ქართული მხარე გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ "გაზპრომისგან" ფულადი ანაზღაურების მიღებას დათანხმდა | Allnews.Ge

ქართული მხარე გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ "გაზპრომისგან" ფულადი ანაზღაურების მიღებას დათანხმდა

ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით "გაზპრომ ექსპორტის" მოთხოვნას დათანხმდა.

"გაზპრომ ექსპორტის" საბოლოო წინადადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს.

"დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ "გაზპრომ ექსპორტის" საბოლოო წინადადება სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულებულია, თუმცა რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით "გაზპრომ ექსპორტისგან", არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ოპტიმალური წინადადების მიღება.

მთავრობამ იმსჯელა ამ წინადადებაზე და მიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება.

ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება.

იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება.

"ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება არსებული ვითარების გათვალისწინებით.

საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო პრინციპებსა და სამართლებრივ ნორმებს, რაც მისი, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ტრანზიტის საფასურს, კალაძე კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ "ფინანსური თვალსაზრისით ჩვენ ვიღებთ დაახლოებით იგივე შედეგს, რაც ნედლეულის მიღების შემთხვევაში"

"რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი ეს მოლაპარაკებები. რამდენიმე შეხვედრა იყო და ძალიან განსხვავებული პოზიციებიდან დაიწყო ჩვენი მოლაპარაკებები, თუმცა შეთანხმება, რომელიც შედგა, იყო საუკეთესო იმ წინადადებებისგან, რომელიც იყო მიღებული", - განმარტა კალაძემ.

კითხვაზე, რომ თუკი შარშანდელი მოლაპარაკებების დროს ქართული მხარის გამარჯვებად ჩაითვალა ტრანზიტის საფასურის ნედლეულით ანაზღაურების პრაქტიკის შენარჩუნება, ახლა რატომ მოხდა პოზიციის დათმობა, კალაძემ აღნიშნა: "პოზიციის დათმობას ვერ ვიტყვით. ჩვენ დღეს ხელშეკრულება არა გვაქვს, 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა. მათი მოთხოვნა იყო, რომ გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლებოდა ბუნებრივი აირის წამოღება არაკანონიერად, ანუ მოგვეპარა მილში გატარებული ბუნბრივი აირი. შემდეგ ამას მოჰყვებოდა სასამართლოში წასვლა და ეს გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა კალაძემ.

myquiz