მთავარი პოლიტიკური მესიჯები პრეზიდენტის რანგში მარგველაშვილის ბოლო ანგარიშიდან | Allnews.Ge

მთავარი პოლიტიკური მესიჯები პრეზიდენტის რანგში მარგველაშვილის ბოლო ანგარიშიდან

ჩემს შემდეგ განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

"მახსენდება 2013 წელი, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება, რაც მაშინ იყო. მაშინ განხორციელებული რეფორმები, ის რაც გააკეთა დათო სერგეენკომ, რაც გააკეთა დათო კირვალიძემ, ის რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ იმის მერე განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა, იყო ორიენტირებული საქართველოს რიგით მოქალაქეზე; იყო ორიენტირებული იმაზე, რომ რიგითი ქართველის ყოფა შეცვლილიყო. ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში და ამ სულისკვეთებით მე დავთანხმდი ვყოფილიყავი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, რათა ეს მუშაობა გაგრძელებულიყო", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, 2016 წლის არჩევნები იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის. ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია.

"2016 წლის არჩევნები იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის, მიზანმიმართული შესუსტება პოლიტიკური პარტიების, როგორც მთავარი მოთამაშეებისა პოლიტიკურ სივრცეში. ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია, იმისთვის, რომ შექმნილიყო წინაპირობა ძლიერი ოპოზიციისთვის, არც ერთი კანონმდებლობა არ შეიქმნა ამ მიმართულებით. საერთოდ, როცა მახსენდება 2015 წელს წამების კადრების საჯარო ჩვენება, მე შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული პოლიტიკური კულტურიდან და კლასიდან ნამდვილად გვაშორებს ასეთი ნაბიჯები. თუმცა ნამდვილად, ამ წლების განმავლობაში შეიცვალა სახელმწიფოს სახე და ის აღარ არის აგრესიული. მოქალაქეს სახელმწიფოსი აღარ ეშინია. განსხვავებით წინა წლებიდან. ეს ნიშნული თავიდანვე 2012 წელს დაიდო ხელისუფლების ცვლილების დროს და ეს ნიშნული შენარჩუნებულია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის აზრით, მედიის მიმართ არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეეების შექმნა ხდება და მედიის წარმომადგენლები სტრესის რეჟიმში მუშაობენ.

ამის შესახებ მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

"2012 წელს გვახსოვს, რა პირობებში გვიწევდა საარჩევნო კამპანია და რა მედიაგარემო იყო. 2012 წლის მერე მედიაგარემო ნამდვილად გათავისუფლდა და მედიის შტურმები აღარ ხორციელდება, თუმცა რაღაცა ტიპის, არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეეების შექმნა მედიის მიმართ მაინც ხდება. ჰკითხეთ, მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს - ისინი სტრესის რეჟიმში მუშაობენ, მუდმივად მოლოდინის რეჟიმში, რომ რაღაც სირთულეები იქნება მათ წინაშე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, "რუსეთთან ასეთ ვითარებში მყოფი ქვეყანა ეროვნული უშიშროების საბჭოს აუქმებს - ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ". პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სახელმწიფო საკუთარი განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება. მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით სწორი და ადეკვატურია საქართველოს მიერ არჩეული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.

"ამ ახალ ფაზაში კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს ჩვენი - ყველას გაერთიანების მოტივაცია იმ ღირებულებების ირგვლივ, რასაც ჩვენი სამშობლოს ერთიანობის დაცვა ჰქვია. ამ ფონზე ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია პოლიტიკა, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ხორციელდებოდა. რუსეთთან ამ ვითარებში მყოფი ქვეყანა აუქმებს უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თაობაზე - აუქმებს უშიშროების საბჭოს! ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ და ასეთ თემებზე მაინც ვიყოთ გაერთიანებული და გვქონდეს ნათელი ხედვა, რომ ჩვენ სამშობლოს დასაცავად ერთიანი ვართ", - მიმართა პარლამენტს გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი აფგან მუხთარლის საქმესაც შეეხო.

myquiz