გიგი უგულავა - მიხეილ სააკაშვილი არ არის ლიდერობის ღირსი | Allnews.Ge

გიგი უგულავა - მიხეილ სააკაშვილი არ არის ლიდერობის ღირსი

მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავამ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ლიდერობის ღირსი არ არის.

"არ მიყვარს მიკიბ-მოკიბული საუბარი, ეს ერთი კვირა რასაც ვაკვირდებოდი, ძალიან მძიმე სურათი დამხვდა და თუ რამე შანსი იყო, რომ პარტიის ერთიანობა შენარჩუნებულიყო, მე მაქსიმუმს დავდებდი და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ეს პარტია გადარჩენილიყო. ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს, ის იყო ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე, მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა. ნაწილი მათგანი დღეს ციხეში იმყოფება, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი. ეს პარტია შექმნა ბევრმა თავზეხელაღებულმა ადამიანმა, იმიტომ, რომ დღეს ებრძოლო ივანიშვილს, რომელსაც 5 მილიარდი აქვს და ყველა სახელმწიფო აპარატი უზის ჯიბეში, ნიშნავს იყო თავზე ხელაღებული.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა, მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა.

მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის მერმა ლელა ქებურია გაიხსენა და მიხეილ სააკაშვილი მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

"მას შემდეგ, რაც ლიდერი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ლელა ქებურიას, რომელიც 2013 წლის შემდეგ მოვიდა პარტიაში, იმ პერიოდში, როცა ივანიშვილის "ტიტუშკები" კვერცხებს და კარტოფილებს ისროდნენ, კორცხელში მუტრუკებს გადაეფარა, დაუწყებს "პრავების კაჩავს", არ არის ლიდერობის ღირსი. ეს ადამიანი აღარ ასხივებს ლიდერობას. მე ამას ვამბობ გულის ტკივილით, რადგან ეს არ არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ლიდერობას ასხივებდა, რომელიც ხალხს აძლევდა იმედს 2002 წელს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

myquiz