კახა კალაძე "ყაზტრანსგაზის" გადაწყვეტილებაზე - არბიტრაჟისთვისაც მზად ვართ | Allnews.Ge

კახა კალაძე "ყაზტრანსგაზის" გადაწყვეტილებაზე - არბიტრაჟისთვისაც მზად ვართ

ჩვენ ყველანაირად ვემზადებით და მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენს პოზიციებს, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს რუმინეთში განუცხადა, სადაც კიდევ ერთხელ გამოეხმაურა "ყაზტრანსგაზის" გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ქართული მხარე არბიტრაჟისთვისაც მზად არის.

"ჩვენ ყველანაირად ვემზადებით, ვამზადებთ დოკუმენტაციას, მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. მაგრამ, შეიძლება საქმე დავამდეც არ მივიდეს, შეიძლება შედგეს მოლაპარაკება. ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის თუ როგორ, რა ფორმით მოხდება მოლაპარაკება, შედგება თუ არა მოლაპარაკება. შესაბამისად, ჩვენ არბიტრაჟისთვისაც მზად ვართ", - განაცხადა კახა კალაძემ.

2009 წლის მდგომარეობით კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისს" ქართული მხარის მიმართ გარკვეული დავალიანება დაუგროვდა. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2009 წელს "ყაზტრანსგაზ-თბილისში" სპეციალური მმართველი დანიშნა.

კომპანია "ყაზტრანსგაზი" აპროტესტებს 2009 წელს "ყაზტრანსგაზ თბილისში" სპეციალური მმართველის დანიშვნას და მათ მიაჩნიათ, რომ ამით დაირღვა "ყაზტრანსგაზის", როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" საქმიანობაში ყახაზური მხარე ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კომპანია "ყაზტრანსგაზმა" შესაძლოა, ქართულ მხარეს ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.

myquiz