2018 წელს პრეზიდენტს 6 წლის ვადით ავირჩევთ | Allnews.Ge

2018 წელს პრეზიდენტს 6 წლის ვადით ავირჩევთ

2018 წელს, პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვის წლით დაიკავებს. ერთჯერადად, 6-წლიანი ვადის შემოღება კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარდამავალ დებულებებში აისახება.

როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ითქვა, ვენეციის კომისია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას იმ პირობებში მიესალმება, როცა პარლამენტი სრულად პროპორციული სისტემით იქნება არჩეული. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არ ხდება და ის 2024 წლიდან შედის ძალაში, ხოლო პრეზიდენტის არჩევნები 2023 წლისათვის უნდა ჩატარდეს, გასათვალისწინებელია ვადის ერთი წლით გახანგრძლივება 2018 წელს არჩეული პრეზიდენტისთვის.

"პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით ისეთ ვითარებაში უნდა ავირჩიოთ, როცა სრულად პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტი გვეყოლება", - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა თამარ ხულორდავამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

აღნიშნულს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაეთანხმა. "პრეზიდენტის არჩევის ვადა მნიშვნელოვანია. ამას ჩვენი პარტნიორები პარლამენტის არჩევის წესს უკავშირებენ. მას შემდეგ, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ, პოლიტიკურადაც უფრო მეტად იქნება დაბალანსებული საარჩევნო კოლეგია. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ასეთი ჩანაწერი გარდამავალ დებულებებში ავსახოთ. მოგვიწევს პრეზიდენტის ვადის გადაწევა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

myquiz