"ქართული ოცნება" დაინახავს, რომ 100 ცხვარს ერთი მგელი სჯობს - როგორ ეხმაურება დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვას? | Allnews.Ge

"ქართული ოცნება" დაინახავს, რომ 100 ცხვარს ერთი მგელი სჯობს - როგორ ეხმაურება დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვას?

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

"გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები. "ქართული ოცნებისთვის" შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დავით ჭიჭინაძე," - აღნიშნულია სამდივნოს გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილებას ხელს აწერს "ქართული ოცნების" სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავად დავით ჭიჭინაძე ასე გამოეხმაურა: "ქართულ ოცნებაში" რამდენიმე პარტიაა და იქ რომ გადავიდე, რას იზამენ, იმ პარტიებსაც გარიცხავენ?!"

მისი თქმით, მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა საზოგადოებას აჩვენოს, თუ როგორია დეპუტატი. ჭიჭინაძის განცხადებით, ის არ აპირებს მოსახლეობის იმედების გაცრუებას და აქტიურ პოლიტიკაში რჩება.

დავით ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი განცხადებებისა, არის თემები, რომელზეც ხმამაღლა აქამდე არ უსაუბრია, ვინადან მიაჩნია, რომ პოლიტიკაში გარკვეული დათმობებიც საჭიროა. დეპუტატი და მმართველი პარტიის უკვე ყოფილი წევრი "პალიტრანიუსის" ეთერში საუბრისასაც აღნიშნავს, რომ მისი პარტიიდან გარიცხვა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული შეიძლება არ იყოს.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური საქმიანობა პარტიის ძველ სახეებთან ერთად გააგრძელოს, რომელსაც ის რეალურ „ქართულ ოცნებას“ უწოდებს.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" დაინახავს, რომ 100 ცხვარს ერთი მგელი სჯობს.

""ქართული ოცნება" არის ქართველი ამომრჩეველი და ქართველი ხალხი. მე მათთან ვერავინ დამაშორებს. შესაბამისად, ქართველ ხალხთან ერთად და ნამდვილ ოცნებასთან ერთად გავახსენებ იმ ადამიანებს, თუ რა არის ქართული ოცნება.

მე ვარ დეპუტატი. ვასრულებ ამომრჩევლის ნებას. რომ არ ვგრძნობდე ხალხის მხარდაჭრას, არც ისეთი შეურაცხადი ვარ, ვაკეთო ის განცხადებები, რაც რეალობა არ არის. როდესაც ესენი ამ ხალხს აყენებენ შეურაცხყოფას, ეს მათი გადასაწყვეტია და ვფიქრობ ამას უახლოეს არჩევნებზე ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს. რომელია უფრო მაგარი, 100 ცხვარი თუ ერთი მგელი, ამასაც დავანახებთ", - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

მმართველი პარტიის ყოფილი წევრის განცხადებით, ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ნდობა დაკარგა, იმ ადამიანთა დამსახურებაა, ვინც პარტიიდან მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. დეპუტატს ეჭვი ეპარება, რომ მისი გარიცხვის საკითხი ბიძინა ივანიშვილთან ყოფილიყო შეთანხმებული.

"მორალზე და ეთიკაზე რომ ლაპარაკობს კობახიძე ან ის დანარჩენები, რომელთა სახელების გახსენებაც უხერხულია, ვინაიდან თუ "ქართულმა ოცნებამ" ნდობა დაკარგა, ამნაირი ადამიანების დამსახურებაა. არ მგონია, რომ თითო წევრის გარიცხვაზე ბიძინა ივანიშვილი დადიოდეს ამ დონემდე. მე ვცდილობდი "ქართული ოცნებისთვის" მომეწმინდა ის აურა, რომელიც მის გარშემო ჩამოყალიბდა. ასეთი ქმედებებით, მისი პოლიტიკური მომავალი ბუნდოვანია", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

myquiz