დილიდან არიან მობილიზებული და ამომჩევლების მოსყიდვას ცდილობენ.

ასევე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი ფაქტები ბათუმის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც ფიქსირდება.

როგორც „ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, უბნების თავმჯდომარეებს მოქალაქეთა პირადი მონაცემები გამოაქვთ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს გადასცემენ ინფორმაციას, თუ ვინ იღებს არჩევნებში მონაწილეობას.

რაც შეეხება ბათუმის მე-9 უბანს, ამ დროისთვის უბანთან სიმშვიდეა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საარჩევნო უბანი დატოვეს.

09:54

ქუთაისში, # 59 ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა.

საუბნო-საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, რომელსაც წილად ხვდა, რომ გადასატანითი ყუთები ამომრჩევლებთან მიეტანა, პროცესში ჩართვაზე უარი განაცხადა.

"მე გადასატანი ყუთებს ამომრჩევლებთან არ მივიტან," - განაცხადა კომისიის წევრმა.

როგორც მე-4 საარჩევნო უბანზე აცხადებენ, მათთვის კომისიის წევრის პრეტენზია გაუგებარია.

მომხდარი უკვე დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმა.

09:52

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

უწმინდესი კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე საპატრიარქოს მოსაყდრე, მეუფე შიოსთან ერთად იმყოფებოდა.

"ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო ბედნიერი იქნება. დალოცვილი იყავით", - განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ პატრიარქმა.

უწმინდესი სამების ტაძარში წაბრძანდა, სადაც საკვირაო წირვას აღავლენს.

09:41

"ნაციონალური მოძრაობა" ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა განთიადში მეათე უბანზე დარღვევებზე საუბრობს

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა განთიადში მეათე უბანზე კომისიის თავმჯდომარე პერიოდულად გარეთ გადის და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაციას აწვდის,- ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წევრებს ამომრჩეველთა პირად ნომერსა და რაოდენობას აწვდის, თუ ვინ მივიდა არჩევნებზე.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო პროცესებში ერევა და უხეშად არღვევს საარჩევნო კოდექსს. გია აბულაძე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"უბნის თავმჯდომარე პერიოდულად გამოდის გარეთ, გამოაქვს მოქალაქეთა მონაცემები, პირადი ნომერი და მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა. თუ ვინ გამოცხადდა არჩევნებზე და ვინ არა ჯერჯერობით. "ქართული ოცნების" წევრები უბანთან იმყოფებიან და ასე იღებენ ინფორმაციას, რაც კანონის უხეში დარღვევაა",- განაცხადა გია აბულაძემ.

09:36

გიორგი ვაშაძემ თავისი არჩევანი მეუღლესთან და შვილთან ერთად დააფიქსირა.

უნდა გვესმოდეს, რომ თუ არჩევნებზე არ მივალთ, ჩვენს ნაცვლად, არჩევანს სხვა გააკეთებს, - ამის შესახებ მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

"ჩვენი აქტივობით ვიცავთ საკუთარ ხმას. თუ არჩევნებზე არ მივალთ, ჩვენს ნაცვლად, არჩევანს გააკეთებს სხვა - ეს უნდა გვესმოდეს. მერე ბევრი თავსატეხიც სწორედ აქედან არის გამოწვეული. ასე რომ, მაქსიმალური მობილიზება არის საჭირო. ყველას ვთხოვთ, რომ მოვიდეს. ჩვენ გვაქვს ვებ-გვერდი, სადაც მუდმივად შემოდის შეტყობინებები, მათ შორის იმაზე, რომ ახალქალაქის რამდენიმე უბანზე არ არის შუქი და ა.შ.", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

09:25

ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

ნიკა მელიას განცხადებით, მან ხმა შვილების თაობას მისცა. ნიკა მელიამ მედიასთან საუბრისას საჯარო მოხეელებს მიმართა, რომ არ გააკეთონ მათი ნების საწინააღმდეგო არჩევანი.

"ხმა მივეცი ჩემს შვილს, სანდრო მელიას და მის თანატოლებს. ძალიან სამწუხაროა ის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ მოგვიწია ცხოვრება. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გაცილებით უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება. განსაკუთრებით მინდა მივმართო ათი ათასობით საჯარო მოხელეს. ჩვენ ვიხილეთ გუშინ, გუშინწინ არა ერთი ფაქტი, როგორ აიძულებს სხვადასხვა მათი ხელმძღვანელი, გააკეთონ ის არჩევანი, რომელიც მათ არ სურთ, ანუ ნების საწინააღმდეგოს. არ დანებდეთ ხალხნო, გააკეთეთ ის არჩევანი, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. იმ კაბინაში როდესაც შევალთ, ვერავინ ვერ დაინახავს ვინ შემოხაზეთ," - განაცხადა ნიკა მელიამ.

09:20

მამუკა მდინარაძე - დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო ხმის მიცემის პროცესი. გაიხსნა საარჩევნო უბნები. პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა რაიმე არსებითი ხარვეზი უბნების გახსნისა და ხმის მიცემის პროცესში.

საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კომისიის წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან" და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არ მონაწილეობენ სამწუხაროდ ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.

გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ცდილობდნენ უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით, რაც ასევე ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას.

რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ტარდება ეგზიტპოლი როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციების მიერ. აღნიშნულ უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელს უშლიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეგზიტპოლის ჩატარებაში.

კანონმდებლობის უხეში დარღვევა დაფიქსირდა ასევე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, როდესაც პარტიულმა ტელევიზიამ უგულვებელყო არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვის პრინციპი და გუშინდელი ღამე ანუ დღევანდელი დღე უკვე 12 საათიდან დაუთმო ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას", - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ მოუწოდა დამკვირვებლებს სათანადოდ ასახონ აღნიშნული დარღვევები თავიანთ ანგარიშებში. ამასთან განაცხადა, რომ პარტია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად.

09:11

მარნეულის საარჩევნო ოლქში მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი.

მარნეულის საარჩევნო ოლქში ყველა უბანზე ხმის მიცემის პროცედურა კანონის წესის დაცვით 8 საათზე დაიწყო, - ამის შესახებ მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ასანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი.

"მარნეულის საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებულია 99 170 ამომრჩეველი. 90 საარჩევნო უბანია. 07:00 საათზე ყველა უბანი გახსნილი იყო კანონის ყველა წესის დაცვით. 08:00 საათზე კი ყველა უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.

პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ოლქში შემოიტანეს მხოლოდ ერთი საჩივარი. კონვერტები უფრო მეტი იყო უბანზე ვიდრე ბიულეტინი, თუმცა ეს კანონით დაშვებულია", - განაცხადა კობა ასანიძემ.

09:07

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პირველი ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, ყველა უბანზე დაიწყო კენჭისყრა და ამ დროისთვის რაიმე ექსცესები არ ყოფილა. შესაბამისად, ყველა უბანი გამართულად ფუნქციონირებს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, პირველი ამომრჩეველი ყველა უბანზე მივიდა.

გადასატანი ყუთები ამომრჩევლებთან ცხრა საათიდან მივა.

ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

09:05

ქობულეთში, 32-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეფერხებულია.

როგორც ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გელა ხახნელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უბანზე ტექნიკური პრობლემაა და სიტუაციის გასაცნობად ადგილზე მიემართება.

"ნუმერაციასთან დაკავშირებით შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი. ამ წუთებში მივდივარ და თავად გავეცნობი სიტუაციას. ხმის მიცემის პროცედურა ჯერჯერობით შეჩერებულია",- განაცხადა გელა ხახნელიძემ.

08:46

პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის თქმით, მეორე ტურის ჩატარების მაღალი ალბათობა არსებობს.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი, ჩვენი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს მშვიდობას და ევროპულ ხვალინდელ დღეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე.

