ვინ აირჩევს პრეზიდენტს და როგორი საარჩევნო სისტემა იმოქმედებს საქართველოში | Allnews.Ge

ვინ აირჩევს პრეზიდენტს და როგორი საარჩევნო სისტემა იმოქმედებს საქართველოში

საქართველოში ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც ოპოზიციის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება, ამის მთავარი ინსტრუმენტი კი არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კომისიის წევრებს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე მმართველის გუნდის ხედვები გააცნო.

"ჩვენ გვესახება ასეთი სისტემა - ძლიერი პარლამენტი. რა განაპირობებს პარლამენტის სიძლიერეს - საარჩევნო სისტემა! დღევანდელი საარჩევნო სისტემა გარკვეულ უპირატესობას გამარჯვებულ პარტიას ანიჭებს და ოპოზიცია შედარებით სუსტ პოზიციაში გადაჰყავს. ეს არის არსებული საარჩევნო სისტემის ძირითადი თავისუბურება.

ის თუ როგორ გვესახება პროპორციული სისტემა, ბუნებრივია, პროპორციულ სისტემას აქვს თავისი თავისებურებები - დაწყებული საარჩევნო ბარიერით, დასრულებული სხვა საკითხებით. ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილია კონკრეტული პროექტი და შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ", - განაცხადა კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საპარლამენტო სისტემაში არის არბიტრი და ამ სისტემის ფარგლებში პრეზიდენტი არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ფიგურა. 

კობახიძის თქმით, ზემოაღნიშნულ პრინციპზე არის აგებული დღევანდელი კონსტიტუციაც, თუმცა არის გარკვეული რეგულაციები, რომლებიც სხვანაირ პრაქტიკას განაპირობებს.

"ჩვენი ამოცანა არის, კონსტიტუციით უზრუნველვყოთ პრეზიდენტის, როგორც ძლიერი არბიტრის ჩამოყალიბება და პრეზიდენტი ჩამოვაყალიბოთ არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ საზოგადო ფიგურა, საზოგადო დატვირთვით, როგორც ეს არის საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, საპარლამენტო სისტემა არის საუკეთესო მექანიზმი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი ტიპის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება.

მისი თქმით, საპარლამენტო მმართველობის სისტემის შენარჩუნება არის ერთადერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში არსებობს.

"ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი ხედვის თანახმად ვინარჩუნებთ არსებულ საპარლამენტო სისტემას. დღეს მოქმედებს საქართველოში საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ჩვენ ვთქვით, რომ ერთადერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება სწორედ მმართველობის ფორმას შეეხება.

ჩვენ ვაპირებთ არსებული საპარლამენტო მმართველობის ფორმის შენარჩუნებას. როდესაც 2010 წელს განხორციელებული რეფორმა შეფასდა ვენეციის კომისიის მიერ, მაშინ აღინიშნა, რომ მთავარი პროგრესული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, ეხებოდა სწორედ სვლას საპარლამენტო სისტემისკენ.

ვენეციის კომისია რომც არ იყოს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო სისტემა დემოკრატიისთვის, პლურალიზმისთვის ბევრად მეტ გარანტიებს ქმნის, ვიდრე საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო სისტემის შენარჩუნება უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს და ამ თემაზე მსჯელობა გრძელდება.

ჟურნალისტებთან საუბრისას სესიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს პოზიცია მაჟორიტარული სისტემის სასარგებლოდ აქვთ.

"დღეს საარჩევნო სისტემის თემა კვლავ აქტუალურია. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას 113 ხმა სჭირდება. მაჟორიტარ დეპუტატებს აქვთ საკუთარი პოზიცია. ამ ეტაპზე საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მსჯელობა გრძელდება", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

myquiz