სიახლეები, რასაც კახა კალაძე თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში მოსახლეობას ჰპირდება | Allnews.Ge

სიახლეები, რასაც კახა კალაძე თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში მოსახლეობას ჰპირდება

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაცია გუშინ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართა. მან იმ სიახლეებზე ისაუბრა, რასაც ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება.

კახა კალაძემ შვიდი მიმართულება გამოყო, რომლის მიხედვითაც მოხდება წინასაარჩევნო პროგრამის შემუშავება და რომელზეც მისი გუნდი, გამარჯვების შემთხვევაში, იმუშავებს. მან, "ქალაქის ურბანული განვითარების" მიმართულებაზე საუბრისას, ძველი თბილისის განვითარებაზე, ასევე ქალაქის ერთიან იერსახესა და თითოეული რაიონის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

კახა კალაძე - ყველაფერი გავყიდე, ერთადერთი, რაც დამრჩა, ქობულეთში სასტუმროა

რას გულისხმობს სატრანსპორტო სტრატეგია, რომლის შექმნასაც კალაძე მერობის შემთხვევაში აპირებს

კახა კალაძე - "ხრუშოვკების" ეტაპობრივ ჩანაცვლების შესახებ პროექტი გვაქვს მომზადებული

კახა კალაძე - "გუგლი" მოიხმარეთ

რა ქონებას ფლობს კახა კალაძე?

"პირველი პრობლემა, რაც გვაქვს, ეს არის ქალაქის ურბანული განვითარების, მათ შორის მისი ისტორიული ნაწილის ერთიანი კონცეფციის არ არსებობა. ამ მიმართულებით მერიას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა გენგეგმაზე, მიმდინარეობს განხილვა და მსჯელობა. ამაში ექსპერტთა ჯგუფებია ჩართული. ალბათ იქნება შენიშვნები, შესაბამისად, მოხდება მათი განხილვა და გათვალისწინება და საბოლოოდ დამტკიცდება თბილისის მიწათმოწყობის გეგმა, რომელიც საბოლოოდ მოაწესრიგებს ქალაქის ქაოტური განვითარებისა და განაშენიანების პრობლემას. უსახური შენობები, რომელიც მომრავლდა ქალაქში და გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს... შეიქმნება სტანდარტები ფასადებისთვის, შემუშავდება დიზაინის ერთიანი სტილი. ეს არის ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქს გააჩნია. ეს გულისხმობს წარწერების, ვიტრინებისა და აბრების, ზოგადად, იერსახის მოწესრიგებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული შრიფტის დაცვას.

ავარიული შენობები, რომელიც პრობლემური თემაა - ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბევრი ავარიული შენობაა, თუმცა, ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა რაოდენობაა. შემუშავდება ავარიული და ძველი შენობების ინვენტარიზაციისა და გამაგრება-ჩანაცვლების ერთიანი გეგმა.

ძველი თბილისის რეაბილიტაცია - ეს იქნება მთავარი მიმართულება ჩვენი გუნდისთვის. გაგრძელდება ძველი თბილისის რეაბილიტაცია. მშენებლობის, რეაბილიტაციისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თბილისის ისტორიული ნაწილის ავთენტური სახის შენარჩუნებას. ჩვენ ვიმუშავებთ რაიონების თანაბარ განვითარებაზე. განვითარების კონცეფციის შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება თბილისის თითოეული უბნის თანაბარი განვითარება. ყველა უბანში გამოიკვეთება ცენტრები სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვით, რომელთა განვითარებაზე იზრუნებს მერია კერძო სექტორთან ერთად", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უწყვეტ წყალმომარაგებას თბილისის ყველა უბანში.

"მე უახლოეს მომავალში ვგეგმავ შევხვდე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ხელმძღვანელობას და გაგაცნობთ მომდევნო წლების გეგმებს თუ რას აპირებს ეს კომპანია და რა კონკრეტული პროგრამები განხორციელდება, ასევე, რა თანხა დაიხარჯება. ეს შეიძლება პირდაპირ მერიის საქმიანობა არ იყოს, თუმცა რადგან ეს თბილისის პრობლემაა და აწუხებს მოსახლეობას, ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით", - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა თბილისის ყველა რაიონში, ახლებურად დაიგეგმება თბილისობა და სხვა კულტურული ღონისძიებები.

მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაღების საჭიროებაზე და განაცხადა, რომ მომავალ წელს გაგრძელდება როგორც არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ასევე ახალი ბაღების მშენებლობა.

"2012 წელს, საბავშვო ბაღების მიმართულებით განვახორციელეთ რეფორმა - საბავშვო ბაღები ბავშვებისთვის გახდა უფასო და ყოველწლიურად ბაღებში ბავშვების რაოდენობა მატულობს. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა ჩვენ ამ მატებას უნდა დავხვდეთ მომზადებული. მერიამ, გასული წლების განმავლობაში, განახორციელა 12 საბავშვო ბაღის პროექტი, ათის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მომავალ წელს უკვე დასრულებული იქნება. ჩვენ, მომავალ წელს, აუცილებლად გავაგრძელებთ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას და ახალი ბაღების მშენებლობას. დადგინდება მომსახურების ახალი, მაღალი სტანდარტი და მერია უზრუნველყოფს ამ სტანდარტის შესაბამისად მათ ავტორიზაციას", - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, იმისთვის, რომ თბილისი ინკლუზიური ქალაქი გახდეს, შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება. ამის შესახებ კალაძემ ქალაქის სოციალურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა და საზოგადოებას ამ მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნო.

