საქართველოს მთავრობას კიდევ ერთი ქალი მინისტრი შეემატა - ვინ არის მაია ცქიტიშვილი? | Allnews.Ge

საქართველოს მთავრობას კიდევ ერთი ქალი მინისტრი შეემატა - ვინ არის მაია ცქიტიშვილი?

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი დაიკავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნულ პოსტზე ზურაბ ალავიძე შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ მაია ცქიტიშვილი 2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს მთავრობის კანცელარიის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

მაია ცქიტიშვილი დაიბადა 1974 წლის 2 ივნისს ქ. თბილისში. 1991-1996 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 1993 წელს პრაღაში მეფე კარლის უნივერსიტეტში გაიარა ჩეხური ენის კურსები, ხოლო 1993-1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე. 2002 წელს სწავლა განაგრძო კავკასიის ბიზნესის სკოლაში.

რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, 1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში გენერალური დირექტორის თანაშემწედ.

1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზების" ჯერ კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი.

2002-2003 მუშაობდა ავიაკომპანია Georgian Air კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტში უფროს მენეჯერად.

2003-2005 წლებში იყო შპს "ბურჯის" ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი.

2005 წელს მუშაობა განაგრძო სს "ქართუ ჯგუფში" პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობებში.

2006 წელს იყო სს "ბაგები სითი ჯგუფი" პროექტების მენეჯერი, ხოლო 2007-2008 წლებში სს „პარქთაუნის“ დირექტორი.

2009 წელს მუშაობას აგრძელებს შპს "ქართუ მენეჯმენტში" დირექტორის თანამდებობაზე.

2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე არის საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

myquiz