ორი ბინა თბილისში და 4 მილიონამდე დოლარი საბანკო ანგარიშებზე - როგორ შეიცვალა კალაძის ქონება 1 წელში? | Allnews.Ge

ორი ბინა თბილისში და 4 მილიონამდე დოლარი საბანკო ანგარიშებზე - როგორ შეიცვალა კალაძის ქონება 1 წელში?

დედაქალაქის მერმა, რომელიც მანამდე ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, 2017 წელს რამდენიმე უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა კახა კალაძის ქონება 1 წელიწადში. 2018 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს კალაძემ თბილისში ორი - 136,2 კვადრატული მეტრისა და 63,8 კვ. მეტრი ფართობის ბინა შეიძინა, მათში გადახდილმა თანხამ კი ჯამში, 160 ათასი დოლარი შეადგინა. ამასთან, მერმა 2017 წელს 14 ათას დოლარად ამავე მისამართზე მდებარე 2 ავტოფარეხიც იყიდა.

მის საკუთრებაშია ასევე 367,6 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში; 410 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში; 697,6 კვ. მეტრისა და 735,2 კვ. მეტრის ორი აგარაკი დაბა წყნეთში; 396 კვ. მეტრი ფართობის ბინა დედაქალაქში. კალაძე ფლობს ასევე 2 380 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სამტრედიაში; 3 031 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში; 1 060 კვ. მეტრის, 1 058 კვ. მეტრისა და 1 139 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს დაბა წყნეთში; 56 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს თბილისში.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერი ფლობს ორ ბინასა და 3 000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს კიევში, ორ არასაცხოვრებელ ფართს სამტრედიაში და 2000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, კალაძეს ეკუთვნის: მოტოციკლები: HARLEY DAVIDSON SPRINGER-ი; HARLEY DAVIDSON BOBBER-ი; HARLEY DAVIDSON V ROD-ი; მსუბუქი ავტომობილები - BENTLEY CONTINENTAL-ი; FERRARI GTO-ი; FIAT 500 BI POSTO და MERCEDES BENZ AMG GTS-ი. მანვე შეიძინა 2017 წელს ორი მსუბუქი ავტომობილი, კერძოდ, 40 000 ევროს ღირებულების MINI COUPER CLUBMAN- ი და MERCEDES BENZ VIANO, რომელშიც 40 000 დოლარი გადაიხადა.

ავტომობილებისა და მოტოციკლების გარდა, კახა კალაძე ხელოვნების ნიმუშების კოლექციითაც არის გატაცებული. მინისტრის კოლექციაშია ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის 3-3 ფერწერული ტილო. აქედან ახვლედიანის ერთ-ერთი ნამუშევარი 2009 წელს საჩუქრის სახით მიიღო; ხოლო დანარჩენი 5 ნამუშევრის შესაძენად, ჯამში 245 ათასი დოლარი აქვს გადახდილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე კალაძეს ჯამში, 3 914 489.28 დოლარი; 4 600 224.62 ევრო 20,42 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 40 000 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, კალაძის წინა წლის შემოსავალი მინისტრის პოსტზე 38 988 ლარი; დედაქალაქის მერის თანამდებობაზე 13 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში კი 5 149 ლარი იყო. თუმცა, როგორც ცნობილია, კახა კალაძე არც მინისტრობისას და არც მერობისას თანამდებობრივ სარგოს არ იღებს და ეს თანხა სხვადასხვა სოციალურ საჭიროებებს ხმარდება.

ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კალაძეს გასულ წელს მნიშვნელოვანი შემოსავალი ჰქონდა საკუთარი ბიზნესებიდან. კერძოდ, უკრაინაში მდებარე შპს ООО ЮКА -ს საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 470 ათასი დოლარი შეადგინა. კალაძე აღნიშნულ საწარმოში 33%-იანი წილის მფლობელია. უკრაინაში მდებარე კიდევ ერთი საწარმოს - შპს "ნესტ გრუპ"-ის საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა კი, სადაც კალაძე 50%-ს ფლობს, 280 ათასი ევრო შეადგინა. იხილეთ გაგრძელება

myquiz