"მახსოვს წლები, როდესაც უფულობის, უსახსრობის გამო, ადამიანები, სამწუხაროდ, საოპერაციო მაგიდებზე იღუპებოდნენ. თუმცა, დღეს ძალიან განსხვავებული რეალობა გვაქვს, რადგან ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაზღვეულია", - განაცხადა კახა კალაძემ და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, აუცილებლად გაგრძელდება, დაიხვეწება და გაფართოვდება ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამები. ასევე, მოხდება სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის გაძლიერება და მისი ავტოპარკის განახლება.

"მერია იზრუნებს შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების უზრუნველყოფაზე ღირსეული საცხოვრებლით; ძალიან აქტუალურია ქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტირების საკითხი შშმპ-ებისთვის; განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა თბილისი გახდეს ინკლუზიური ქალაქი. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვადასხვა ობიექტების ადაპტირება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ ქალაქის სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია თბილისის ურბანულ განვითარებაში. განისაზღვრება ახალი სატრასნპორტო დერეფნები და გაფართოვდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო სქემა. დღეს, სამწუხაროდ, კონკრეტულ რაიონებში არსებობს უბნები, სადაც მაგალითად არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ან თუ მოძრაობს, დიდი ინტერვალია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.

ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. ის უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ - პოპულარული. განხორციელდება მეტროს რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები, არსებული მეტროს სადგურების რეკონსტრუქცია და დაიგეგმება მეტროს ახალი ხაზების განვითარება. განახლდება თბილისის ავტობუსისა და მიკროავტობუსების პარკი თანამედროვე კომფორტული ავტობუსებით.

რადგან მომავალი წლების განმავლობაში ჩვენ დიდი რაოდენობით ავტობუსების შეძენა მოგვიწევს, ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ამ ავტობუსების აწყობა-წარმოება მოვახერხოთ საქართველოში", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ქალაქში საცობების პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მის გუნდს კონკრეტული გეგმა აქვს. მისი თქმით, ყველა პირობა შეიქმნება, რომ პარკირების სისტემა უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს.

"საცობების განტვირთვის მიზნით ამუშავდება სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუდმივ რეჟიმში მოხდება თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა. გარდა ამისა, განხორციელდება მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები. მოწესრიგდება პარკირება და მოეწყობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგები. ამუშავდება ჯარიმების სამართლიანი სისტემა. მერიას ამ მიმართულებით სამუშაოები ჩატარებული აქვს და სრული სურათი გვაქვს, თუ რამდენი მიწისქვეშა პარკინგი უნდა განხორციელდეს. არჩევნების შემდეგ აუცილებლად დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელბას. ყველა პირობა შეიქმნება რომ პარკირების სისტემა უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება, რაც გამოწვეულია გაუმართავი ტრანსპორტის გამონაბოლქვით, მშენებლობების და გრუნტის მტვერით.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას, გამკაცრდება მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები, უზრუნველყოფილი იქნება გრუნტის ეტაპობრივი დაფარვა შესაბამისი საფარით და ჩამოყალიბდება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება დაბინძურების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები.

კახა კალაძემ ზოოპარკის ტერიტორიის, "მზიურის", ვაკის პარკის, მუშტაიდის პარკისა და სხვა მწვანე სივრცეების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა. "თბილისში 1400-მდე პარკი და სკვერია, რომლებსაც მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება და ამას აუცილებლად მოვახერხებთ. თითოეულ მათგანში შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც დროის გატარება ყველასთვის სასიამოვნო იქნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დენდროლოგიური პარკის აღდგენასა და კეთილმოწყობას. ეს პარკი დაახლოებით 200 ჰექტარზეა გადაჭიმული, თუმცა, იქ არსებული სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა. გპირდებით, რომ ეს ადგილი თბილისისა და თბილისელებისთვის ძალიან მალე იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დასვენების ადგილი", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კალაძემ ეკონომიკის პოლიტიკაზე საუბრისას ყურადღება, ასევე, ღამის ეკონომიკასა და ამ მიმართულებით სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილა.

"ბევრ ევროპულ ქალაქში ეს სიახლეა. ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ მუშაობა და გამონაკლისი ჩვენი ქალაქიც არ იქნება. ღამის ეკონომიკის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მოგვცემს. ჩამოყალიბდება და განხორციელდება ღამის ეკონომიკის კონცეფცია, რომელიც უბნების განვითარებას და ახალი სივრცეების ათვისებას უზრუნველყოფს", - განაცხადა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა.

მისივე განმარტებით, ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, ახალ სტარტაპებს წაახალისებს და ქალაქის საგადასახადო შემოსავლებს გაზრდის.

 

myquiz