სასამართლომ "გირჩის" ლიდერებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა | Allnews.Ge

სასამართლომ "გირჩის" ლიდერებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია "გირჩის" ლიდერებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და პარტიის ლიდერები წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა მიმართ დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 2 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო პარტიის ორ წევრს იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს ათდღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, შს სამინისტროს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულებები, რაც მათ ბრალეულობას დაამტკიცებდა, ხოლო ვიდეოჩანაწერები იყო დამონტაჟებული. მისივე თქმით, დაკავების შემდეგ სამართალდამცველები უდიერად ეპყრობოდნენ იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს, ერთ–ერთმა პოლიციელმა კი იაგო ხვიჩიას იმის გამო დასცინა, რომ მას ზოლებიანი წინდები ეცვა.

"სასამართლომ მიიღო უარგუმენტო გადაწყვეტილება, წარმოდგენილი არ იყო არანაირი მტკიცებულება, გარდა 6 პოლიციელის ჩვენებისა და იმ დამონტაჟებული ვიდეომტკიცებულებებისა, რომელიც უწყებამ წარმოადგინა. სასმაართლო პროცესზე ასევე იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას დასცინოდნენ პოლიციელები და ეპყრობოდნენ უდიერად. თუმცა, მოსამართლემ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ბექა დოჭვირის განცხადებით კი, სასამართლომ იმსჯელა იმ მტკიცებულებებზე, რომელიც უტყუარია და წარადგინა უწყებამ. მისივე თქწმით, ბრალდებები, რომელიც პოლიციელთა მისამართით კეთდება, უსაფუძვლოა და ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

"ჩვენ წარმოვადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები სასამართლოში, რომელიც გაიზიარა მოსამართლემ. რაც შეეხება ბრალდებებს, რომ პოლიციელები მათ ექცეოდნენ უდიერად ან დასცინოდნენ, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და აღნიშნული არ დამტკიცდა სასამართლო პროცესზეც", – განაცხდა ბექა დოჭვირმა.

myquiz