რატომ დაიწყო ომი - მიხეილ სააკაშვილი 10 წლის წინანდელ მოვლენებს აანალიზებს | Allnews.Ge

რატომ დაიწყო ომი - მიხეილ სააკაშვილი 10 წლის წინანდელ მოვლენებს აანალიზებს

2008 წლის ომისას აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს რამდენჯერმე ვესაუბრე და ხმასაც კი ავუწიე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჯორჯ ბუშთან რამდენიმე საუბარი მქონდა, მათ შორის დაძაბული. მას ვუთხარი, რომ მამამისის პრეზიდენტობისას საბჭოთა კავშირი განადგურდა, ხოლო მისი პრეზიდენტობისას კი საბჭოთა კავშირის აღდგენა ხდება და რომ ის ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელმაც საბჭოთა კავშირის აღდგენა დაუშვა. არ დავმალავ, რომ მასთან საუბარში ხმასაც კი ავუწიე. ეს დაძაბული საუბარი იყო. მას არ უყვარს ამის გახსენება, თუმცა ისტორიიდან ფურცლებს ვერ ამოგლეჯ. მას განვუცხადე, რომ საქართველოში რუსული ჯარი შემოდიოდა და მას უნდა ახსოვდეს, რომ მისი პრეზიდენტობისას საბჭოთა კავშირი აღდგა", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ჯორჯ ბუშმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და მას უთხრა: "მოგვეცი გარკვეული დრო და ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ".

მედვედევი ნულია. ვფიქრობდი, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მქონდა საქმე და აღმოჩნდა, რომ არაფერს წარმოადგენს, უბრალოდ არარაობაა, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტზე.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, დიმიტრი მედვედევმა მას განუცხადა, რომ "ის არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომ მოსკოვში ჟანრის სულ სხვა კანონები მოქმედებს".

ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე შეეხო პუტინთან მის ურთიერთობებს.

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს საუბრები იმის თაობაზე, რომ მე პირადი გაუგებრობა მქონდა პუტინთან და ამის გამო დაიწყო ომი, სრული სისულელეა. ჯორჯ ბუში მართალი იყო, როდესაც აღნიშნა, რომ პუტინი საკმაოდ ცივსისხლიანია, რათა ომები დაიწყოს პირადი ურთიერთობების გამო. მე არასოდეს მქონია მასთან კონფლიქტები. ჩვენ ყოველთვის გვქონდა თავაზიანი საუბრები. ის ჩემთან ყოველთვის თავშეკავებული იყო. მისი მხრიდან უპატივცემულობას არ ვგრძნობდი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პუტინისთვის პრობლემა იყო ის, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმები ჩაატარა.

"ის სააკაშვილის გამო კი არ დაესხა თავს საქართველოს, არამედ იმიტომ, რომ წერტილი დაესვა საქართველოს რეფორმებისთვის. მე მისთვის რეფორმების სიმბოლო ვიყავი", - აღნიშნა მან.

myquiz