რა კავშირი აქვს ქართულ ხანძრებს რუსულ დაზვერვასთან - ვერსიაზე თორნიკე შარაშენიძე საუბრობს | Allnews.Ge

რა კავშირი აქვს ქართულ ხანძრებს რუსულ დაზვერვასთან - ვერსიაზე თორნიკე შარაშენიძე საუბრობს

ბორჯომში ხანძარი უკვე მეხუთე დღეა მძინვარებს. ცეცხლის ლიკვიდირებას 1500 ადამიანი და 6 ვერტმფრენი ცდილობს, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. აღნიშნულ პროცესს ტყით დაფარული ათეულობით ჰექტარი უკვე შეეწირა. მთავრობის წევრები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. პარალელურად კი ხანძრის მცირე თუ დიდი კერები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ჩნდება. მსგავსი ინციდენტების მატებასთან ერთად კი უბრალო შემთხვევითობის ალბათობა მცირდება და ხანძრის განგებ გაჩენის აზრი მკვიდრდება. აზრთა მსგავს დინებას ხელს ბორჯომის ტერიტორიაზე ბენზინის ბოცებისა და გაურკვეველი წარმომავლობის ბოთლების აღმოჩენაც უწყობს ხელს.

პროცესების ამგვარ განვითარებაში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელწერას ხედავს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე. მისი თქმით, ამდენი დამთხვევა ფიზიკურად შეუძლებელია, ამიტომს ჯობს დავფიქრდეთ ვის აწყობდა საქართველოში დივერსიის მოწყობა და რა მიზნით.

"ამდენი ხანძარი და ამდენი დამთხვევა უბრალოდ შეუძლებელია, სტატისტიკურად და ალბათობის თეორიის მიხედვით, ყველანაირ ზღვარს სცდება. ამიტომაც უნდა ვიფიქროთ ვის აწყობს ეს, ვის აქვს მსგავსი ხელწერა - ეს არის რუსეთის სამხედრო დაზვერვა გერეუ, რომელიც დაკავებულია დივერსიითა და ტერაქტებით. 2000-იან წლებში გერეუმ ტერაქტი მოაწყო გორში, ამიტომ ეს არის მათი ჩვეულებრივი ხელწერა.

გერეუ დაკავებული იყო ჩვენთან მაღალი ძაბვის ხაზების აფეთქებით, მაშინ ამას ჩვენი სახელმწიფო ვერ უმკლავდებოდა.

და როგორც ჩანს სწორედ მათი ხელწერა იკვეთება იმიტომ, რომ სხვას ვის უნდა ჰქონდეს ინტერესი საქართველოში მსგავსი რაღაც მოაწყოს"- განმარტა თორნიკე შარაშენიძემ.

კითხვაზე რაში სჭირდება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მსგავსი სახის დივერსიის მოწყობა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ამ გზით, ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების "დატესტვა" და მობილიზაციის შემოწმება მიდის.

"ჩემი აზრით დატესტვა მიდის რამდენად არის ქართული სახელმწიფო მობილიზებული და რამდენად დგას ფეხზე და ნუ როგორც ვნახეთ სამწუხაროდ ამ ტესტმა კარგი შედეგი ვერ გამოიღო" - ამბობს შარაშენიძე და აქვე განმარტავს, რომ სტიქიური უბედურების პროვოცირება შეიძლება გამოყენებულ იქნას ომის დროს.

ზურაბ ალავიძე - თუ ასე გაგრძელდა, ხვალისთვის ხანძარი ლოკალიზებული იქნება

რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს

სუს-ი - ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები მიმდინარეობს, ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს

"რა თქმა უნდა, რუსეთს ნაკლებად აინტერესებს სტიქიურ უბედურებას რამდენად სწრაფად ვუმკლავდებით, მაგრამ სტიქიური უბედურების პროვოცირება შეიძლება გამოყენებულ იქნას ომის დროს. შეხედავენ რის გაკეთებას შეძლებ როგორ გაუმკლავდები, ნახავენ რომ მაინც და მაინც ბევრი არაფრის გაკეთება არ შეგიძლია და ყველაფერი გასაგებია".

ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ დახმარების შემოთავაზებამ არ უნდა დაგვაბნიოს, რადგან იმ დროს, როდესაც ყველა მეზობელი ქვეყანა გვერდში დაგვიდგა კრემლის მხრიდან თავის შეკავება უფრო საეჭვოც კი შეიძლება ყოფილიყო.

შარაშენიძის თქმით, სახელმწიფო სტრუქტირებმა ვერც დივერსიის და ვერც ჩვეულებრივი ხანძრის სცენარის შემთხვევაში ვერ იმუშავა ეფექტურად.

"ორი ვარიანტია ერთი დავუშვათ რომ ეს დივერსიაა და ფაქტია, რომ ამ დივერსიას ვერ გავუმკლავდით და მეორე, რაც ნაკლებად შესაძლებელია ისევ და ისევ ალბათობის თეორიიდან გამომდინარე, ეს ხანძარია და ვერც ხანძარს ვერ ვუმკლავდებით. აქედან დასკვნა, ქართული სახელმიფო მაინც და მაინც კარგად ვერ მუშაობს"

შარაშენიძის თქმით, ხანძარმა მსგავს მასშტაბებს არ უნდა მიაღწიოს და მისი ლიკვიდირება საწყის ეტაპზევე უნდა მოხდეს, მაგრამ თუ ეს დასაწყისში ვერ მოხერხდა შესაბამისმა უწყებებმა ისე უნდა იმუშაონ, რომ მთავრობის წევრებს 4 დღის განმავლობაში ეპიცენტრში ყოფნა და კრიზისის ამ ფორმით მართვა არ უხდებოდეთ.

myquiz