ზურაბ ალავიძემ მინისტრის პოსტი დატოვა | Allnews.Ge

ზურაბ ალავიძემ მინისტრის პოსტი დატოვა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე თანამდებობიდან გადადგა, - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

"მინდა წარმოგიდგინოთ ერთი სამთავრობო ცვლილება. წელიწადნახევრის წინ, როდესაც ზურაბ ალავიძე დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების მართვის განყოფილების უფროსად, რომელსაც ევალა რეგიონული პროექტები, მე კარგა ხანი დამჭირდა მისი საჯარო სამსახურში წამოსვლაზე დაყოლიებისთვის. მაშინვე ამბობდა, რომ საკუთარ თავს გრძელვადიან პეტრსპექტივაში საჯარო სექტორში ვერ ხედავდა, ეს ისედაც ვიცოდი გამომდინარე იქიდან, რომ 20 წელია ვიცნობ და ყოველთვის კერძო სექტორში იყო დასაქმებული. რამდენიმე დღის წინ მომმართა თხოვნით კერძო სექტორში დაბრუნების თაობაზე, მე დამჭირდა რამდენიმე დღე, რომ დამეყოლიებინა დარჩენაზე, მაგრამ ვეღარ შევძელი და მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება. ზურა ყოველთვის, სადაც მუშაობდა, ყოველთვის გამორჩეულად ეფექტური მენეჯერი იყო, ყოველთვის იყო შედეგებზე ორიენტირებული და ბიუროკრატიის წინააღმდეგი ადამიანი. მან ეს საკუთარი მუშაობითაც დაადასტურა მთავრობაში, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, რაც გახლავთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებაში, რაც არის სივრიცითი განვითარება, სერიოზული პროგრესი აჩვენა", - განაცხადა კვირიკაშვილმა და ალავიძის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ალავიძე მინისტრის პოსტს 2016 წლის 29 ნოემბრიდან იკავებდა.

myquiz