გია ვოლსკი თვლის, რომ მონარქიის აღდგენა საქართველოსთვის პოზიტივის მომტანი იქნება | Allnews.Ge

გია ვოლსკი თვლის, რომ მონარქიის აღდგენა საქართველოსთვის პოზიტივის მომტანი იქნება

საქართველოში მონარქიის აღდგენის საკითხის მიმართ ნამდვილად პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს, - ამის შესახებ უმრავლესობის ვიცე-სპიკერმა გია ვოლკსიმ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის იმ მოსაზრების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას უკავშირდება.

ვოლსკის თქმით, ის, რაც მონარქიის კარს ახასიათებს, თუნდაც დამოკიდებულება აფხაზებთან, ოსებთან, სხვა ერებთან, საქართველოსთვის პოზიტივის მომტანი იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, ახლო პერსექტივაში ამის წინაპირობები არ ჩანს.

"მონარქია არა მხოლოდ ჩვენი ისტორიული წარსულია, არამედ არის ძალიან წარმატებული მაგალითი, რომელიც დასავლეთ ევროპაში არსებობს. ამ ქვეყნებს საკმაოდ წარმატებული განვითარება ახასიათებს როგორც ეკონომიურად, ასევე პოლიტიკურად. ამ თემასთან დაკავშირებით პირადად მე ნამდვილად პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს და არა მხოლოდ ემოციური შინაარსიდან გამომდინარე - ჩემთვის ამ საკითხს მხოლოდ ემოციური საწყისი არა აქვს.

ეს არის დაკავშირებული სავსებით პრაგმატულ ხედვასთან. საკონსტიტუციო მონაქიის ახლა ამოქმედება რეალურად არ მეჩვენება, რადგან თვითონ მეფის გვარი, მეფის ოჯახი, სამეფო სახლი ჯერ ისე არ არის ჩამოყალიბებული და მომზადებული, რომ რეალური კანდიდატურა წარმოადგინოს. ალბათ დიდი დრო დაჭირდება, მაგრამ ახლავე თუ პოზიტიური განწყობა დაითესება, ურიგო არ იქნება. გადავხედოთ დიდი ბრიტანეთის, დანიის, შვედეთის, ბელგიის ნორვეგიის და სხვა ქვეყნების მაგალითს, როდესაც ერის და სხვადასხვა ეროვნებების გამაერთიანებელი არის სამეფო ოჯახი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ.

საქართველო არის უძველესი მონარქია. კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი",- განაცხადა უწმინდესმა.

myquiz