ე.წ.სამხრეთ ოსეთის "გენერალური პროკურატურა" - ოსი ხალხის გენოციდის ბრალდებით ძებნაში გამოცხადდა სააკაშვილი, მერაბიშვილი და ოქრუაშვილი | Allnews.Ge

ე.წ.სამხრეთ ოსეთის "გენერალური პროკურატურა" - ოსი ხალხის გენოციდის ბრალდებით ძებნაში გამოცხადდა სააკაშვილი, მერაბიშვილი და ოქრუაშვილი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვასილი პოლიაკოვმა იმ სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც არჩილ ტატუნაშვილის დაკავება მოხდა. ამის შესახებ სააგენტო "რესი" წერს.

"2004-2008 წლებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღიძრა 166 სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს", - განაცხადა პოლიაკოვმა.

მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა და საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის თანამდებობის პირები, რომლებსაც "ოსი ხალხის გენოციდსა და სამხედრო დანაშაულების ჩადენაში მიუძღვიათ ბრალი".

"მათი რაოდენობა 45-ს აჭარბებს. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები", - განაცხადა დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.

მისივე განმარტებით, გამოძიებამ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული სამხედრო ფორმირებების დანაშაულებრივი ქმედებების არაერთი ეპიზოდი დაადგინა.

"მოკლულია 162 ადამიანი, დაჭრილია 700-ზე მეტი ადამიანი, გატაცებულია 53 ადამიანი, გადამწვარია 735 და განადგურებულია 1510 სახლი, განადგურებულია 300-ზე მეტი მოქალაქის ქონება, 55 სახელმწიფო დაწესებულების ქონება, სამეწარმეო საქმიანობის 104 ობიექტი, დახვრეტილია 17 ლტოლვილი, რომლებიც ცხინვალი-ძარის გზით სამხედრო ბრძოლის ზონის დატოვებას ცდილობდნენ", - დასძინა პოლიაკოვმა.

myquiz