"ძალიან ოპტიმისტურ და კარგ განწყობაზე ვარ. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე. რაც მთავარია, საქართველოს მომავალი იყოს მშვიდობიანი, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი, ჩვენი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს მშვიდობას და ევროპულ ხვალინდელ დღეს. ეს არის ის, რაც ყველას გვინდა საქართველოში. სწორედ ეს არის საქართველოს უკეთესი მომავალი. ამიტომ მჯერა, რომ ყველა მოვა და გააკეთებს საკუთარ არჩევანს უკეთესი მომავლის სასარგებლოდ", - განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება მეორე ტურთან დაკავშირებულ შეკითხვას, პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მეორე ტურის ჩატარების მაღალი ალბათობა არსებობს.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მისი ამოცანაა საქართველოში მშვიდობით შეცვალოს ცხოვრება უკეთესისკენ.

"რა თქმა უნდა, მეორე ტური შესაძლებელია და უფრო მეტსაც ვიტყვი, მაღალი ალბათობა არსებობს ძალიან მეორე ტურის. დაველოდოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, მე ვიბრძვი გამარჯვებისთვის, მათ შორის იქნება ეს პირველი ტური თუ მეორე ტური. ამოცანაა რომ გავიმარჯვოთ, ამოცანაა რომ წავიყვანოთ ქვეყანა წინ. ამოცანაა რომ საქართველოში, სიმშვიდით, მშვიდობით შევცვალოთ ცხოვრება უკეთესისკენ", - განაცხადა ბაქრაძემ.

08:28

მამუკა ბახტაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხმა მისცა განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის უკან.

"დღეს ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს.

მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს; განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის უკან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა საკუთარი არჩევანი დიდუბის ოლქში დააფიქსირა.

08:00

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.

ბიულეტენები დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე რამდენიმე უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).

ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია აკრძალულია.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე 25 კანდიდატი იყრის კენჭს.

პრეზიდენტობის 19 კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ არის წარდგენილი, ხოლო ექვსი კანდიდატი არჩევნებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარდგენით - ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს.

ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება პრეზიდენტობის შემდეგ კანდიდატებს შორის მოუწევთ:

#1 მიხეილ ანთაძე - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“

#2 დავით ბაქრაძე - “ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“

#4 ვახტანგ გაბუნია - “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“

#5 გრიგოლ ვაშაძე - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

#10 შალვა ნათელაშვილი - “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

#13 ზვიად მეხატიშვილი - “საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“

#17 გიორგი ლილუაშვილი - “საქართველო“

#18 აკაკი ასათიანი - “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“

#21 კახა კუკავა - “თავისუფალი საქართველო“

#22 ოთარ მეუნარგია - “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“

#23 ირაკლი გორგაძე - “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“

#25 დავით უსუფაშვილი - “თავისუფალი დემოკრატები“

#27 ზვიადი ბაღდავაძე - “სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“

#28 მიხეილ სალუაშვილი - “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“

#30 ზვიად იაშვილი - “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ედპ)

#31 თამარ ცხორაგაული - “თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“

#35 გელა ხუციშვილი - “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“

#36 ზურაბ ჯაფარიძე - “გირჩი“

#40 ლევან ჩხეიძე - “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“

#48 სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი

#49 ბესარიონ თედიაშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი

#51 გიორგი ანდრიაძე - დამოუკიდებელი კანდიდატი

#58 კახაბერ ჭიჭინაძე - დამოუკიდებელი კანდიდატი

#62 ვლადიმერ ნონიკაშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი

#65 თეიმურაზ შაშიაშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი

28 ოქტომბრის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 - პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ.

კანდიდატობის 21 მსურველს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, სადაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს.

საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.

ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი ძალაში შედის ახალი რედაქციის კონსტიტუცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლაა. შემდგომ პრეზიდენტს ამომრჩევლის ნაცვლად, საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგია 300 წევრით დაკომპლექტდება და მის შემადგენლობაში შევლენ საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

myquiz