ვინ შეიძლება გახდეს თბილისის მერი? | Allnews.Ge

ვინ შეიძლება გახდეს თბილისის მერი?

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში ჩატარდება, თუმცა, პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი, შესაძლოა, კახა კალაძე, ხოლო საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილიც გახდეს, მაგრამ აღნიშნულ ინფორმაციას არცერთი მათგანი არ ადასტურებს.

ვინ იქნებიან თბილისის მერობის კანდიდატები და რომელმა მათგანმა შეიძლება მოიპოვოს ამომრჩევლის მხარდაჭერა?

პოლიტოლოგები პროგნოზირებენ, რომ თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება, რადგან "ქართულ ოცნებასა" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას," ამომრჩევლის მხარდაჭერა აღარ აქვთ.

"თბილისელი ამომრჩეველი როგორც დღევანდელი, ისე წინა ხელისუფლების მოღვაწეობით უკმაყოფილოა, ასე რომ ისინი უალტერნატივოები არ არიან და ვერ ვიტყოდი, რომ ქალაქის მერი მაინცდამაინც ერთი ან მეორე პარტიის წარმომადგენელი უნდა გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილს ქალაქისთვის ძალიან ბევრი უკეთებია, ვფიქრობ, რომ მერობის ტვირთის აწევას ვერ შეძლებს, რადგან რეალურად, პოლიტიკაში სულ სხვა ტიპის მენტალიტეტი, ხასიათი, ტექნოლოგიები და თვისებებია საჭირო.

ამ ქალაქში მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც ამ ამოცანის შესრულება შეუძლიათ. დღეს, თბილისში მოთხოვნადი არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც "ქართული ოცნებაა." მესამე არჩევანის თემა ძალიან აქტუალურად დგას, თუმცა ამომრჩეველს ეს შეიძლება ვერავინ შესთავაზოს,"-განმარტავს გია ხუხაშვილი და დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები დაუპირისირდებიან, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს მერობის შანსები ნაკლებად ექნება.

სოსო ცისკარიშვილის აზრით, კახა კალაძის კანდიდატურა თბილისელებისთვის მიუღებელია.

"თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე, ვფიქრობ, რომ თბილისელებისთვის მიუღებელი იქნება. ნიკა მელიას დასახელების შემთხვევაში, არამგონია, რომ ის სერიოზულ კანდიდატად განიხილებოდეს,"-განაცხადა ცისკარიშვილმა და გია ხუხაშვილის მსგავსად აღნიშნა, რომ დამოუკიდებელ კანდიდატმა შესაძლოა, უფრო დიდი მხარდაჭერა მოიპოვოს.

"არამგონია, თბილისელებს რომელიმე პარტიის მიმართ ისეთი სიყვარული გააჩნდეთ, რომ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარი ამის გამო დაუჭიროს. არჩევნებზე 5 კანდიდატი მაინც უნდა დასახელდეს, რომ თბილისელებმა საკუთარი სურვილი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე წარმოაჩინონ,"-განმარტავს პოლიტოლოგი.

ამ ეტაპზე თბილისის მერის თანამდებობას დავით ნარმანია იკავებს. ის პოსტზე 2014 წლის არჩევნების მეორე ტურის შედეგად, მას შემდეგ აირჩიეს, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ნიკა მელიაზე მეტი ხმა მოიპოვა.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz