თბილისის საკრებულოს 13 მილიონერი დეპუტატი ჰყავს | Allnews.Ge

თბილისის საკრებულოს 13 მილიონერი დეპუტატი ჰყავს

"სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" და არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორი" თბილისის საკრებულოს "მილიონერი დეპუტატების" შესახებ კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ახალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა და "მედიატორის" წევრმა ნინო ყურაშვილმა განაცხადეს, საკრებულოს 13 მილიონერი დეპუტატი ჰყავს, მათ შორის პირველ ადგილს 3 383 898 ლარით "ქართული ოცნების" წევრი თამარ ტალიაშვილი იკავებს, ხოლო "მილიონრებს შორის ყველაზე ღარიბი" "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ტყემელაძეა 946 400 ლარით.

მათივე განცხადებით, კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ საკრებულოს 50 წევრიდან ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია 21 დეპუტატს.

"კვლევა, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საუბარია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციებზე. კვლევის პერიოდში შესწავლილი იქნა საკრებულოს 50 დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია. ირკვევა რომ, მილიონერთა სიის მეორე ადგილს  "ქართული ოცნების" დეპუტატი ილია (ჯაბა) ჯიშკარიანი 3 349 705 ლარით იკავებს, შემდეგ არის "ქართული ოცნების" წევრი ვლადიმერ ძნელაძე 2 935 134 ლარით, მას მოსდევს ფრაქცია დედაქალაქის" თავმჯდომარე ზაზა ვეკუა 2 510 281 ლარით, ასევე "ქართული ოცნებიდან" ავთანდილ დავითაძე 2 311 337 ლარით.

21 დეპუტატიდან, ვისაც ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია, 12 "ქართული ოცნების" დეპუტატია, 2 - "ნაციონალური მოძრაობის", 2 - კი "ევროპული საქართველოს" წევრია. დეკლარაცია არ აქვს ასევე შევსებული ნინო ბურჯანაძის პარტიის ყოფილ, ამჯამად კი ფრაქცია "დედაქალქის" ორ და "პატრიოტთა ალიანსის" ერთ წევრს, ასევე, დამოუკიდებელ დეპუტატებს ალეკო ელისაშვილსა და დავით მანჯავიძეს.

თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს, ჯაბა სამუშიას, ქონებრის დეკლარაციაში დღემდე არ აქვს მითითებული საცხოვრებელი ბინა ნუცუბიძეზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჯაბა სამუშია ამ ბინის კანონიერი მესაკუთრეა.

კვლევა ეყრდნობა დეპუტატების მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს და ქონება შეფასებულია დღევანდელი საბაზრო ღირებულებების მიხედვით, მაქსიმალური ცდომილება შეადგენს 10%-ს," - აცხადებენ კვლევის ავტორები.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, საკრებულოს დეპუტატების ნაწილს აქვთ შპს-ები და მონაწილეობენ ტენდერებში, რაც წინააღმდეგობაში მოდის საჯარო მოხელის საქმიანობასთან. ხაბეიშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ დეპუტატების ქონების "წარმომავლობით".

მისივე განცხადებით, "საკრებულო ნოტარიუსად არის გადაქცეული, რომლის ხელმძღვანელიც არის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი".

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როცა ქვეყანას ბევრი სოციალურად დაუცველი ჰყავს, "არანორმალურია დეპუტატების ასეთი სიმდიდრე".

myquiz