რამდენად აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები? | Allnews.Ge

რამდენად აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები?

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ცოტა მეტია დარჩენილი. ქვეყნის პირველი პირის სტატუსის მოსაპოვებლად 25 კანდიდატი იბრძოლებს, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიების, 6 კი საინიციატივო ჯგუფების მიერ არის წარდგენილი.

Allnews.ge დაინტერესდა, რამდენად აქტიურად იყენებენ პრეზიდენტობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის, ამომრჩევლებისთვის საკუთარი ხედვების გაცნობისა და ზოგადად ინტერაქციისთვის სოციალურ ქსელებს. ამისთვის ჩვენ ყველასთვის კარგად ნაცნობი 6 კანდიდატი შევარჩიეთ და სოციალურ ქსელში მათ აქტივობას დავაკვირდით.

საპრეზიდენტო კანდიდატები: დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე, სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი.

დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები სოციალურ ქსელებს შორის ყველაზე აქტიურად Facebook-ს იყენებენ, სადაც თავის საარჩევნო დაპირებებს, აქტუალურ საკითხებზე საკუთარ შეხედულებას, სარეკლამო ვიდეორგოლებსა და იმ საინფორმაციო გადაცემებს აზიარებენ, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს.

კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი მოწონება შალვა ნათელაშვილის Facebook გვერდს - 123 572, ყველაზე ცოტა კი სალომე ზურაბიშვილის გვერდს - 22 155 აქვს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ზურა ჯაფარიძისა და გრიგოლ ვაშაძის გარდა, ყველა მათგანს მითითებული აქვს საკონტაქტო ტელეფონის ნომერიც. თითოეულ მათგანს საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დღეში ერთი პოსტი მაინც აქვს გაზიარებული.

ჩვენ მიერ დაკვირვებისთვის შერჩეული პრეზიდენტობის ექვსივე კანდიდატს აქვს Twitter-ის გვერდი, თუმცა, რამდენად აქტიურები არიან ისინი ამ სოციალურ ქსელში, სხვა საკითხია. მაგალითად, დავით უსუფაშვილს Twitter-ის თავის გვერდზე ბოლო პოსტი 2014 წელს აქვს გამოქვეყნებული. სალომე ზურაბიშვილმა კი ბოლოს თავის 483 "ფოლოვერს" აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

ამ სოციალურ ქსელშიც ყველაზე აქტიური შალვა ნათელაშვილი აღმოჩნდა, რომელსაც არც თუ ისე ბევრი -79 "ფოლოვერი" ჰყავს, თუმცა პოსტებს რამდენიმე საათის ინტერვალით დებს. "ფოლოვერების" რაოდენობით Twitter-ზე ყველაზე გამორჩეული ზურა ჯაფარიძე აღმოჩნდა, რომელსაც 3517 მიმდევარი ჰყავს.

"ინსტაგრამზე" კი Allnews.ge-ს მიერ შერჩეული პრეზიდენტობის კანდიდატებიდან მხოლოდ სამს შეხვდებით - დავით ბაქრაძეს, შალვა ნათელაშვილსა და ზურა ჯაფარიძეს. მათგან ყველაზე აქტიური კი "გირჩის" ლიდერია.

სოციალურ ქსელ Linkedin კი, რომელიც განკუთვნილია საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად და რომელზეც, მოცემული მომენტისთვის 500 მილიონზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული, მხოლოდ დავით ბაქრაძისა და ზურა ჯაფარიძის გვერდებს შეხვდებით.

აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამამ, რომელსაც 2004 წლამდე არავინ იცნობდა და ფაქტობრივად აუტსაიდერად ითვლებოდა არჩევნებში გამარჯვება დიდწილად სოციალური ქსელების დახმარებით შეძლო.

670 მილიონიანი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გათვლა ახალგაზრდებზე მოდიოდა.

შესაბამისი სამიზნე აუდიტორიის ასათვისებლად ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი გახდა, რომელმაც კამპანია ვირტუალურ სივრცეში გადაიყვანა და 18-27 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხმის მისაწვდენად Facebook და MySpace გამოიყენა.

Allnews.ge-ს დაკვირვების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ქსელები საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიების აქტიური ნაწილი არ არის, რადგან ისინი ამ პლატფორმებს სრული და ეფექტური დატვირთვით ვერ იყენებენ.

myquiz