ნინო ლომჯარია - ოთარ ფარცხალაძის კომპანიას სამჯერ მეტი ფართობის ნაკვეთი გადაეცა, ვიდრე ვერეს ხეობაში ჰქონდა | Allnews.Ge

ნინო ლომჯარია - ოთარ ფარცხალაძის კომპანიას სამჯერ მეტი ფართობის ნაკვეთი გადაეცა, ვიდრე ვერეს ხეობაში ჰქონდა

ვერეს ხეობაში არსებული ნაკვეთი (რომელსაც ფარცხალაძის კომპანია ფლობდა) სამჯერ მეტად არის შეფასებული, ვიდრე იმავე პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვა ნაკვეთები გაიყიდა, ან საბაზრო ღირებულებით იყო შეფასებული, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოდგილემ ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, აუდიტის სამსახური ამ ეტაპზეც დეტალების შესაწავლის პროცესშია. შესაბამისად, სანამ მოკვლევა არ დასრულდება, დასკვნა ვერ გასაჯაროვდება.

"თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებ 2 საკითხზე. დიახ, აუდიტის სამსახურს აქვს ეჭვი - ხომ არ ხდებოდა თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სოლიდურის ქონების ერთი პირის სასარგებლოდ განკარგვა? რამდენად სასამრთლიანად მოხდა დღეს უკვე ფარცხალაძის საკუთრებაში არსებული კომპანიისთვის 2012 წელს ახალი მაგისტრალის გაყვანის გამო მიღებული ზიანის კომპენსაცია მიწის ჩანაცვლებით, ადეკვატურად შეფასდა თუ არა მიწების ღირებულება? ნაკვეთების ღირებულება კითხვებს ბადებს, რადგან ვერეს ხეობაში არსებული ნაკვეთი (რომელსაც ფარცხალაძის კომპანია ფლობდა) სამჯერ მეტად არის შეფასებული, ვიდრე იმავე პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვა ნაკვეთები გაიყიდა, ან საბაზრო ღირებულებით იყო შეფასებული", - განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, ზუსტი ციფრები, თანხა და სხვაობა აუდიტორების შესწავლილ საქმეებში ფიგურირებს.

"კონკრეტულ შეფასებას მოვერიდები, თუმცა ფაქტია, რომ ფარცხალაძის კომპანიას (რომლიც ჯერ 40%-იანი წილის მფლობელი იყო, მოგვიანებით კი 100%-იანი წლი შეიძინა) სამჯერ მეტი ფართობის ნაკვეთი გადაეცა, ვიდრე ვერეს ხეობაში ჰქონდა... თუმცა, საქმის შესწავლისას გამოვლინდა, რომ ფარცხალაძემ მიღებული ნაკვეთების მომიჯნავედ დამატებითი ფართობის შესაძენად მერიას აუქციონის გამოცხადების მოთხოვნით მიმართა. მიმდებარედ ტერიტორიაზე, ნაკვეთის გარდა, უძრავის ქონებაც ირიცხებოდა, რაც ღირებულებას ზრდიდა.

აუქციონი გამოცხადდა და ფარცხალაძის კომპანიამ იმაზე დაბალ ფასად, ვიდრე სხვა მიწის ნაკვეთები იყო შეფასებული, კომპენსაციით მიღებულს ახალი ნაკვეთი შემოუერთა. აუდიტორების ყურადღებას აუქციონის პირობებიც იქცევს. როგორც გითხარით, ფარცხალაძის მოთხოვნილ ნაკვეთებზე უძრავი ქონებაც ირიცხებოდა, თუმცა ეს მერიის მიერ გამოცხადებულ ღირებულებაში გათვალისწინებული არ იყო. აუქციონზე ფარცხალაძე უკონკურენტო შემსყიდველს წარმოდგენდა. როგორც კი მოკვლევა დასრულდება, ყველა დეტალი გასაჯაროვდება და ყველა დარწმუნდება, რომ მერიის საქმიანობის შესწავლისას დამატებითი კვლევა აუცილებელი იყო. ჩნდება ვარაუდი, რომ სახელმწიფომ ფინანსურად მნიშვნელოვნად იზარალა", - განაცხადა ლომჯარიამ.

კითხვაზე - გადაეგზავნება თუ არა დოკუმენტები პროკურატურას, ლომჯარიას განცხადებით, მათ კომპეტენციაში არ შედის იმის მტკიცება, დანაშაული დაფიქსირდა თუ არა.

სავარაუდოდ, დოკუმენტებს პროკურატურას გავუგზავნით, შეფასების ნაწილი კი მისი პრეროგატივაა", - განაცხადა ლომჯარიამ.

myquiz