რუსეთი სიამოვნებით ეცდება ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ - გიორგი აბაშიშვილი | Allnews.Ge

რუსეთი სიამოვნებით ეცდება ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ - გიორგი აბაშიშვილი

ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში განუცხადა, სადაც ამ წუთებში ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

აბაშიშვილის თქმით, სიფრთხილის არარსებობის შემთხვევაში საფრთხე შესაძლოა დადგეს.

"ჩვენ ორ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის მონაპოვარი, რაც არის ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება, მონაპოვართან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისადმი, რათა რეალურად ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რომელსაც გვაძლევს ვიზალიბერალიზაცია. საჭიროა ვიყოთ უფრო ფრთხილად, შეაბამისად, მეტი ვესაუბროთ ჩვენს ირგვლივ მყოფებს იმ სიკეთეებზე და საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება სიფრთხილის არარსებობის შემთხვევაში ჩვენს წინაშე დადგეს. ვიზალიბერალიზაცია არის უმნიშვნელოვანესი სარგებელი და დიდი პასუხისმგებლობა, კიდევ ერთხელ ეს უნდა გავაცნობიეროთ.

რაც შეეხება შეჩერების რისკებს, ამ ეტაპისთვის ეს არ არსებობს, მაგრამ ზოგადად, ყოველთვის, როცა ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების შესახებ, კრიმინალთან დაკავშირებული, ან ა.შ. ევროპაში, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, ამ ინფორმაციის წარმომავლობის წყაროს. ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან დიდი პროპაგანდისტული მტერი რუსეთის სახით, რომელიც ხშირ შემთხვევაში დიდი სიამოვნებით ეცდება მაქსიმალურად ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს შესახებ და მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რომლითაც სრულიადაც არ არის ბედნიერი. შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში ეს არსებობდეს. ეს ფაქტორი არსებობს და ამის იგნორირება უბრალოდ არ შეიძლება,"- განაცხადა აბაშიშვილმა.

myquiz