ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დღეიდან დაიწყებს | Allnews.Ge

ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დღეიდან დაიწყებს

ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დღეიდან დაიწყებს. როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, პირველი რიგში კომისიაში უნდა შეთანხმდნენ ტექნიკურ საკითხებზე და იმაზე, თუ ვის იბარებენ და როდის.

"ტექნიკურ საკითხებს გავივლით, ვის ვიბარებთ და როდის ვიბარებთ. ამ კვირაშივე დავიწყებთ დაბარებას კონკრეტული ადამიანების, რომელთა მოსვლაც მიგვაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი. საქმის მასალებთან დაკავშირებით გაიგზავნება წერილები და ყველა მასალა იქნება გამოთხოვილი.

მასალების ნაწილს გავეცნობით ადგილზე. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ხელისუფლებას, კონკრეტულად, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს, რომ იმუშაოს კომისიასთან მთელი სერიოზულობით და ჩვენს მოთხოვნილ ყველა მასალას მოეკიდოს სერიოზულად, ყველანაირი ვადების გაწელვის გარეშე. საზოგადოებრივი დაკვეთა არის, რომ კომისიას ჰქონდეს მუშაობის მოკლე ვადა და რომ ყველა ინფორმაცია იყოს მიწოდებული დროულად, ეს არის მნიშვნელოვანი და იმედია, არავის ექნება ილუზია, რომ გაუვა ხელის შეშლა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია დაამტკიცა. კომისიის შექმნის დადგენილებას 95-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის ერთმა წევრმა კომისიის წინააღმდეგ მისცა ხმა. მანამდე კენჭი ეყარა კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს, სადაც ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ სერგი კაპანაძე 91 ხმით აირჩიეს. ადა მარშანიას მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

17-კაციან კომისიაში უმრავლესობით - 9 წევრით "ევროპული საქართველოა" წარმოდგენილი, ხოლო "ქართული ოცნება" წარმოდგენილია ექვსი დეპუტატით.

კომისიის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობიდან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე.

"ევროპული საქართველოდან":  სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსიდან" - ადა მარშანია და ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე ზურაბიშვილი. კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა.

myquiz