პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო | Allnews.Ge

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ხელი არ მოაწერა. გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტს უკან, მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნებიდან პირველ 4 პუნქტში, თავიდან ბოლომდე იმეორებს ვენეციის კომისიის წინაშე "ქართული ოცნების" მიერ აღებულ ვალდებულებას. ეს ის საკითხებია, რომლებზეც "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიასთან ჩასწორების ვალდებულება აიღო: ეს 4 საკითხი უცვლელად გადმოდის მოტივირებულ შენიშვნებში: ბონუსის, საარჩევნო ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მე-5 საკითხიც ასევე "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის - ეს 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხია.

"როგორც ცნობილია, მმართველ პოლიტიკურ გუნდს კონსტიტუციის მიღების მომენტში ხმები აკლდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" პარლამენტში ამ საკითხის გადატანას მხარს დაუჭერს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ოპოზიცია მხარს დაუჭერს და ხმას მისცემს ამ საკითხს და შედეგად, ისიც სრულიად უმტკივნეულოდ, ის რასაც "ქართული ოცნება" ჰპირდებოდა საზოგადოებას გათვალისწინებული იქნება კონსტიტუციაში.

ბოლო, მეექვსე საკითხი ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი პარტია ოპოზიციასა და მთელ ქართულ საზოგადოებასთან ვერ შეთანხმდა. მაგრამ აქაც გადავწყვიტე არ ვიყო ხისტი და ერთმნიშვნელოვნად არ წარვადგენ შეთავაზებას. ჩვენ ამ საკითხის მომავალში განხილვას ვთავაზობთ ქართულ პარლამენტს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე მოსმენით 26 სექტემბერს, 117 ხმით მიიღო.

myquiz