ვანო მერაბიშვილს შესაძლოა, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შეეხოს | Allnews.Ge

ვანო მერაბიშვილს შესაძლოა, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შეეხოს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდეს. მერაბიშვილმა სასჯელის ის ვადა მოიხადა, რომლის შემდეგაც მას შესაძლოა ე.წ. უდოს კომისია შეეხოს. კომისია უკვე ვალდებულია, რომ მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვას თავად მსჯავრდებულის მიმართვა არ სჭირდება და კომისიამ საკითხი ავტომატურად უნდა განიხილოს.

"საუბარია იმაზე, რომ როდესაც ადამიანს აქვს მისჯილი და მოიხდის გარკვეულ პერიოდს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლება შეეხოს, ეს ვადა მერაბიშვილთან მიმართებაში დამდგარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მთლიანად ხელისუფლებაზე, სასაჯელაღსრულების სამინისტროზეა დამოკიდებული ყველაფერი. კომისიას შეუძლია განიხილოს და გაათავისუფლოს, თუკი ისინი ამას საჭიროდ ჩათვლიან", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

მისივე თქმით, თუკი პირველ ჯერზე ვანო მერაბიშვილს ე.წ. უდოს კომისია გათავისუფლებაზე უარს ეტყვის, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გადასინჯვა ავტომატურად 6 თვეში მოხდება და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვალდებული იქნება მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი ხელახლა განიხილოს.

"პროცედურა ისეთია, რომ კომისია არ საჭიროებს მერაბიშვილის მიმართვას. პროცედურა თავისით ირთვება. ანუ, სასჯელაღსრულების სამინისტრო ვალდებულია ეს პროცედურა დაიწყოს მის მიმართ. თხოვნით მიმართვა მსჯავრდებულის მხრიდან არ არის საჭირო. ამ ყველაფრის საქმის კურსში თავად ვანო მერაბიშვილი, რა თქმა უნდა, არის. თავად არანაირი მოთხოვნა არ გაუკეთებია. რამდენადაც ვიცი, ე.წ. უდოს კომისია იკრიბება თვეში ერთხელ. ამ შემთხვევაში როგორ იქნება არ ვიცი. ნებისმიერ თვეს შეუძლიათ ამის გაკეთება", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთა რამდენიმე ბრალდების საქმეზე აქვს შეფარდებული. ყველაზე მაღალ სასჯელს მერაბიშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე იხდის. მას აღნიშნულ საქმეზე 6 წელი და 9 თვე აქვს შეფარდებული, საიდანაც დაახლოებით 4 წელი უკვე მოიხადა.

myquiz