ილჰამ ალიევი - პოსტსაბჭოეთის პირველი მონარქი?! | Allnews.Ge

ილჰამ ალიევი - პოსტსაბჭოეთის პირველი მონარქი?!

ილჰამ ალიევი ბაქოში, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსის ჰეიდარ ალიევის ოჯახში, 1961 წელს დაიბადა.

ბაქოშივე დაამთავრა საშუალო სკოლა და 16 წლის ასაკში 1977 წელს, როდესაც მამამისს უკვე აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტი ეკავა, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში ჩაირიცხა.

"სწავლის პირველი წელიწადი განსაკუთრებით რთული იყო. ერთია ბაქოში, "ცეკას" პირველი მდივნის შვილი იყო, და სულ სხვაა - მოსკოვში, სრულიად უცხო გარემოში, თანაც ასეთ ნორჩ ასაკში. მაგრამ მე მამის იმედები გავამართლე, კარგად ვსწავლობდი ინსტიტუტშიც და ასპირანტურაშიც", - იხსენებს ილჰამ ალიევი.

მას შემდეგ რაც მამამისი სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს შემადგენლობა დაატოვებინეს, ილჰამ ალიევს, რომელიც ზემოხსენებულ ინსტიტუტში უკვე ლექციებს კითხულობდა, წასვლა ურჩიეს, რადგან მამამისს ქვეყნის ახალი ხელმძღვანელი მიხეილ გორბაჩოვი არ სწყალობდა.

ილჰამ ალიევი კერძო ბიზნესით დაკავდა. 1991 წელს იგი ფირმა "ორიენტს" ჩაუდგა სათავეში, ხოლო 1992 წელს მთიან ყარაბაღში ომის დაწყებისთანავე სტამბოლში გადაბარგდა და აზერბაიჯანში მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი უკვე ჰეიდარ ალიევი იყო.

1994-2003 წლებში ილჰამ ალიევი SOCAR-ის ჯერ ვიცე-პრეზიდენტი, შემდეგ კი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო 1995 წელს. 2000 წელს ის პარლამენტის წევრად აირჩიეს.

2003 წლის ზაფხულში აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატებად ჰეიდარ და ილჰამ ალიევები დასახელდნენ. ამავე წლის აგვისტოში, ჰეიდარ ალიევის თხოვნით პარლამენტმა მისი შვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ორ თვეში კი ტელევიზიით ჰეიდარ ალიევის ხალხისადმი მიმართვა გავრცელდა, რომელშიც მან შვილის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა.

2003 წლის 15 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, ილჰამ ალიევმა კი ხმათა 79,46% დააგროვა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა უამრავი დარღვევა დააფიქსირეს. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის კანდიდატის 3000-მდე მომხრე ქუჩაში გამოვიდა. სახელმწიფომ მათ შინაგანი ძალების ერთი ლეგიონი დაუპირისპირა, შეტაკებები მსხვერპლით დასრულდა.

მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე 2008 წელს ილჰამ ალიევმა ხმათა 88%-ზე მეტი დააგროვა და 2013 წლამდე გაიხანგრძლივა უფლებამოსილება. ამ საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში მან კონსტიტუცია შეცვალა, კერძოდ კი ის მუხლი ამოიღო, რომელიც ერთსა და იმავე პირს ორ საპრეზიდენტო ვადაზე მეტით არჩევა ეკრძალებოდა, რითაც მესამე ვადით არჩევა გარანტირებული გახადა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი ალიევმა ხმათა 84,6% აიღო.

2016 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მიხედვით საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდა

და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაარსდა. 2017 წლის 21 თებერვალს ილჰამ ალიევმა ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტად თავისი მეუღლე, აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა დანიშნა. დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანში ნეომონარქია ყალიბდება და თუკი ილჰამ ალიევი ვეღარ დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს, მას მეჰრიბან ალიევა შეცვლის, რათა შემდეგში ეს თანამდებობა მათ ვაჟს, ჰეიდარს ერგოს.

ილჰამ ალიევმა მისი მეუღლე აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა

ცალკეული საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, ილჰამ ალიევის პრეზიდენტობის დროს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება დასტაბილურდა, თუმცა ზოგიერთი წყარო ალიევების რეჟიმს დიქტატორულს და ავტორიტარულს უწოდებს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ალიევს ავტორიტარიზმის, კორუფციის, ადამიანთა უფლებების დარღვევის, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების და ხელისუფლების ოპონენტთა დევნის გამო აკრიტიკებენ.

"2011 წლის მსოფლიო ქვეყნების დემოკრატიის ინდექსში", რომელიც Economist Intelligence Unit-მა შეადგინა, აზერბაიჯანმა 140-ე ადგილი დაიკავა და ავტორიტარულ ქვეყანად დასახელდა. 2012 წლის სპეციალურ მოხსენებაში ორგანიზაცია Amnesty International-ი აღნიშნავდა, რომ "აზერბაიჯანში სიტყვის თავისუფლება სერიოზულად იზღუდება და პირები, ვინც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მის ახლო გარემოცვას ან მთავრობას აკრიტიკებს, თავს სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებენ".

