ვანსა და ხონში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია | Allnews.Ge

ვანსა და ხონში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

ცენტრალური საარჩევნო კომისია ვანისა და ხონის 60-ვე უბნის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც შემაჯამებელ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57.86% მიიღო, ხოლო "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა გიგი უგულავამ - 38.38%.

"№54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 60-ვე უბნის მიხედვით 6 რეგისტრირებულ კანდიდატს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

"ევროპული საქართველო" - გიგი უგულავა 10 404 ხმა, რაც პროცენტულად არის 38.38%; პარტია "საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი 124 ხმა, რაც 0.46%-ია; "ტრადიციონალისტები" - ზურაბ ქართველიშვილი 59 ხმა, რაც 0.22%-ია; "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - მამუკა ტუსკაძე 399 ხმა, რაც პროცენტულად 1.47%-ია; პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - გივი ჭიჭინაძე 15 690 ხმა, რაც პროცენტულად არის 57.86%; საინიციატივო ჯგუფის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი 436 ხმა, რაც 1.61%-ია", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9%.

ცესკოს ინფორმაციით, როგორც კენჭისყრა, ასევე ხმის დათვლის პროცედურა საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა.

შეგახსენებთ, რომ ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

myquiz