თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით დღეს აქცია გაიმართება | Allnews.Ge

თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით დღეს აქცია გაიმართება

იუსტიციის სახლთან დღეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, ახალი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორობის კანდიდატები ახალმა იუსტიციის მინისტრმა, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის და კონსენსუსის შედეგად შეარჩიოს.

"იუსტიციის მინისტრი არის პერსონალურად პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც არ განხორციელდა; იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს; იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მადლობა გადაუხადა კარგად შესრულებული საქმიანობისთვის მისი გადადგომის შემდეგ; იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეული ოთხი მთავარი პროკურორიდან ვერც ერთმა ვერ იმუშავა დამოუკიდებლად; თეა წულუკიანი არ აღიარებს და პატივს არ სცემს სასამართლო ხელისუფლებას! ის არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს გახმაურებულ საქმეებზე, იყენებს ინსტიტუციურ მექანიზმებს პირადი მიზნებისთვის, უკანონოდ ათავისუფლებს თანამშრომლებს სამსახურიდან;

იუსტიციის მინისტრმა არამიზნობრივად გაზარდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა იუსტიციის სისტემაში და პარტიული აქტივისტებით გაავსო სამინისტრო; სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორჯერ დაუწუნა მოსამართლეთა სია; წაგებული აქვს თითქმის ყველა საქმე საერთაშორისო დონეზე; იუსტიციის მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა არასამთავრობო სექტორმა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროკურატურისადმი ნდობის აღსადგენად აუცილებელია, მთავარ პროკურორად შეირჩეს პირი, რომელიც არ არის აფილირებული მმართველ პარტიასთან და სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, დარწმუნებულები ვართ, რომ თეა წულუკიანი ვერ შეარჩევს დამოუკიდებელ პროკურორს, სწორედ ამიტომ, ვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას და ახალი იუსტიციის მინისტრის შერჩევას სამოქალაქო საზოგადოებრივი კონსესუსის შედეგად, მისი წინამორბედის შეცდომებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით", - ნათქვამია აქციის საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებაში.

myquiz