გია ხუხაშვილი - მთავრობას მიშა სააკაშვილის ვირუსი შეეყარა | Allnews.Ge

გია ხუხაშვილი - მთავრობას მიშა სააკაშვილის ვირუსი შეეყარა

მთავრობას მიშა სააკაშვილის ვირუსი შეეყარა, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია გუხაშვილი საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას ე.წ. სამთავრობო ქალაქის მშენებლობის შესახებ.

"საკუთარ ეკონომიკურ აქტივობაზე გიგანტომანიით დაავადნენ და სხვა პოზიტივს რომ ქმნიან, ასეთ ოდიოზურ პროექტებს იგონებენ. თეორიულად მათი ინიციატივა თითქოს ცუდად არ გამოიყურება - ერთი შეხედვით კარგია, რომ მთავრობა კომპაქტურად იყოს განლაგებული და უკეთესად კოორდინებული, მაგრამ დროში და სივრცეში არიან დაკარგულები.

დღეს, როდესაც ამდენი პრობლემაა ქვეყანაში, ასეთი ტიპის პროექტების დაწყება აბსოლუტურად არაადეკვატურია და შეუსაბამოა იმ სოციალურ რისკებთან, რაც ქვეყანაში არსებობს. ის არგუმენტი, თითქოს მშენებლობის სტიმულირებას მოახდენენ ამით, იმდენჯერ გვაქვს მოსმენილი მიშა სააკაშვილის დროს, რომ სირცხვილია. ნუ დაემსგავსებიან იმას, რასაც ჩვენ ვებრძოდით და რის გამოც მოვიყვანეთ ეს ადამიანები ხელისუფლებაში. ჯერ სამვარკვლავიანი გახადონ ქვეყანა, სადაც ადამიანებს საჭმლის ფული არ აქვთ და მერე გველაპარაკონ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებზე", - განუცხადა ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს".

ამასთან, ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ პროექტი ეკონომიკურად კარგად არ არის დათვლილი და უსაფრთხოების მხრივ პრობლემებსაც ქმნის.

"ის ამონაგები, რაც, არსებული ინფრასტრუქტურის რეალიზაციიდან თეორიულად შეიძლება მივიღოთ, რამდენად ადეკვატურია იმ თანხის, რაც ეს ქალაქი დაჯდება?! მე ვფიქრობ, ეს გათვლები არავის გაუკეთებია და მხოლოდ ზეპირი განცხადებები კეთდება. გარდა ამისა, სანამ ეს ქალაქი არ აშენდება, ბუნებრივია, ის შენობები ვერ დაიცლება და შესაბამისად, ხარჯები წინასწარ იქნება გასაწევი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი კომპენსირება.

მანამდე რა შეიძლება გახდეს ამ მშენებლობის წყარო?

კიდევ დგება უსაფრთხოების საკითხი. მოგეხსენებათ, საქართველო საკმაოდ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობს და წარმოიდგინეთ დაიწყო პროტესტი, დადგეს კარვები. როგორ წარმოუდგენიათ მათ, როდესაც მთელი მთავრობა, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით ერთ წერტილში განლაგდება და ხომ არ მოხდება ისე, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მღელვარების შემთხვევაში მთლიანად მთავრობა პარალიზებული იქნება? უსაფრთხოების კუთხით, მე ვფიქრობ, არავის უფიქრია. რისკების დივერსიფიცირება ყოველთვის უკეთესია. როდესაც ყველა ერთად გროვდება, მთელი ხელისუფლება, უკმაყოფილო ხალხმა შეიძლება მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების პარალიზება მოახდინოს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა.

myquiz