ზურაბ ჯაფარიძემ "ბანკ ქართუსგან" 1 მილიონი ლარის ოდენობის სესხი მოითხოვა | Allnews.Ge

ზურაბ ჯაფარიძემ "ბანკ ქართუსგან" 1 მილიონი ლარის ოდენობის სესხი მოითხოვა

"გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ "ბანკი ქართუსგან" 1 მილიონი ლარის ოდენობის სესხი მოითხოვა. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს და შესაბამის ვიდეოსაც აქვეყნებს.

"საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებზე ხმების 10%-ს ან მეტს დააგროვებს, მას ეკუთვნის იგივე ოდენობის თანხა წინასაარჩევნო ხარჯების დასაფარად. ამ მუხლით ისარგებლა ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ბანკმა ქართუმ 1 მილიონი ლარი ასესხა. ველით ბანკი ქართუს საკრედიტო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას", - წერია განცხადებაში.

ჯაფარიძის თქმით, "ბანკ ქართუში" დაიტოვეს განაცხადი სესხთან დაკავშირებით.

"დაიტოვეს ჩემი საბუთები, რომელიც მე მქონდა წაღებული და რომელიც ადასტურებდა, რომ მე ნამდვილად საპრეზიდენტო კანდიდატი ვარ და ჩემი ნომერი იყო მითითებული. მომცეს თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია და მითხრეს, რომ განიხილავენ. ანუ ამ მომენტში "ქართუ ბანკში" განიხილება, მომცემენ თუ არა 1 მილიონს მე სესხად, იმისათვის რომ დარჩენილ დღეებში გამოვიყენო და კამპანია ავაფეთქო", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

myquiz