რა უფლებები ექნება საქართველოს პრეზიდენტს | Allnews.Ge

რა უფლებები ექნება საქართველოს პრეზიდენტს

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთა-სახალხო განხილვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხშირ შემთხვევაში ხმაურიანად მიმდინარეობს. ინტერესისა და წინააღმდეგობების სფეროს ძირითად შემთხვევაში პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების მკვეთრი შემცირება და არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები იწვევს.

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ფარული კენჭისყრით აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელის შემადგენლობაში 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი იქნება.

ოპოზიციურ ძალებსა და მოსახლეობის ნაწილს საარჩევნო კოლეგიის სანდოობასა და ავტორიტეტში ეჭვი ეპარება. ამ საკონსტიტუციო ცვლილების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ მოსახლეობას მმართველი ძალის წინააღმდეგ ერთ-ერთ რეალურ ბერკეტსა და ძირითად უფლებას ართმევენ. კრიტიკოსების ნაწილი ამასთანავე ფიქრობს, რომ ამ გზით ხელისუფლება განუსაზღვრელი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს, რადგანაც ამიერიდან მისთვის მისაღები და სასურველი კანდიდატის გაპრეზიდენტებას შეძლებს.

პრეზიდენტი მარგველაშვილი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის უკან დგას საფრთხე, რომ ქვეყანაში უმაღლესი ლეგიტიმაციის პოლიტიკური პირი არ იყოს.

საყოველთა-სახალხო განხილვის პარალელურად კი ისმის კითხვა - და მაინც რა უფლებამოსილება დარჩება ქვეყნის პრეზიდენტს.

ცვლილებების შემდეგ კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და ის წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

თუმცა, თავად გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ნომინალურად პრეზიდენტს ერქმევა მთავარსარდალი, მაგრამ ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

"საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ისტორიული უსამართლობის შედეგად ოკუპირებულია ძალიან ძლიერი მეზობლის მიერ. ურთულეს ვითარებაში და ურთულეს გარემოში ვაყალიბებთ ჩვენს სახელმწიფოებრივ სიძლიერეს. ამ ვითარებაში ქვეყნის ჯარისთვის მთავარსარდლის გაქრობა, რომელიც რეალურად ამ კონსტიტუციაში არის, პრინციპულად პრობლემურად მიმაჩნია. ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ომის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც კი, პრეზიდენტს მოუვა პრემიერ-მინისტრის წარდგინება და პრეზიდენტს იმის დისკრეციაც კი არ აქვს გადაწყვიტოს, გამოაცხადოს თუ არა ომი",- განაცხადა გიორგი მარგველშვილმა.

იცვლება პრეზიდენტობის კანიდატის ასაკის ქვედა ზღვარი, რაც ამ შემთხვევაში 40 წელი იქნება, თანაც ამ პოსტის დაკავების მსურველს საქართველოს ტერიტორიაზე 5 წლის ნაცვლად 15 წელი უნდა ჰქონდეს გატარებული.

ერთი შეხედვით ცვლილებები არ შეხებია პრეზიდენტის უფლებებს წარმოადგინოს სახელმწიფო საერთაშორისო დონეზე.

ქვეყნის პირველ პირს უფლება ექნება აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, მიიღოს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩები, თუმცა ამ ყველაფერს მთავრობის თანხმობით განახორციელებს.

საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ვახუშტიმ მენაბდემ Allnews.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო და საშინაო საკითხების გადაწყვეტისას მკვეთრად შემცირდება, კონსტიტუციონალისტი აღნიშნულ ტენდენციას დადებით შეფასებას ვერ აძლევს, განსაკუთრებით ერთპალატიანი პარლამენტისა და უნიტარული მოწყობის პირობებში.

კონსტიტუციაში ასევე მითითებული იქნება, ის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც პრეზიდენტის მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს არ დასჭირდება პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია:

ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნას, პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტის სხდომის ან სესიის მოწვევას;

ბ) კონსტიტუციური შეთანხმების დადებას;

გ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, პარლამენტში კანონპროექტის შენიშვნებით დაბრუნებას;

დ) პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე განწესებას; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენასა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას;

ე) სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებას;

ვ) მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას, თავშესაფრის მიცემას;

ზ) მსჯავრდებულთა შეწყალებას;

თ) საკონსტიტუციო სასამართლოსა და სასამართლოსათვის მიმართვას;

ი) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ცვლილებების ძირითადი არსია: ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. "ამ ოთხ ძირითად ელემენტს ეფუძნება ის სისტემა, რომელიც წარმოდგენილია ჩვენ მიერ შემუშავებული კონსტიტუციის ახალ რედაქციაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მოქმედი კონსტიტუცია ეწინააღმდეგება სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რაც ხაზგასმით იყო ნათქვამი ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი ფუნდამენტური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დღევანდელი კონსტიტუცია აყალიბებს ძალიან დაუხვეწავ მმართველობის სისტემას.

myquiz