გიორგი კვირიკაშვილი - ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა გადავა პროპორციულ სისტემაზე | Allnews.Ge

გიორგი კვირიკაშვილი - ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა გადავა პროპორციულ სისტემაზე

ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა გადავა პროპორციულ სისტემაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას "ისტორიული" და "უმნიშვნელოვანესი" უწოდა და განმარტა, რომ ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა მოხერხდა სწორედ იმ დათქმით, რომ აღნიშნული სისტემა არა 2020, არამედ 2024 წელს ამოქმედდება.

"ჩვენმა გუნდმა გამოავლინა პოლიტიკური ნება და მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთი მოწვევის პერიოდისთვის საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 %-მდე დაწევასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე მეტ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა, იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.

მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ კონსენსუსის მიღწევის მიზნით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, მთავრობის მეთაური გახლავართ და მინდა აქედან დავიწყო: მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა. დღევანდელი კონსტიტუციით, პრაქტიკულად, შეუძლებელია და ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცედურა, რომ პარლამენტმა მიაღწიოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. ასე რომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი იქნა აღდგენილი პარლამენტის სასარგებლოდ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი: იმისთვის, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ტიპის ცვლილება ანუ არაპირდაპირზე გადასვლა პირდაპირიდან იყო რაიმე ფორმით რომელიმე ინდივიდთან დაკავშირებული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავთანხმდით კიდევ ერთი რაუნდით პირდაპირ არჩევნებზე, ანუ 2018 წელს პრეზიდენტი კიდევ პირდაპირი გზით იქნება არჩეული.

ამას გარდა, ყველანი ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მოგეხსენებათ, თუ რამხელა ბრძოლა დასჭირდა ქვეყანას იმისთვის, რომ 2012 წელს მიღწეულიყო ის დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება, რომელიც მოხდა. მე პირადად, როგორც ამ საზოგადოების ერთი წევრი, არაერთხელ ვმონაწილეობდი საერთო სახალხო პროტესტებში, ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად იმისთვის, რომ მიღწეულიყო მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლა, რათა გამქრალიყო შეგრძნება, რომ ხელისუფლება მართავს 73 მაჟორიტარ დეპუტატს, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. დღეს ეს შედეგი მიღწეულია. 2020 წლისთვის ვერ ხერხდება, მაგრამ პოლიტიკა გახლავთ თანმიმდევრობასა და კომპრომისებს შორის სწორი ბალანსის მიღწევა, ამიტომ ამ კომპრომისით, რომ არა 2020-ში, მაგრამ 2024-ში, ჩვენ მივაღწიეთ საპარლამენტო უმრავლესობის კომსოლიდაციას ამ უმნიშვნელოვანესი, ისტორიული გადაწყვეტილების ირგვლივ. ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა გადავა პროპორციულ არჩევნებზე, გაიზრდება პოლიტიკური პარტიების როლი პოლიტიკურ პროცესებში და გაცილებით უფრო წარმომადგენლობითი იქნება პარლამენტი ამ ცვლილებების შედეგად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

myquiz