41 მილიონერი საქართველოს პარლამენტში | Allnews.Ge

41 მილიონერი საქართველოს პარლამენტში

საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი იწყება. ამის შესახებ 14 თებერვლით დათარიღებულ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი. მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობისა და მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, აგრეთვე, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია.

დარღვევების აღმოჩენისას თანამდებობის პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 200 საათამდე. გარდა ამისა, კანონი სასჯელის სახით ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.

მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსების ამსახველი არაერთი ჟურნალისტური გამოძიება და არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა არსებობს, საზოგადოებას გაუჭირდება თუნდაც ერთი გახმაურებული ფაქტის გახსენება, როცა ამ კანონდარღვევის გამო რომელიმე თანამდებობის პირი დაისაჯა. ამიტომაც, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება ფორმალობას დაემსგავსა და მას თანამდებობის პირები, ძირითადად, თავიანთი შეხედულებისამებრ ავსებდნენ. თუ მთავრობა თავის დადგენილებას შეასრულებს და ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი რეალურად განხორციელდება, თანამდებობის პირებს დეკლარაციაში "თვითშემოქმედების" შესაძლებლობა, წესით, აღარ ექნებათ.

ქონებრივ დეკლარაციას საქართველოში 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს.

დანიშვნიდან ორი თვის ვადაში, თანამდებობის პირი ვალდებულია, წარადგინოს ინფორმაცია ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. დეკლარაცია ივსება ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ორი კვირის ვადაში.

დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ: პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საბჭოს წევრებს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და მის მოადგილეს, ბიზნესომბუდსმენსა და მის მოადგილეს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და სხვა თანამდებობის პირებს.

მონიტორინგის ცენტრმა "მედიატორმა" მმართველი გუნდის წარმომადგენელი პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. როგორც ირკვევა, "ქართული ოცნების" 115 დეპუტატს, პლუს სალომე ზურაბიშვილი, ჯამში მმართველ გუნდს 37 დეკლარირებული მილიონერი ჰყავს, რომელთა უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს.

რაც შეეხებათ მილიონერებს ოპოზიციიდან, კვლევიდან ირკვევა, რომ ოპოზიციონერ მილიონერებს შორის პირველ ადგილს ნატო ჩხეიძე იკავებს, რომლის დეკლარირებული ქონება 50 მლნ ლარს აჭარბებს. მილიონერებს შორის არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი - კობა ნაყოფია, აგრეთვე ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრები - სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე. წაიკითხეთ გაგრძელება

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: 41 avowed millionaires in Georgia’s parliament

myquiz