რა მოხდა ფილარმონიაში | Allnews.Ge

რა მოხდა ფილარმონიაში

პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს საკონსტიტუციო პროექტის საყოველთა-საჯარო განხილვისას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

დარბაზში მყოფი გარკვეული ჯგუფი კობახიძის მცდელობას, საუბარი დაეწყო, სტვენითა და შეძახილებით შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაპირველად ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახს მიუსამძიმრა და დარბაზს მოუწოდა, რომ მათი ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ, ამის შემდეგ კი, როცა კობახიძემ გამოსვლის გაგრძელება სცადა, მას სიტყვა შეძახილებით გააწყვეტინეს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, სამწუხაროა, რომ რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი ადამიანი არ აძლევს საშუალებას დარბაზში მყოფ 2 500 კაცს, რომ კონსტიტუცია განიხილოს.

ახალგაზრდებს შორის, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის დაწყებას სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ, "აუდიტორია 115"-ის წევრები აიყვნენ.

დიდ საკონცერტო დარბაზში მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა დარბაზში შეკრებილებსა და ფილარმონიასთან გამართული აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ასევე საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლეს. მათ შორის "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე და სამოქალაქო ატივისტი ლადო სადღობელაშვილი იყვნენ.

როგორც ბრეგაძემ განაცხადა, ისინი ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისებას აპროტესტებდნენ და პარლამენტის თავმჯდომარესთან სასაუბროდ მიკროფონს ითხოვდნენ.

"ქართულმა ოცნებამ" ფილარმონია გამგეობების წარმომადგენლებით აავსო და აქედან ჩვენს გაძევებას ცდილობენ", - აღნიშნა ბრეგაძემ.

"თქვენ აკანონებთ ჩვენი მამა-პაპის მიწის გაყიდვას, ჩვენ არ მოგცემთ ამის უფლებას. ქართული მიწა არ გაიყიდება", - აღნიშნა ბრეგაძემ მას შემდეგ რაც მას მიკროფონი ჩაურთეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს ტყუილია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიდ საკონცერტო დარბაზში განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციად აფასებს. ირაკლი კობახიძემ ჯგუფს, რომელმაც მას საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყების საშუალება არ მისცა, კომუნისტები უწოდა.

"ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა პროვოკაცია. ამაზე ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ დღევანდელი შეხვედრის წინ. ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის კონსტიტუციაზე მსჯელობა. ყველას ვთხოვთ, ახალგაზრდებო გთხოვთ, რომ აქ შეკრებილ 2500 ადამიანს მივცეთ საშუალება გაიგოს თუ რა ცვლილებები შედის კონსტიტუციაში. შესაძლოა ეს არ გაინტერესებს, თუმცა 2500 ადამიანია შეკრებილი ამაზე სამსჯელოდ.

დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ჩაიშალა

აქ ადამიანები გარკვეული მოთხოვნებით მოვიდნენ, თუმცა იმის მოსმენაც არ უნდათ, რას ვპასუხობთ ამ მოთხოვნებზე. თუ გაინტერესებთ რა პასუხები გვაქვს, გთხოვთ, მოისმინოთ რა ცვლილებები შედის. თუ თქვენი ამოცანაა მხოლოდ დესტრუქცია, ამ შემთხვევაში გთხოვთ პროვოკაციებისგან თავი შეიკავოთ. თქვენ აირჩიეთ არასწორი ნიშა. ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის. რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი არ აძლევს 2500 კაცს იმის საშუალებას, რომ განიხილოს კონსტიტუცია, ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. დაადექით სწავლის, განათლების გზას, თქვენ აირჩიეთ კომუნიზმის გზა", - განაცხადა კობახიძემ.

ხმაურისა და დაპირისპირების გამო დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ჩაიშალა.

 

 

myquiz