ქართველი პოლიტიკოსების პირველი სამსახურები | Allnews.Ge

ქართველი პოლიტიკოსების პირველი სამსახურები

მსოფლიოს პოლიტიკოსთა ნაწილმა, მათ შორის დიდი და ძლიერი სახელმწიფოების პრეზიდენტებმა, კარიერის დასაწყისში მუშაობა არა პოლიტიკის მიმართულებით, არამედ სხვა სპეციალობით დაიწყეს, მათი ნაწილი კი საკუთარი პროფესიით დასაქმდა და წარმატებას მოგვიანებით მიაღწია.

აღნიშნული ეტაპი პოლიტიკოსებმა, მათ შორის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც გადალახეს, ახლა კი ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. Allnews.ge ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების პირველ ოფიციალურ სამსახურებს წარმოგიდგენთ:

1. გიორგი კვირიკაშვილი - მისი პირველი ოფიციალური სამსახური 1993-1996 -წლებში, გაერთიანებულ ქართულ ბანკში, საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, უფრო საწყისი კი დოკუმენტური სავაჭრო ოპერაციების ოფიცრის პოზიცია იყო. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კვირიკაშვილი საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, მერვე მოწვევის პარლამენტში იგი ჯერ ეკონომიკის, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობებს იკავებდა.

2. ალექსანდრე ჯეჯელავა - მისი პირველი ოფიციალური სამსახური, კომპანია Wanex/Compy-ში (1991-1993 წლები) მთავარი პროგრამისტის თანამდებობა იყო. ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს 2016 წლის ივნისიდან იკავებს.

3. ეკა ბესელია 1996-2012 წლებში ადვოკატთა ასოციაციის წევრი იყო, სადაც ადვოკატად მუშაობდა. ამჟამად ის საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თანამდებობას იკავებს.

4. დავით ნარმანიას პირველი სამსახური 1999-2001წლებში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ეკონომიკური განათლების პროგრამის კოორდინატორობა იყო. ნარმანია თბილისის მერი 2014 წლის არჩევნების შედეგად გახდა.

5. ალპინიზმით დაინტერესებული გიორგი მარგველაშვილი 90-იან წლებში მთამსვლელთა გიდი იყო. საქართველოს პრეზიდენტის პოსტს ის 2013 წლიდან იკავებს.

6. ელენე ხოშტარია -2002 წელს სტაჟიორის პოზიციაზე ადამიანის უფლებების "მოსკოვის ჰელსინკის გრუპის" და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოში მუშაობდა. ის საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდა. ელენე ამჟამად პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერია.

7. ნიკა მელია აღსრულების ეროვნულ ბიუროში, უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 2008-2009 წლებში მუშაობდა. მელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია.

8. დავით სერგეენკო ‎1987-1989 წლებში სოხუმის ბავშვთა საავადმყოფოში ექიმი-ინტერნი იყო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს.

9. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში 1980-2004 წლებში მუშაობდა. 2012-2016 წლებში ნინო გოგუაძე მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

10. ირმა ინაშვილი - 1993-2005-იან წლებში პირველი არხის რედაქტორის პოსტს იკავებდა. ამჟამად იგი საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი და "საქართველოს პატრიორთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერია.

ჩამოთვლილი პოლიტიკოსების ნაწილი, საზოგადოებისთვის ცნობილი ამჟამინდელი თანამდებობის დაკავებამდეც იყო, რადგან თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, ყურადღებას ხშირად იპყრობდა.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz