რა ბედი ეწევა პრეზიდენტის ინსტიტუტს ახალი კონსტიტუციის მიხედვით? | Allnews.Ge

რა ბედი ეწევა პრეზიდენტის ინსტიტუტს ახალი კონსტიტუციის მიხედვით?

იმ ვითარებაში, როდესაც ფაქტობრივად, ქრება საქართველოს პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობები, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს უფრო პროგრესული და პროპორციული ფორმით, მაგრამ ამავე დროს გაურკვეველი საარჩევნო სისტემით ავირჩევთ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ჩვენი აზრები და იდეები უფრო ძალიან აქტიურად მივაწოდოთ კომისიას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ის კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში სტუდენტებს ხვდება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" - ეს სიტყვები, ეს ლოზუნგი, ეს მოწოდება დღეს კიდევ უფრო აქტუალურად ჟღერს.

"ჩვენ დავიწყეთ კამპანია, როგორც კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესის შემადგენელი ნაწილი, სადაც ხალხი თავის აზრებსა და იდეებს გამოთქვამდა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, რომლებიც ამ გადასინჯვაზე მუშაობდნენ, სცოდნოდათ, რა უნდა ხალხს, მაგრამ დღეს როდესაც საკონსტიტუციო კომისია, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციურმა ძალამ დატოვა, ჩვენი კამპანია კიდევ უფრო მნიშვნელობას იძენს.

იქიდან გამომდინარე, რომ ხალხმა თავისი პოზიცია კიდევ უფრო ნათლად უნდა გამოთქვას, მიაწოდოს თავისი შეხედულებები იმ პატივცემულ იურისტებს, კონსტიტუციონალისტებს, ვინც ქმნიან კონსტიტუციას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკვე არის შესაძლებლობა, რომ გავეცნოთ კონსტიტუციის პროექტს.

"აქამდე იყოს ზოგადად მოსაზრებები, პოლიტიკური განცხადებები, ახლა ჩვენ ვხედავთ პირველ ვერსიას მომავალი კონსტიტუციის. მინდა რამდენიმე ძირითად პუნქტს შევეხო ამ ახალი ვერსიიდან.

პირველი და სამწუხარო მდგომარეობს იმაში, რომ ხალხის ნათლად გამოხატული ნება, აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი იქნა უგულვებელყოფილი და ახალი ვერსიით, არა საზოგადეობა, არა ჩვენ მოქალაქეები ავირჩევთ პრეზიდენტს, არამედ გარკვეული სხვა წესით 300 ე.წ. ხმოსანი აირჩევს პრეზიდენტს.

მეორე - მდგომარეობს იმაში, რომ ამ ახალარჩეულ პრეზიდენტს ფაქტობრივად, აღარ გააჩნია რეალურად ის მცირედი უფლებებიც, რაც 2013 წლიდან პრეზიდენტს ჰქონდა და ყველაზე საშიში მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად, ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს როგორც სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლს, ასევე ჩვენი რეგიონის ქვეყანაში ეფექტურ თავდაცვით საქმიანობას. გამქრალია უშიშროების საბჭო და რეალურად პრეზიდენტი, რომელსაც ფორმალურად ევალება, რომ ომის შემთხვევაში იყოს მთავარსარდალი, ყოველგვარი კომპეტენციის გარეშე ხდება მთავრასარდალი და მის მოქმედებას, ფაქტობრივად, აღარ ექნება ეფექტურობა.

ამავე ფონზე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი მომენტი, რომ ნამდვილად ამ კონსტიტუციაში ჩვენ ვნახეთ დადებითი და წინგადადგმული ნაბიჯი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ გადავდივართ პარლამენტის პროპორციულ არჩევნებზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც, გაურკვეველი ლოგიკის ჩანაწერით მოგებული პარტია, სულ 1%-ით რომ იყოს მოგებული წინა პარტიაზე, ყველა განაწილებელ მანდატს თავისთვის ითვისებს. წინა არჩევნებზე ასეთი გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა 20% იყო. 31% რომ მიიღოს პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ და მეორემ - 30%, 20% უცბად დაემატება და 51% გაუხდება პარტიას, რაც დემოკრატიის ლოგიკასთან არანაირ შეხებაში არ მოდის და ასეთ ჩანაწერს თავისი გამართლება უნდა ჰქონდეს.

საზოგადოებას უნდა აგვიხსნას პატივცემულმა კომისიის წევრებმა, რა ლოგიკით დაწერეს, რომ პირველ ადგილზე გასული პარტია მთელ გაუნაწილებელ მანდატებს თავისთვის იღებს. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ის პოზიცია, რასაც საზოგადოება სოციალურ დაცულობასთან დაკავშირებით გამოხატავდა, ეს ასახულია კონსტიტუციაში და მართალია, მაინცდამაინც ასეთი მტკიცე ენით არ არის ის კონსტიტუციის პროექტში დაწერილი, მაგრამ გარკვეული მინიშნება, რომ სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება ადამიანის სოციალურ უფლებებსა და მის საჭიროებებზე ზრუნვისა, ეს ჩაწერილია კონსტიტუციაში.

ნათქვამია, რომ სახელმწიფო ვალდებულია განათლების, ჯანდაცვის მიმართულებით, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის მიმართულებით და თვალსაზრისით მოქალაქეებზე იზრუნოს. სხვა თვალსაზრისით, რომ შევხედოთ იმ წარმოდგენილ ვერსიას, რომელსაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, ფაქტობრივად, ძნელი სათქმელია, ვის ინტერესებს, ვის სურვილებს, ვის თანხმობას გამოხატავს დოკუმენტი, რომელიც პირველ რიგში, იწყება სიტყვებით - "ჩვენ საქართველოს მოქალაქეები" და სულისკვეთება უნდა იყოს, რომ ეს არის აბსოლუტურად ყველას დოკუმენტი.

ამ ვითარებაში, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა დატოვეს საკონსტიტუციო კომისია, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ნათლად უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი დამოკიდებულება არსებული დოკუმენტის მიმართ და მივმართოთ, მივაწოდოთ ეს ინფორმაცია პატივცემულ კომისიის წევრებს. იმ ვითარებაში, როდესაც ფაქტობრივად, ქრება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობები, ვითარებაში, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს უფრო პროგრესული და პროპორციული ფორმით, მაგრამ ამავე დროს გაურკვეველი საარჩევნო სისტემით ავირჩევთ, როდესაც თვითმმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის შესახებ რეალური და პრინციპული არაფერია ნათქვამი, ვფიქრობ, რომ ჩვენი აზრები და იდეები უფრო ძალიან აქტიურად მივაწოდოთ კომისიას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

myquiz