"ოჯახური პოლიტიკა" საქართველოში და პოლიტიკოსების ბიოგრაფიის მივიწყებული დეტალები | Allnews.Ge

"ოჯახური პოლიტიკა" საქართველოში და პოლიტიკოსების ბიოგრაფიის მივიწყებული დეტალები

საქართველოს თითქმის ყველა საკანონმდებლო, აღმასრულებელი ორგანო და ოპოზიციური პარტია არაერთ ნათესაურ კავშირს ითვლის.

მაგალითად, მაია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია ერთმანეთის სიძე და ცოლის და არიან. მაია ფანჯიკიძე პარტია "თავისუფალი დემოკრატებისა" და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი იყო და 2012-2014 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი და 2012-2014 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო.

ელენე და გიორგი (გოგი) ხოშტარია, მამა-შვილი არიან.

გიორგი ხოშტარია 1990-1991 წლებში საქაართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მას პირველი კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი აქვს მინიჭებული. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი, 2012-16 წლებში კი "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თავმჯდომარე გახდა.

2017 წელს ხოშტარია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ის მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია.

ირაკლი კობახიძე, ამჟამად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა, მისი მამა, გიორგი კობახიძე 1991-1996 წლებში, "საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" პრეს-მდივანი და თავმჯდომარის მოადგილე იყო. გიორგი კობახიძე საქართველოს მე-3 და მე-4 მოწვევის პარლამენტისა და "საქართველოს სახალხო პარტიის" წევრიც იყო.

თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი ცოლ-ქმარი არიან.

ისინი "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები იყვნენ, ამავდროულად კოალიცია "ქართული ოცნების" რიგებსაც იკავებდნენ, თუმცა ამჟამად ორივე მათგანმა პოლიტიკური გაერთიანება დატოვა. დავით უსუფაშვილი 2005-2013 წლებში "რესპუბლიკური პარტიის," ხოლო 2012-2016 წლებში მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. უსუფაშვილმა პოლიტიკური საქმიანობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც ის სახელმწიფო საბჭოს იურიდიული განყოფილების მრჩეველი გახდა.

მანანა კობახიძე ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, მისი ძმა, თედო კობახიძე კი თბილისის საკრებულოს იურუდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მანანა კობახიძე 2012 წლის არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე იყო. მანამდე ის ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველისა" და "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი იყო.

თედო კობახიძე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობამდე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი. 2013 წელს ის კოალიცია "ქართული ოცნება" იურიდიული სამსახურის უფროსი და გიორგი მარგველაშვილის ცენტრალური საარჩევნო შტაბის იურიდიული სამსახურის უფროსი გახდა. 2012 წელს თედო კობახიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო და პოლიტიკური საქმიანობაც სწორედ ამ პერიოდში დაიწყო.

ლევან და დავით ბერძენიშვილები ძმები არიან.

2012-16 წლებში, ისინი "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები და ამავდროულად, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები იყვნენ. ლევან ბერძენიშვილი 1997-98 წლებში ფონდ "ქართუს" დირექტორი იყო, ხოლო 2004-08 წლებში პარლამენტის წევრი, ამავე პოზიციაზე ის 2012-16 წლებშიც იყო.

დავით ბერძენიშვილმა პოლიტიკური საქმიანობა 1990 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი გახდა, 1992-95 წლებში კი პარლამენტის წევრი იყო. 2000-05 წლებში დავით ბერძენიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2002-04 წლებში იგი თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის" თავმჯდომარე იყო. 2012-16 წლებში კი პარლამენტის წევრი გახდა.

კოტე და პავლე კუბლაშვილებიც ძმები არიან.

კოტე კუბლაშვილი 2005-2015 წლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, ძმები საქართველოს იუსტიციის საბჭოში მუშაობდნენ.

2005 წელს პავლე კუბლაშვილი შუალედური არჩევნების შედეგად საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. ამ პერიოდისთვის ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებში ირიცხებოდა, 2015 წელს კი პარტია დატოვა და პოლიტკური ცენტრის, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

ბაჩო და დათა ახალაიები ძმები არიან, ხოლო როლანდ ახალაია მათი მამაა. 2012 წელს ბაჩო ახალაია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2005-08 წლებში იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2008-09 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. 2009 წლიდან 2012 წლამდე იგი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად, ბაჩო ახალაია პატიმრობაში იმყოფება. მისი ძმა, დათა ახალაია კი მე-8 მოწვევის პარლამენტის პერიოდში კუდ-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ამჟამად, ისიც პატიმრობაშია.

როლანდ ახალაია 2001-2004 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მთავარი სამმართველოს მრჩეველად, შემდეგ სამმართველოს უფროსად, გენინსპექციის უფროსის მოადგილედ და მრჩეველად მუშაობდა. 2008-2012 წლებში ის სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურორი იყო.

გოკა და კოტე გაბაშვილები მამა-შვილი არიან.

კოტე გაბაშვილმა პოლიტიკური საქმიანობა 1989 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა დაიკავა. ის და გიორგი (გოკა) გაბაშვილები პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" გაწევრიანდნენ. 2004-08 წლებში, კოტე გაბაშვილი მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

რაც შეეხება გოკა გაბაშვილს, 2004-08 წლებში ის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მან პოლიტიკური კარიერა 1997 წელს დაიწყო, როდესაც მუშაობა განათლებისა და მეცნიერიების სამინისტროში დაიწყო. გოკა გაბაშვილი 2012 წელს მე-8 მოწვევის პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახდა. ამჟამად, პოლიტიოსი ამავე პარტიის წევრია.

ნუგზარ და გიორგი წერეთლებიც მამა-შვილი არიან. ნუგზარ წერეთელმა პარტია "ევროპული საქართველო" 1999 წელს დაარეგისტრირა. 2017 წლამდე ის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობაში იყო, შემდეგ კი გამოეყო.

გიორგი წერეთელი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და საქართველოს პარლამენტის სამგზის (1999,2003,2008) წევრი იყო. მან პოლიტიკური კარიერა 1998 წელს დაიწყო, როდესაც თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია "თბილისის" თავმჯდომარე გახდა. ამჟამად, გიგი წერეთელი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერია.

დავით ბეჟუაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტის (1999,2004,2008,2012) წევრი იყო. ის ჯერ "მოქალაქეთა კავშირის," შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო. მისი ძმა, გელა ბეჟუაშვილი 1998-2000 წლებში ევროპის საბჭოში მუშაობდა, 2005-08 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, 2004-05 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, 2004 წელს თავდაცვის მინისტრი, მანამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 1997-2000 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო 1993-1996 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ყაზახეთის რესპუბლიკაში.

გოგა ხაინდრავა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო, ხოლო მისი ძმა, ივლიანე ხაინდრავა, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ივლიანე ხაინდრავა, ასევე "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" წევრი და თავმჯდომარე იყო.

სევდია და მინდია უგრეხელიძეები და-ძმა და აქტიური პოლიტიკური ფიგურები არიან.

სევდია უგრეხელიძე საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "თავმჯდომარეა, მინდია უგრეხელიძე კი 1990-1999 წლებში "რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს" დეპუტატი იყო.

ვახტანგ რჩეულიშვილი რუსუდან კერვალიშვილის დის ქმარია. 1987-1992 წლებში ის საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 1992-95 წლებში კი საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილე იყო. რუსუდან კერვალიშვილი 2012 წლამდე პარლამენტის წევრი იყო და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებში ირიცხებოდა.

მარიამ საჯაია ამჟამად 25 წლისაა, ის მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი 21 წლის ასაკში გახდა. მარიამ საჯაია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია. მისი დედა, ნაზი არონია ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა -დემოკრატები ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა" და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი იყო.

როგორც ჩანს, საქართველოს რამდენიმე მოწვევის პარლამენტიდან 15 ნათესაური კავშირი გამოვლინდა.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz