კახა კალაძე - "რუსთავი 2" არის პარტიული ტელევიზია და ამას თვითონაც აღიარებენ | Allnews.Ge

კახა კალაძე - "რუსთავი 2" არის პარტიული ტელევიზია და ამას თვითონაც აღიარებენ

"რუსთავი 2" არის პარტიული ტელევიზია და ამას თვითონაც აღიარებენ, როდის ჰქონიათ გამოხატვაში მათ პრობლემა?!, - ასე მიმართავს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ადამიანებს, ვინც "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს.

"რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის პროცესს, ჩვენთვის, ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის არის ბუნებრივი მდგომარეობა და მოცემულობა, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, აგრეთვე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა ქვეყანაში. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა 2012 წლის არჩევნების შედეგად სხვა დემოკრატიულ ღირებულებებთან და სიკეთეებთან ერთად. და ამას პირველ რიგში ჩვენი გუნდი არ დათმობს, ვინაიდან ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო ჯიბის სასამართლო და დატერორებული ტელევიზიები. ჩვენ ამაზე საუბარი არ უნდა მოგვერიდოს და ღიად უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. ბევრი დრო არ გასულა, სულ რაღაც ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს გარემოებები შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში.

დიახ, "რუსთავი 2" - ეს არის პარტიული ტელევიზია და ამას თვითონაც აღიარებენ, ამაზე ღიად საუბრობენ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასმით მინდა ვთქვა, სიტყვის თავისუფლების უფლებით...

და რა?! როდის ჰქონიათ ამ გამოხატვაში მათ პრობლემა?! როდესმე ჰქონიათ მუშაობაში ბარიერები?!

ისმის ძალიან მარტივი კითხვა - თუ ამ 5 წლის მანძილზე ტელევიზია, კონკრეტული პარტიის პროპაგანდის რუპორი არ შეზღუდულა, მეტიც, ხელისუფლება, თითოეული ჩვენგანი, მეც ვთანამშრომლობდი, ზუსტად ისე, როგორც სხვა არხებთან, რატომ შეიზღუდება მანც და მაინც ახლა?! თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა, მეგობარმა და მოქალაქემ მშვენივრად იცის, რომ "რუსთავი 2"-ს არავითარი შეზღუდვა არ ჰქონია და არ ექნება არასდროს", - განაცხადა კალაძემ.

მინისტრი ყველას ურჩევს გაიხსენოს, თუ რა ხდებოდა გასულ წლებში, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველანაირი მეთოდი გამოიყენა თავისუფალი სიტყვის შესაზღუდად, გადაცემების ბოიკოტირებიდან დაწყებული, ტელეკომპანიების დახურვით და დარბევით დამთავრებული.

"ახლა როგორ დავიჯერო, რომ მედიის მაშინდელ ტერორზე მეტად ამჟამად ორ პირს შორის სასამართლო დავის შედეგი არის აღმაშფოთებელი თუ შესაშფოთებელი ვინმესთვის?! დღეს ვინც ჩვენ გვეუბნება და გვიკიჟინებს, ჩვენი შინაური ჟურნალისტები, თუ ოპოზიცია მაქვს მხედველობაში, დავიჯერო კოლექტიურად დაექვემდებარეთ ნაციონალების პროპაგანდისტულ გიპნოზს და დაიჯერეთ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება?! რისგან?! ვისგან?! ერთმა ნაციონალების დროს მფლობელმა, მეორე ნაციონალების დროს მფლობელს რომ ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა, ეგ გახდა თქვენი თავისუფლების პრობლემა?!

სირცხვილია, როცა სრული თავისუფლების პირობებში ყვირიან, რომ იზღუდებიან რამეში", - აცხადებს კახა კალაძე.

ვიცე-პრემიერი ყველას ურჩევს კარგად გააცნობიეროს, რომ დავაში მოგებული მხარე არის ის პიროვნება, ვისაც თავის დროზე აყიდინა ეს ტელევიზია სააკაშვილმა და მისმა გუნდმა.

"დავაში მონაწილეობენ მხარეებად სააკაშვილთან ამჯერად კარგად მყოფი და მეორეს მხრივ მისგან შერისხული, მაგრამ როდესღაც აგრეთვე კარგად მყოფი პირები. ამ საქმემ ქვეყანაში არსებული ყველა ინსტანცია გაიარა, სასამართლოს მუშაობას ჩვენი შეფასებებითაც კი არ ვეხებოდით ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლები. მოკლედ, ერთს ვიტყვი - უმეტესობა არასწორად იყენებს თავისუფლებას, იბრძვიან, ყვირიან მის მოსაპოვებლად და როცა აღწევენ მიზანს, მერე ვერ ხვდებიან თავის და ქვეყნის სასიკეთოდ როგორ გამოიყენონ ეს მოპოვებული. ის, რაც ამ დღეებში "რუსთავი 2"-ის ირგვლივ ხდება, მაგის მაჩვენებელია - თავისუფალი სიტყვის, ნების და განწყობების მქონე ხალხი ყვირის იქ, სადაც სალაპარაკოც კი არაფერია და ითხოვს იმას, რაც უკვე ისედაც ხელში აქვთ", - აღნიშნა მინისტრმა.

myquiz