მოიპოვებს თუ არა "ევროპული საქართველო" ამომრჩევლის მხარდაჭერას | Allnews.Ge

მოიპოვებს თუ არა "ევროპული საქართველო" ამომრჩევლის მხარდაჭერას

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 59 წევრმა დატოვა და პარტია "ევროპული საქართველო" შექმნა. ასევე გაიყო პარლამენტის ფრაქციაც და ისინი პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებენ.

"ევროპული საქართველოს" წევრების თქმით, ისინი მზად არიან, ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნან, შესაბამისად, ახალი პარტიისთვის მხარდამჭერების რაოდენობის ზრდა არჩევნებამდე ძალიან მნიშვნელოვანია.

რა შანსები აქვს "ევროპულ საქართველოს" და მოიპოვებს თუ არა ის ამომრჩევლის მხარდაჭერას?

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას განმარტებით, ახალ პარტიას საკუთარი ამომრჩევლის პოვნა და იმის დამტკიცება მოუწევს, რომ რეალურად გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფია, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში გარკვეული წონა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, თუ ისინი პოლიტიკურ ტრანსფორმაციას შეძლებენ და მოსახლეობას, გარკვეულწილად საკუთარ წარსულს დაავიწყებენ.

"ყველაზე მთავარია ამომრჩეველი. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ისინი გარკვეული მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისგან მხარდაჭერის შენარჩუნებას, რადგან "ნაციონალურ მოძრაობას" აქამდე "რუსთავი 2"-ის მხარდაჭერა ჰქონდა, ახლა კი არ ვიცით, ორივე ჯგუფი ისარგებლებს მისი მხარდაჭერით თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა. ძალიან ბევრი საკითხია, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პროცესებზე," - აღნიშნავს ის.

კორნელი კაკაჩია ასევე დასძენს, რომ რთული გასაზომია, თუ რამდენი ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ ფაქტია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ ხმებში მიხეილ სააკაშვილს რეგიონებში მხარი საკმაოდ ბევრმა ამომრჩეველმა დაუჭირა.

"თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პარტია გაიყო, მომავალი არჩევნები, ალბათ უფრო გვიჩვენებს რეალურად, ვის ჰქონდა უფრო დიდი წონა ამ პოლიტიკურ პარტიაში," - განმარტავს პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ ნეიტრალური ამომრჩეველი, რომელიც ერთგულებას აქამდე არცერთი პარტიის მიმართ არ იჩენდა, მხარს, როგორც წესი, ახალ პარტიებს უჭერს, თუმცა აქ ვითარებას ის ართულებს, რომ ახალი პარტია ძველი სახეებითაა დაკომპლექტებული.

"ასეთ პარტიას მუდამ უჭირს თავისი ელექტორალური, მძლავრი ბაზის შექმნა.

საქართველოში ყველაფერი პერსონიფიცირებულია.

ჩვენ გვახასიათებს ბელადიზმი, შესაბამისად, ახლა "ევროპულ საქართველოში" ახალი ბელადი უნდა გამოჩნდეს, რომელიც ჩემი აზრით, უფრო გიგი უგულავა გახდება, მაგრამ უგულავას თბილისის მერობის დროს მაღალი რეიტინგი არასდროს არ ჰქონია," - განმარტავს ის.

პოლიტოლოგი ასევე "ევროპული საქართველოს" წინაშე არსებულ პრობლემებზეც საუბობს, - "რაც შეეხება რესურსს, გიგი უგულავამ და ახალმა პარტიამ მონტე კრისტოს გულუხვობით განაცხადა, რომ ყველაფერს "ნაციონალურ მოძრაობას" უტოვებს, შესაბამისდ, თვითონ ოფისის, აპარატურის, ინფრასტრუქტურისა და რაიონებში ორგანიზაციების დაფუძნების პრობლემა აქვს," - აღნიშნავს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ პარტიის საბოლოოდ დაშლამ აჩვენა, რომ დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ახალი ჯგუფის მხარეს იკავებენ და მიხეილ სააკაშვილს ზურგს აქცევენ, ასეთი ნაბიჯით კი ჯგუფის ქმედუნარიანობის შანსები, რეალურად იზრდება.

"ვერ ვიტყვი, რომ ეს შანსები იმაზე მეტია, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას 2016 წლის არჩევნების წინ ჰქონდა. 

ყოველი შემთხვევისთვის, იმაზე მეტია, ვიდრე "გირჩს" და გიორგი ვაშაძის პარტიას აქვს. სავარაუდოა, რომ ეს გუნდი უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებს, მაგრამ იმაზე მაღალს არა, ვიდრე "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქამდე აჩვენა. უფრო დაბალს აჩვენებენ, იმიტომ რომ მათ ქარიზმატული ლიდერი აკლია და ამომრჩველის მხარდაჭერას სააკაშვილის მიმართ ახალი გუნდის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად დაწევს" - განმარტავს ის.

აღსანიშნავია, რომ "ევროპულ საქართველოს" წევრებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, განცხადებები არ გაუკეთებიათ, თუმცა, ერთი რამ ცხადია, ისინი პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვებიან და ხელისუფლების სადავეების მოპოვებას შეეცდებიან.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz