გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა | Allnews.Ge

გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, საუბარი პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში გაიმართა.

"შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა აკავშირებს. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია", - ნათქვამია ოფიციალურ პრესრელიზში.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან. გარკვეულწილად შევაჯამეთ გასული 25 წლის ურთიერთობები. მოგეხსენებათ, ჩვენ ვზეიმობთ ურთიერთობების 25 წლის იუბილეს და ვისაუბრეთ მომავალ 25 წელზე. ჩვენ მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშ-სთან ყველა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.

ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ურთიერთობებზე ყველა მიმართულებით. ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული ურთიერთობები, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში მომავალი მხარდაჭერა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც გაგრძელდა შემდგომ პრეზიდენტთან შეხვედრით.

პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. და აშშ, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გააგრძელებს საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას და ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პატივი მქონდა თეთრ სახლში მივსალმებოდი გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით იმყოფება.

 

myquiz