სოფიო კილაძისა და თამარ ხულორდავას მეუღლეები თავდაცვის სამინისტროში | Allnews.Ge

სოფიო კილაძისა და თამარ ხულორდავას მეუღლეები თავდაცვის სამინისტროში

ნეპოტიზმის ტენდენცია "ქართული ოცნების" მთავრობაში არის ძალიან შემაშფოთებელი - დეპუტატების, სოფიო კილაძისა და თამარ ხულორდავას მეუღლეები თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დასაქმდნენ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირმა ნადირაშვილის თქმით, წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ბრძანებით, გენერალურ ინსპექციაში დაინიშნენ სოფიო კილაძის მეუღლე ავთანდილ ხარაძე და თამარ ხულორდავას მეუღლე ლევან ვახტანგაძე.

ოპოზიციონერ დეპუტატს თავდაცვის მინისტრთან კითხვები აქვს, რა ნიშნით განხორციელდა დეპუტატების მეუღლეების საჯარო სამსახურში დანიშვნა.

"პოლიტიკოსების შვილები, მათი ოჯახის წევრები არ უნდა ხდებოდნენ პოლიტიკური დაპირისპირების სამიზნე და მათ უნდა ჰქონდეთ ნორმალურად ცხოვრების საშუალება, მაგრამ ხანდახან, პოლიტიკოსები თავად საკუთარი საქციელით ქმნიან ვითარებას, როცა საზოგადოებაც და ოპოზიციაც იძულებული და ვალდებულია, დასვას კითხვები.

ჩვენ გვაქვს კითხვები მინისტრთან, რა ნიშნით მოხდა ამ ადამიანების აყვანა თავდაცვის სამინისტროში, რა ნიშნით განახორციელა მინისტრმა ეს დანიშვნები. ჩვენ გვაქვს კითხვები კოლეგებთანაც, რა როლი შეასრულეს მათ მეუღლეების საჯარო სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი საჯარო სამსახურში მას მერე დაინიშნა, რაც მათი მეუღლეები "ქართული ოცნების" ახალი სახეები გახდნენ. რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ეს დანიშვნები განხორციელდა თებერვლის თვეში მაშინ, როცა მასშტაბური შემცირებები იყო თავდაცვის სამინისტროში და ბევრი კვალიფიციური ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურეს თავდაცვის სამინისტროში.

"რა შუაშია ნეპოტიზმი - ეს ადამიანები კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩნენ და დაინიშნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლებად, აქ ნეპოტიზმი არაფერს შუაში არ არის", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რითაც გამოეხმაურნენ "ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებას.

"გიდასტურებთ, რომ აღნიშნული პირები საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით ამ დროისათვის დანიშნულები არიან დროებით მოვალეობის შემსრულებლებად გენერალურ ინსპექციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორებად.

მათ გაიარეს კონკურსი და საუკეთესო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უკვე საკონკურსო საატესტაციო კომისია მიიღებს.

რეორგანიზაციის შედეგად, ამაზე არაერთხელ უსაუბრია მინისტრს, თქვენ იცით, რომ მეტად მოქნილი გახდა სისტემა, რადგან გენერალური ინსპექციისთვის გარკვეული დამატებითი ფუნქციების მინიჭების შემდეგ გახდა საჭიროება კადრების დამატების და შესაბამისად მოხდა ამ ადამიანების დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დანიშვნა, რის შემდეგაც კანონის სრული დაცვით ჩატარდა კონკურსი, ამ ადამიანებმა გაიარეს კონკურსი და ამის შემდეგ უკვე საატესტაციო საკონკურსო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მათ დანიშვნასთან დაკავშირებით", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

myquiz