პრეზიდენტი - იფიქრეთ იმაზე, დღეს ვის გაუგეთ და ვინ დაიცავით | Allnews.Ge

პრეზიდენტი - იფიქრეთ იმაზე, დღეს ვის გაუგეთ და ვინ დაიცავით

26 წლის წინ ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და მთელი მსოფლიოს გასაგონად, ნათლად ვთქვით, რომ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ გზა ჯერ კიდევ გასავლელია.

"ჩვენ მართლაც შევძელით ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც ნამდვილად დამოუკიდებელია და თავის პოლიტიკას, თავის განვითარებას ერთადერთი სწორი წყაროთი, ხალხის ნებით და არა რაიმე სხვა მიზეზით განაპირობებს. მაგრამ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ ჯერ კიდევ გასავლელია. თავისუფალი არის ქვეყანა, რომელიც ეფუძნება თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალია საზოგადოება, როდესაც მისი ყოველი წევრი არის თავისუფალი. თითოეული ინდივიდის თავისუფლება, თვითგამოხატვის უფლება, არის ფუნდამენტი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს შექმნის.

მაგრამ საიდან იწყება თავისუფლება?! თავისუფლება ძნელად არის მოსაპოვებელი, იმიტომ რომ თავისუფლება, პირველ რიგში, შენი თანამოქალაქის, საქართველოს მოქალაქის უფლებების აღიარებაშია. არ არის ადამიანი თავისუფალი, რომელიც სხვა ადამიანის თავისუფლებას არ აღიარებს, ამიტომ იმათ, ვისაც თავისუფლება უმაღლეს ღირებულებად მიგაჩნიათ, ნუ იფიქრებთ იმის თაობაზე, დღეს ვის მოუგეთ ან ვისზე უფრო ძლიერები ხართ.

იფიქრეთ იმაზე, დღეს ვის გაუგეთ და ვინ დაიცავით.

ასე იქმნება მთლიანი ერი. ასე შეუქმნიათ ჩვენი ძლიერი საქართველო ჩვენს წინაპრებს. როგორც ქართული სიმღერის მრავალხმოვანება, თავის თავში აერთიანებს მრავალ სხვადასხვა ხმას, მაგრამ ერთ ჰარმონიას ქმნის, ისევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა უნდა ისმოდეს ერთიან ჰარმონიაში. ჩვენი ერის განვითარებისა და უზენაესი ღირებულება, მაშინ იქნება ყოველდღიურობაში განხორციელებული", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

myquiz