მსოფლიო ყურადღების ცენტრში ილჰამ ალიევი კიდევ ერთხელ რამდენიმე წლის წინ მოხვდა, როდესაც პანამაში მდებარე ერთ-ერთი იურიდიული ფირმის Mossack Fonseca-ს კონფიდენციალურმა ინფორმაციამ - "პანამის დოკუმენტებმა" (Panama Papers) გაჟონა. Mossack Fonseca ოფშორული კომპანიების რეგისტრაციით და ხელმძღვანელობით იყო დაკავებული, მისი დოკუმენტაცია კი გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung-მა მოიპოვა და გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმსა (ICIJ) და ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტს (OCCRP) გადასცა.

Panama Papers - "ოფშორულ კომპანიას სამი წელი დასჭირდა ივანიშვილის პასპორტის ხელში ჩასაგდებად"

"პანამის დოკუმენტების" მიხედვით, ილჰამ ალიევის ოჯახი ფარულად ფლობდა ოფშორულ კომპანიებს, რომელთა საშუალებითაც ლონდონში უძრავ ქონებას და სხვა აქტივებს აკონტროლებდა. მაგალითად, 2005 წელს ალიევმა აზერბაიჯანში 6 ოქროს საბადოს დამუშავების უფლება ერთ ბრიტანულ და სამ ოფშორულ კომპანიას გადასცა, სინამდვილეში კი საბადოები ილჰამ ალიევის ოჯახის საკუთრება გახდა. Mossack Fonseca-ს ინფორმაციით, 2003 წელს ილჰამ და მეჰრიბან ალიევებმა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე ფირმა Rosamund International LTD შეიძინეს. 2008 წელს ამავე იურისდიქციაში კომპანიები დაარეგისტრირეს ილჰამ ალიევის ქალიშვილებმა - 19 წლის არზუმ და 23 წლის ლეილამ.

Mossack Fonseca-ს ინფორმაციით, ოქროს საბადოების მფლობელ კომპანიაში ალიევის ქალიშვილების წილი რამდენიმე მილიარდ დოლარად ფასდება. The Washington Post-ი წერდა, რომ 2011 წელს ილჰამ ალიევის 11-წლის ვაჟი ჰეიდარი დუბაიში დაახლოებით 44 მილიონი დოლარის ღირებულების 9 მდიდრული აგარაკის მფლობელი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციის შესახებ BBC-ის კითხვაზე ილჰამ ალიევის პრესს-სამსახურმა უპასუხა, რომ აზერბაიჯანული კანონმდებლობა პრეზიდენტის შვილებს კომერციული სტრუქტურების ფლობას არ უკრძალავს.

არანაკლებ ცნობილი და ხმაურიანი იყო ჰეიდარ ალიევის ძეგლების დადგმასთან დაკავშირებული სკანდალები.

აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ ქვეყნის ექს-პრეზიდენტის ძეგლების დადგმას საერთაშორისო მედიამ "ნავთობდოლარების გამოყენებით დესპოტური პიროვნების ისტორიის გადაწერის მცდელობა" უწოდა. რიგ ქვეყნებში ჰეიდარ ალიევის ძეგლების აღმართვას ადგილობრივი საზოგადოების და აზერბაიჯანული ოპოზიციის პროტესტები მოჰყვა.

2012 წლის აგვისტოში ჰეიდარ ალიევის ძეგლი მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ერთ-ერთ ბულვარში დადგეს, რამაც ადგილობრივი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ისინი ჰეიდარ ალიევს დიქტატორს უწოდებდნენ და ძეგლის გადატანას მოითხოვდნენ, მოგვიანებით კი ძეგლის დემონტაჟი მოხდა. ანალოგიური სიტუაცია 2012 წელს ჰეიდარ ალიევის და მეჰრიბან ალიევას ბიუსტებს კანადურ ქალაქ ნიაგარა-ონ-ზე-ლეიქში შეემთხვა. ქალაქის მერიამ ბიუსტების დემონტაჟი განახორციელა და მათ დიქტატურის ძეგლები უწოდა.

2007 წლის დეკემბერში, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების მეოთხე წლისთავზე მისი ცვილის ფიგურა სახელგანთქმულ ლონდონურ მადამ ტიუსოს მუზეუმში დაიდგა.

2008 წელს აზერბაიჯანმა და ეგვიპტემ ძეგლები გაცვალეს, რის შედეგადაც კაიროს შემოგარენში ჰეიდარ ალიევის, ხოლო აზერბაიჯანში - ჰოსნი მუბარაქის ძეგლები გაჩნდა. მოგვიანებით, როდესაც ეგვიპტეში მუბარაქი რევოლუციის შედეგად გადააყენეს, აზერბაიჯანში მისი ძეგლი ძველი ეგვიპტელის ქანდაკებით შეცვალეს.

საერთაშორისო კრიტიკის საპასუხოდ ილჰამ ალიევი ყოველთვის აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში ეს კრიტიკა მიკერძოებულია, რასაც ალიევი "აზერბაიჯანის ავტორიტეტის შელახვის მცდელობად" აფასებს.

 

myquiz