თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება - წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო | Allnews.Ge

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება - წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება, - შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

როგორც მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი კონტრასიგნაციისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია.

გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს დააანონსა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს აპირებდა, თუმცა მაშინ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ შესაბამისი აქტი არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემოდა 60 დღით ადრე - აგვისტოს ბოლოს.

არჩევნების დანიშვნის მომენტიდან კი იქყება წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. მოქმედებას იწყებს "საარჩევნო კოდექსით" დაწესებული ყველა ის აკრძალვა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.

საარჩევნო კანონმდებლობაში, საგაზაფხულო სესიის ბოლოს, "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიაც კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება. მანამდე კი მოქმედებდა ნორმა, რომლითაც არჩევნების დანიშვნა და საარჩევნო კამპანიის დაწყება 60 დღეზე ადრე იყო შესაძლებელი.

myquiz